აღმოსავლეთის გუნდმა, რომლის რიგებში საუკეთესო იყო "კლივლენდის" მცველი კაირი ირვინგი, შეწყვიტა დასავლეთის სამწლიანი ჰეგემონია. სიმბოლურიაის, რომ ექვსი წლის წინ, ნიუ ორლეანში ასევე იმართებოდა "ვარსკვლავური უქმეები" და მაშინაც "კლივლენდის" მოთამაშე გახდა "ოლ სტარის" MVP.
უნდა ითქვას, რომ ამ თამაშში არ ყოფილა განსაკუთრებული სილამაზის ჩატენვები ან ახალი ფანტასტიკური კომბინაციები. რა თქმა უნდა, ლამაზი და გამორჩეული მომენტები ვნახეთ, მაგრამ აქცენტი კეთდებოდა შეტევების ეფექტურობასა და დაცვის მაქსიმალურ
ამ ფაქტის ახსნა შეიძლება იმით, რომ აღმოსავლეთის გუნდს ფრენკ ფოგელი ხელმძღვანელობდა, რომელსაც საჩვენებელ მატჩშიც არ შეუძლია დაცვითი თამაშის გარეშე. საერთო ჯამში, გუნდურ დაცვაზე, ხისტ მეურვეობაზე, ფიზიკურ დაპირისპირებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ყველაზე მარტივი კომბინაციებიც კი მიზანს აღწევდა. გამონაკლისი მხოლოდ მატჩის ბოლო წუთები აღმოჩნდა.
დასავლეთმა ოდნავ ინერტულად დაიწყო, მაგრამ შემდეგ რითმი დაიჭირა. გრიფინმა და კომპანიამ ტემპი აკრიფა, რასაც მოჰყვა უამრავი ჩატენვა და ლამაზი კომბინაცია.
კალათბურთელები არც პერიმეტრიდან ტყორცნებს ივიწყებდნენ. ორივე გუნდმა 100 სამქულიანი ისროლა და 30 ჩააგდო (ერთიც და მეორეც "ყველა ვარსკვლავის მატჩის" რეკორდია). ამ მხრივ, თავი გამოიჩინა კარმელო ენტონიმ, რომელმაც 8 ზუსტი სამქულიანით ლებრონ ჯეიმსისა და მარკ პრაისის რეკორდი გადაფარა.
მეორე მეოთხედში აღმოსავლეთმა ვერ შეძლო მეტოქის ტემპის აყოლა - დასავლეთი დაუღალავად აგროვებდა დანკებსა და სამქულიანებს. მხოლოდ მესამე მეოთხედის ბოლოსკენ გადაწყვიტა ფოგელის გუნდმა თამაშისთვის ინტრიგის დაბრუნება და 18-ქულიანი ჩამორჩენა შეამცირა.
მეოთხე მეოთხედში მეტოქეები ქულა ქულაში მიდიოდნენ. ირვინგმა დასკვნით მონაკვეთში 15 ქულა დააგროვა, აღმოსავლთმა კი ბოლო ორ წუთში 10:0 გაქცევა მოაწყო და დაცვას სერიოზულად მოჰკიდა ხელი. დასავლეთმა ამას ვერ უპასუხა. დურანტსა და გრიფინს 4-4 ქულა არ ეყოთ ჩემბერლენის შედეგიანობის რეკორდამდე, რომელიც 1962 წელს არის დამყარებული, თუმცა გრიფინმა მაინც ჩაწერა თავსი გვარი "ოლ სტარის" ისტორიაში - მან თამაშიდან სარეკორდო 19 ტყორცნა მოათავსა კალათში. ორივე გუნდმა მატჩში 88 შედეგიანი პასი შეასრულა, რამაც განაპირობა კიდეც "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ისტორიაში ყველაზე შედეგიანი თამაში. დაემხო 1988 წლის რეკორდი.
მესამედ ისტორიაში უძვირფასესი მოთამაშის ტიტული მოიპოვა "კლივლენდის" კალათბურთელმა. ირვინგამდე ლებრონ ჯეიმსი იყო ორჯერ MVP. კაირი სტატისტიკის მიხედვით ძალიან სასარგებლო იყო. მან თამაშიდან 17-ჯერ ისროლა და 13 ბურთი ჩააგდო, 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 31 ქულა მოათავსა კალათში. მატჩი დასავლეთს რომ მოეგო, შესაძლოა, არჩევანი სხვაგვარი ყოფილიყო, რადგან ამ გუნდში MVP-ის ტიტულის ორი გამოკვეთილი ფავორიტი იყო.
დასავლეთი-აღმოსავლეთი 155:163
44:42, 45:34, 37:47, 29:40
დ: დურანტი (38+10 მოხსნა+6 პასი), გრიფინი (38+6 მოხსნა), ლავი (13+9 მოხსნა), კარი (12+11 პასი), პოლი (11+13 პასი), დევისი (10), ლილარდი (9), ჰოვარდი (8+11 მოხსნა).
ა: ირვინგი (31+5 მოხსნა+14 პასი), ენტონი (30+5 მოხსნა), ჯეიმსი (22+7 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ჯორჯი (18+5 მოხსნა+5 პასი), უოლი (12+5 მოხსნა), უეიდი (10), ნოა (8+5 მოხსნა+5 პასი).
კობის ნელი აღდგენა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი, რომელმაც ადრე არაერთხელ გამოხატა ამ სეზონში დაბრუნების სურვილი, კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე უკვე აღარ ჩანდა ძველებურად დამაჯერებელი ამ საკითხზე საუბრის დროს.
"აღდგენა ნელი ტემპით მიმდინარეობს. ახლა, უბრალოდ იმაზე ვფიქრობ, უფრო უკეთ ვიგრძნო თავი და დაველოდო მოვლენათა განვითარებას. ვცდილობ საკუთარ ვალდებულებებზე ვიყო კონცენტრირებული და არ ვწუხდე იმის გამო, რაც გარშემო ხდება", - ამბობს ბრაიანტი.
გარდა ამისა, კობი ბრაიანტმა მიბაძა ლებრონ ჯეიმსსა და კევინ დურანტს და ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების საკუთარი ვერსია გაგვანდო.
"ჩემი არჩევანი ოთხ კალათბურთელზე შეჩერდა: მეჯიქ ჯონსონი, ლარი ბერდი, მაიკლ ჯორდანი და ბილ რასელი. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ოთხის არჩევა - სიგიჟეა. ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება", - განაცხადა "ლეიკერსის" ლიდერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"