NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამეფო ოჯახი - კარგი მოტივატორი

AutoSharing Option
სერიოზული ტემპი აკრიფა "ატლანტამ". ამ გუნდმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და ბოლო ცხრა შეხვედრაში მერვედ გაიმარჯვა. ამჯერად, "ჰოქსის" მსხვერპლი გახდა "ინდიანა", რომელიც კვლავაც საკუთარი თამაშის ძიებაშია. "პეისერსმა" ზედიზედ მეხუთე შეხვედრა დათმო. უკვე პირველ მეოთხედში სტუმრებმა ინიციატივა მოიპოვეს და მატჩის ბოლომდე ლიდერობდნენ. მესამე მეოთხედში სხვაობამ 21 ქულას მიაღწია და "ინდიანას" თითქმის არ ჰქონია თამაშის გადარჩენის შანსი.

ინდიანა-ატლანტა 92:108
18:28, 25:32, 21:25, 28:23
ი: სტაკი (15), მაილზი (15), სკოლა (12+9 მოხსნა).
ა: ჰორფორდი (25+8 მოხსნა+3 დაფარება), ტიგი (21+7 პასი+3 ჩაჭრა), კორვერი (13), კეროლი
(12+7 მოხსნა).

* * *
წინა დღეს "ბოსტონმა" და "ვაშინგტონმა" "სელტიქსის" მოედანზე ითამაშეს და გამარჯვებას "მწვანეებმა" მიაღწიეს. ბუნებრივია, დედაქალაქელებს საკუთარ მოედანზე რევანში ჰქონდათ დაგეგმილი და მესამე მეოთხედის შუაში მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი ჩანდა - "უიზარდსი" 23 ქულით იგებდა და დომინირებდა მოედანზე, მაგრამ "ბოსტონის" გადარჩენა შეძლო ორმა რეზერვისტმა - ევან ტერნერმა და მარკუს სმარტმა. ამ დუეტმა ბასის დახმარებით ბოლო 12 წუთში 16-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა.

მეოთხე მეოთხედში ძირითადის მოთამაშეები მოედანზე არ გამოჩენილან, "ვაშინგტონმა" კი ამ მონაკვეთში რვა შეცდომა დაუშვა. ძირითადი დროის დასრულებამდე 0.6 წამით ადრე ტერნერის სამქულიანმა მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ სტუმრებს მეტი დამაჯერებლობა მოუტანა და პირველ დამატებით დროში შვიდი ქულით გავიდნენ წინ, მაგრამ "ბოსტონმა" ვერაფერი მოუხერხა სამწამიანში გორტატის აქტიურობას, პოლ პირსის სამქულიანის შემდეგ კი მეორე ოვერტაიმის თამაში გახდა საჭირო. სხვათა შორის, პირსმა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში რეჯი მილერს გაუსწრო და 23 400 ქულით მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.

მეორე ოვერტაიმში "ბოსტონმა" კვლავ კარგად დაიწყო და ისევ შვიდი ქულით გავიდა წინ, მაგრამ "ვაშინგტონი" არც ამჯერად დანებდა. ლიდერის როლი ჯონ უოლმა იკისრა, რომელმაც 10 ქულა დააგროვა, მათ შორის ორი - შესანიშნავი გარღვევით, რასაც ვაშინგტონელზე ჯარიმაც დაემატა. "უიზარდსმა" შეწყვიტა "ბოსტონის" სამმატჩიანი მოგებათა სერია.

ვაშინგტონი-ბოსტონი 133:132 (2ო)
30:29, 28:16, 34:31, 18:34, 11:11, 12:11
ვ: პირსი (28+7 მოხსნა), უოლი (26+7 მოხსნა+17 პასი+3 ჩაჭრა), გორტატი (21+12 მოხსნა), ჰემფრიზი (17+9 მოხსნა), ბილი (14), სერაფინი (11).
ბ: გრინი (28), სმარტი (23+5 პასი), ოლინიკი (19+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბასი (19+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტერნერი (18+6 მოხსნა+8 პასი), ზელერი (10+5 მოხსნა).

* * *
"ბრუკლინს" ჯო ჯონსონისა და ბრუკ ლოპესის გარეშე თითქოს შანსი არ ჰქონდა "კლივლენდის" წინააღმდეგ, მაგრამ ორმეოთხედნახევარი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო - 61:61. და სწორედ ამ მომენტში, "ბარკლაი ცენტრის" ტრიბუნებზე ბრიტანეთის პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეითი გამოჩნდნენ. მათ პირველ რიგში დაიკავეს ადგილი.

როგორც ჩანს, "კლივლენდმა" ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებისთვის თავის მოწონება გადაწყვიტა და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო "ნეტსის" განადგურება. მატჩის დარჩენილი ნაწილი "კავალიერზმა" 49:27 მოიგო და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება გაიფორმა.

ბრუკლინი-კლივლენდი 88:110
25:22, 24:28, 18:35, 21:25
ბ: გარნეტი (14+7 მოხსნა), უილიამსი (13+11 პასი), ჯორდანი (12), ტელეტოვიჩი (11), კარასიოვი (11).
კ: უეიტერსი (26), ლავი (19+14 მოხსნა), ჯეიმსი (18+7 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (14+12 მოხსნა), ჯონსი (12), ვარეჟაო (7+14 მოხსნა).

* * *
"დენვერმა" ტორონტოში ბოლო ათი ვიზიტისას შვიდი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ აღმოსავლეთის ლიდერმა ამჯერად შეძლო "ნაგეტსის" შეჩერება. კანადელებმა 16-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს და წაგების პირას აღმოჩნდნენ - ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ხუთ ქულას აგებდნენ, მაგრამ შეძლეს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა.

დამატებითი ხუთი წუთი ჩენდლერის სამქულიანით დაიწყო, მაგრამ შემდეგ "დენვერმა" 10 უპასუხო ქულა მიიღო საკუთარ ფარში. "ნაგეტსმა" ოვერტაიმში ათიდან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო და ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.

ტორონტო-დენვერი 112:107 (ო)
35:30, 27:22, 20:29, 20:21, 10:5
ტ: უილიამსი (26), პატერსონი (19+8 მოხსნა), ვალანჩუნასი (18+12 მოხსნა+4 დაფარება), როსი (16), ლაური (13+13 პასი).
დ: აფლალო (25+6 მოხსნა), ლოუსონი (22+6 მოხსნა+12 პასი), ჩენდლერი (18+6 მოხსნა+3 პასი), მოზგოვი (15+12 მოხსნა), არტური (12+13 მოხსნა), ჰიქსონი (10).

* * *
"გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან "მინესოტა" კვლავაც წამყვანი მოთამაშეების გარეშეა დარჩენილი. აღვნიშნავთ, რომ სტივ კერი გახდა მეორე მწვრთნელი NBA-ს ისტორიაში, ვინც სადებიუტო სეზონის პირველ 20 მატჩში 18 მოიგო.

მინესოტა-გ. სტეიტი 86:102
20:25, 19:23, 24:31, 23:23
მ: უიგინსი (21+6 მოხსნა), მუჰამედი (14), ტ. იანგი (13+7 მოხსნა), ბრიუერი (10+5 ჩაჭრა), დიენგი (6+11 მოხსნა).
გ-ს: კარი (21+7 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (21), სპეიტსი (12+7 მოხსნა), ლივინგსტონი (12+6 პასი+4 ჩაჭრა), გრინი (10+10 მოხსნა+3 ჩაჭრა).

საკრამენტო-იუტა 101:92
23:31, 32:18, 13:19, 33:24
ს: გეი (29+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), კოლისონი (16+6 პასი), სტაუსკასი (15+8 მოხსნა), ტომპსონი (10+9 მოხსნა), რ. ევანსი (6+13 მოხსნა).
ი: ჰეივორდი (19+7 პასი+4 ჩაჭრა), ბერკსი (16), კანტერი (13+6 მოხსნა), ბერკი (13+5 პასი), გობერი (12+9 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული