NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ატლანტა" დევისმა გააჩერა

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, პირველად NBA-ს ისტორიაში, ერთმა გუნდმა კალენდარული თვის (იანვარი) განმავლობაში 17 მატჩი მოიგო ისე, რომ არც ერთხელ არ დამარცხდა.

სულ კი გუშინდელ დღემდე "ატლანტას" 19-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. მაგრამ დაიწყო თებერვალი და დასრულდა "ჰოქსის" ისტორიაში ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია. ამის მიზეზი გახდა ამ სეზონში MVP-ის პრიზის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ენტონი დევისი (29 ქულა და 13 მოხსნა) და მისი "ნიუ ორლეანი".

სხვათა შორის, გუშინდელი წაგება მხოლოდ მესამე იყო "ატლანტასთვის" ბოლო 36 მატჩში - მართლაც შთამბეჭდავი მიღწევაა. "ჰოქსი" ძალიან დამაჯერებლად
ლიდერობს აღმოსავლეთ კონფერენციას - უახლოეს მდევარ "ტორონტოს" ერთბაშად შვიდი მოგებით უსწრებს. გუშინ კანადურმა კლუბმა ხელიდან გაუშვა "ატლანტასთან" მიახლოების შანსი, რადგან შინ დამარცხდა კვლავაც ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე "მილუოკისთან".

* * *
ასე რომ, ამ მომენტისთვის ლიგაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია "კლივლენდს" აქვს. "კავალიერზმა" ზედიზედ მე-11 მოგება კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, "ფილადელფიასთან" მატჩში გაიფორმა.

ლებრონ ჯეიმსს მიაჩნია, რომ მიჯრით 11 მოგება - სერიოზული და საამაყო მიღწევა არ არის. "ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია და არც არაფერი მოგვიგია. როცა ამას გავაკეთებთ, მაშინ შეგვეძლება ვიამაყოთ, მაგრამ არა ახლა. ჩვენი საბოლოო მიზანი - საჩემპიონო ტიტულია, მაგრამ ჯერჯერობით ერთად არც ერთი წუთი არ გვითამაშია პლეი ოფში", - თქვა "მეფემ", რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა (18 ქულა+11 პასი), ყველაზე შედეგიანი კი გამთამაშებელი კაირი ირვინგი იყო 24 ქულით.

"კლივლენდის" ამჟამინდელი სერია ყველაზე გრძელია ლებრონის დაბრუნების შემდეგ. 2009-10 წლების სეზონში, სუპერვარსკვლავის "მაიამიში" გადაბარგებამდე, "კლივლენდმა" ზედიზედ 13 მატჩი მოიგო, რაც დღემდე საკლუბო რეკორდია.

* * *
დღის სხვა მოვლენებიდან უნდა აღვნიშნოთ "ოკლაჰომას" გამთამაშებლის, რასელ უესტბრუკის სამმაგი დუბლი (მეორე სეზონში და მეცხრე კარიერაში), რისი წყალობითაც "თანდერმა" კევინ დურანტის არყოფნაში შინ დაამარცხა "ორლანდო".

"მინესოტას" კი სამთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა რიკი რუბიო, თუმცა ესპანელის 10 ქულა არ აღმოჩნდა საკმარისი "დალასის" დასამარცხებლად.

შთამბეჭდავი გამოდევნება ვიხილეთ ფინიქსში. "მემფისი" ძირითადი დროის დასრულებამდე 1.35 წუთით ადრე შვიდ ქულას აგებდა "სანზთან", მაგრამ შეძლო წინ გასვლა ჯეფ გრინის სამქულიანი შეტევისა და მარკ გასოლის დაფარების წყალობით. სხვათა შორის, ეს "გრიზლისის" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იყო "ფინიქსზე".

უფრო რთულად ჰქონდა საქმე მატჩის ბოლოს "ბრუკლინს", რომელიც იმავე 1.35 წუთით ადრე ცხრა ქულით ჩამორჩებოდა "კლიპერსს", მაგრამ მაინც შეძლო შინ შვიდმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა. დარჩენილ 95 წამში "ნეტსმა" ოთხი სამქულიანი ჩააგდო, აქედან ორი ალან ანდერსონზე მოდიოდა. გადამწყვეტი კი აღმოჩნდა ჯარეტ ჯეკის ტყორცნა სირენამდე 1.3 წამით ადრე.

ვაშინგტონი-შარლოტი 88:92
24:28, 27:25, 15:17, 22:22
ვ: ბილი (18+11 მოხსნა), უოლი (16+10 პასი), ჰემფრიზი (13), პირსი (11).
შ: ჯეფერსონი (18+12 მოხსნა), ბ. რობერტსი (18), ჰენდერსონი (17), კიდ-გილკრისტი (13+13 მოხსნა), გ. ნილი (12).

კლივლენდი-ფილადელფია 97:84
24:15, 23:20, 22:30, 28:19
კ: ირვინგი (24), ჯეიმსი (18+11 პასი), სმიტი (12), დელავედოვა (12), მოზგოვი (10+8 მოხსნა+5 დაფარება).
ფ: გრანტი (18+7 მოხსნა), კოვინგტონი (18+7 ჩაჭრა), მბა ა მუტე (13).

ტორონტო-მილუოკი 75:82
14:23, 27:24, 19:26, 15:9
ტ: დეროზანი (16), უილიამსი (12), ვალანჩუნასი (12+13 მოხსნა), როსი (10).
მ: მიდლტონი (25+9 მოხსნა), დადლი (14), ანტეტოკუნმპო (12+12 მოხსნა), ჰენსონი (12).

ბრუკლინი-კლიპერსი 102:100
22:22, 16:14, 32:36, 32:28
ბ: ლოპესი (24+7 მოხსნა), ჯონსონი (22), უილიამსი (15), ბოგდანოვიჩი (11).
კ: ჯორდანი (22+20 მოხსნა), პოლი (20+8 მოხსნა+8 პასი), კროუფორდი (18), გრიფინი (13+7 პასი), ბარნსი (12).

ნიუ ორლეანი-ატლანტა 115:100
32:22, 23:20, 33:32, 27:26
ნ-ო: დევისი (29+13 მოხსნა), გორდონი (20+7 პასი), ევანსი (15+12 პასი), ანდერსონი (15).
ა: ტიგი (21+7 პასი), პილსეპი (15), კორვერი (12), შრედერი (10).

ოკლაჰომა-ორლანდო 104:97
29:22, 32:28, 21:17, 22:30
ოკლ: უესტბრუკი (25+14 პასი+11 მოხსნა), უეიტერსი (24), იბაკა (16+8 მოხსნა), მოროუ (15), ადამსი (12).
ორლ: ოლადიპო (22+7 მოხსნა), ვუჩევიჩი (20), ჰარისი (18), გრინი (13), ო'ქუინი (11+8 მოხსნა).

დალასი-მინესოტა 100:94
30:20, 24:27, 27:26, 19:21
დ: ელისი (23), პარსონსი (18), ნოვიცკი (16+7 მოხსნა), ბარეა (10+8 პასი).
მ: მარტინი (19), იანგი (15+9 მოხსნა), უილიამსი (15), უიგინსი (14), რუბიო (10).

ფინიქსი-მემფისი 101:102
23:25, 21:24, 28:28, 29:25
ფ: ტომასი (24), ბლედსოუ (21+8 პასი), დრაგიჩი (15), მარკიფ მორისი (14), რაიტი (11).
მ: კონლი (23), რენდოლფი (19+9 მოხსნა), მ. გასოლი (15+8 პასი), გრინი (12+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული