NBA. პლეი ოფი: "მეომრებმა" მეორეც მოიგეს

AutoSharing Option
პლეი ოფის გათამაშება, ჯერჯერობით, სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. სხვებთან ერთად ამტკიცებს ფავორიტის სტატუსს რეგულარულის ჩემპიონი "გოლდენ სტეიტი", რომელმაც მეორე მატჩიც მოუგო საკუთარ მოედანზე "ნიუ ორლეანს" და წაიყვანა ანგარიში სერიაში - 2:0.

"მეომრებმა" აშკარად ჩააგდეს პირველი მეოთხედი. ენტონი დევისმა და ერიკ გორდონმა სასტარტო 12-წუთეულში "პელიკანებს" 13-ქულიანი უპირატესობა მოუტანეს. თუმცა გასაგები იყო, რომ სტუმრად "გოლდენ სტეიტთან" ასეთი ჰანდიკაპი არაფრის გარანტიას არ იძლეოდა. საწყის მეოთხედში მასპინძლებმა აშკარად ჩააგდეს შეტევაში თამაში. ბოლო ხუთ წუთში თამაშიდან ბურთის ჩაგდება მხოლოდ ლეანდრო ბარბოზამ მოახერხა და მანვე დაიწყო ქამბექი
მეორე მეოთხედის სტარტზე.

თავდაპირველად ბრაზილიელმა და მორის სპეიტსმა რვა ქულამდე შეამცირეს სხვაობა, შემდეგ კი ბრძოლაში შევიდნენ დასვენებული სტივენ კარი, კლეი ტომპსონი და დრეიმონდ გრინი. სწორედ აქ დავინახეთ ნაცნობი "უორიორზი", რომელიც ანადგურებს მეტოქეს შორეული ტყორცნებით და ბურთის კარგი გათამაშებით. თუ პირველ მეოთხედში გუნდმა 17-დან 13 ქულა სწრაფი შეტევებით მოიპოვა, მეორეში კარიმ და ტომპსონმა სამ-სამი სამქულიანი გამოიყენეს, სულ კი "გოლდენ სტეიტის" მოთამაშეებმა ცხრა შედეგიანი პასით გამოიჩინეს თავი.

"ნიუ ორლეანმა" მხოლოდ მესამე მეოთხედში შეაჩერა მეტოქე. "უორიორზის" შორეული არტილერია აშკარად მოიშალა - 12 წუთის განმავლობაში მასპინძელთა სნაიპერებმა რვიდან რვა სამქულიანი ააცილეს, ერიკ გორდონმა კი ომერ აშიქისა და დევისის დახმარებით ანგარიში გაათანაბრა. მესამე მეოთხელში კერის გუნდმა თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 29 პროცენტი გამოიყენა.

მატჩის ბოლო ნაწილში კი "ნიუ ორლეანი" სიზუსტემ დააღალატა, "გოლდენ სტეიტის" რიგებში კი სტეფ კარის კრიზისის ფონზე გაიბრწყინა ტომპსონმა - მან რვიდან ექვსი ბურთი ჩააგდო და 14 ქულა მიითვალა. მცველი დაუფიქრებლად ისროდა, თითქოს ვარჯიშზე იყო. მასპინძლები მიხვდნენ, რომ კლეის თამაში წაუვიდა და ბურთს მხოლოდ მას აწვდიდნენ. საინტერესოა, რომ ტომპსონი მაშინ აფეთქდა, როცა დევისმა და გორდონმა კიდევ ერთხელ გააბათილეს მასპინძლების 8-ქულიანი უპირატესობა.

თუმცა "უორიორზის" გამარჯვება მხოლოდ ტომპსონის დამსახურება არ ყოფილა. მასპინძლებმა კარგი დაცვა დააყენეს და მეტოქეს ბოლო ექვსნახევარ წუთში მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდებინეს თამაშიდან. საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე საშინელი მონაკვეთი ჰქონდა ერიკ გორდონს, რომელმაც ჯერ იოლი სამქულიანი ააცილა, შემდეგ ტომპსონზე დაჯარიმდა და მას "ენდ-უანის" რეალიზების საშუალება მისცა, ბოლოს კი არაზუსტი პასი გააკეთა.

გარდა ამისა, მეოთხე მეოთხედში ხუთივე ტყორცნა ააცილა დევისმა, რაც ენდრიუ ბოგუტისა და გრინის დამსახურებაა, რომლებმაც ფარქვეშ იყოჩაღეს.

გ. სტეიტი-ნიუ ორლეანი 97:87
17:28, 38:24, 16:19, 26:16
გ-ს: ტომპსონი (26), კარი (22+6 პასი), გრინი (14+12 მოხსნა+5 პასი), ბარბოზა (12), ბოგუტი (5+14 მოხსნა+3 დაფარება).
ნ-ო: დევისი (26+10 მოხსნა), გორდონი (23), ევანსი (16+10 მოხსნა+7 პასი), კოული (11), აშიქი (2+13 მოხსნა).
სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული