- ხუთი წლის წინ დაახლოებით მაინც წარმოიდგენდით, რა მოხდებოდა თქვენს ცხოვრებაში?
- არავითარ შემთხვევაში. ხუთი წლის წინ კალათბურთისთვის თავის დანებებას ვფიქრობდი.
- ეს სკოლის პერიოდში ხდებოდა?
- დიახ და შემდეგ რაც მოხდა, ეს ნამდვილი სასწაული იყო. ერთი ზაფხულის განმავლობაში 18 სანტიმეტრით გავიზარდე და ამან ყველაფერი შეცვალა ჩემი
სულ რაღაც სამი წლის წინ ვერც კი დავიჯერებდი, რომ ორჯერ მიმიწვევდნენ "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" და მოვიგებდი ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლებს. ვერც გავბებავდი ამაზე ფიქრს... მხოლოდ 22 წლის ვარ და უკვე ამდენი გავაკეთე... ამავდროულად, ეს ცოტაა.
- არ გაშინებთ მოვლენების ასეთი სწრაფი განვითარება?
- სიმართლე გითხრათ, მეშინია. ეს იმას ჰგავს, როცა ბავშვი უცებ განახორციელებს თავის ყველაზე თამამ ფანტაზიას და შემდეგ იწყებს ფიქრს: "ახლა როგორ გავაკეთო უფრო მეტი?" ამის მეშინოდა ყველაზე მეტად. საკუთარ მწვრთნელს ვეკითხები: "მხოლოდ მესამე წელია NBA-ში ვარ და მეტოქეები უკვე ორმაგ მეურვეობას მიწესებენ. რა გავაკეთო? როგორ გავაგრძელო ქულების დაგროვება და დავრჩე ეფექტური?" მაგრამ მე ისევ ვაგროვებ ქულებს, შესაბამისად, ვახერხებ უფრო მეტის მიღწევას. და ეს საკითხი ისევ მაწუხებს.
როგორ დავრჩე უმაღლეს დონეზე, როცა მეტოქეები სულ უფრო და უფრო მეტი მონდომებით ცდილობენ ჩემ შეჩერებას? ეს არის ყველაზე რთული. ვცდილობ, გავიგო - როგორ ახერხებდნენ დიადი კალათბურთელები დომინირებას იმ დროს, როცა მათ წინააღმდეგ ორი ან სამი მოთამაშე მოქმედებდა. სწორედ ამის გაგებას ვცდილობ ახლა.
- თქვენზე ამბობენ, რომ რაც მეტს აღწევთ, მით უფრო მაღალ მიზნებს ისახავთ...
- მართალია.
- თავდაპირველად დრაფტის პირველი ნომერი 2008 წელს დერიკ როუზი იყო, 2012 წელს თქვენ, კიდევ ორი წლის შემდეგ ჯაბარი პარკერი, ახლა პირველი ნომერი, სავარაუდოდ, ჯამილ ოკაფორი გახდება. გამოდის, რომ შვიდი წლის განმავლობაში ილინოისმა NBA-ს სკოლებისა და უნივერსიტეტების ოთხი საუკეთესო მოთამაშე მისცა. ადრე ამერიკული სპორტის ისტორიაში მსგავსი არაფერი მომხდარა. საიდან გაჩნდნენ ასე მოკლე დროში ჩიკაგოში ასეთი ნიჭიერი ბიჭები?
- ჩიკაგოელი კალათბურთელების ფსიქოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება დანარჩენებისგან. ეს იმით არის განპირობებული - სად და როგორ ვიზრდებოდით. ჩვენთვის თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველ ჯერზე მოედანზე გასვლისას, დომინირებას ვცდილობდით. ამიტომაც დერიკის, ჯამილის, ჯაბარისა და ჩემი ტიპის მოთამაშეებს განსაკუთრებული განწყობა აქვთ.
ამერიკის ყველაზე საკალათბურთო ქალაქებს შორის ჩიკაგოს ყოველთვის ექნება ერთ-ერთი წამყვანი ადგილი. ეს ჯერ კიდევ ბენჯი უისონისა და ტიმ ჰარდუეის დროიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
- მაგრამ დღეს ლაპარაკია ზედიზედ რამდენიმე საუკეთესო კალათბურთელზე ერთი ქალაქიდან...
- ეს, უბრალოდ, დაუჯერებელია, მაგრამ თამაშს ვერ მოატყუებ. ნიჭი მოედანზე ჩნდება. გაიხსენეთ, როგორი იყო "დიუკში" ჯაბარი, როგორია დღეს ჯალილი. ჩვენ ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ვთამაშობთ. ჩვენი ფსიქოლოგია ეფუძნება იმას, სად დავიბადეთ და როგორ ვცხოვრობდით. ჩვენი მიზანი იყო NBA-ში მოხვედრა და იქ ავტორიტეტის მოპოვება. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩვენთვის ეს იყო ერთადერთი გზა ფსკერიდან ამოსასვლელად. მხოლოდ ასე თუ შევძლებდით ამ ფსკერიდან ჩვენი ოჯახების ამოყვანას და მათთვის საუკეთესო ცხოვრების მოწყობას.
- ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კალათბურთი?
- დიახ, ასეა და საქმე იმაში არ არის, რა დონის წარმატებას ვაღწევთ. ყველამ ვერ შეძლო ასეთ მწვერვალებამდე ასვლა, მაგრამ მაინც ჩიკაგოური ხასიათით თამაშობენ, რაც ბავშვობიდან მოჰყვებათ.
- წელს "ნიუ ორლეანი" პლეი ოფის ზონის ზღვარზე ბალანსირებდა. ეს იმ დროს, როცა წლევანდელი სეზონის შედეგების მიხედვით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვეზე გაცილებით მაღალ ადგილს დაიკავებდით. დღეს სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები პლეი ოფის ფორმატის შეცვლაზე, რომლის მიხედვითაც, შემდეგ ეტაპზე გადავა 16 საუკეთესო გუნდი, კონფერენციების მიუხედავად. რას ფიქრობთ ამ იდეაზე?
- სიმართლე გითხრათ, მომწონს დღევანდელი სისტემა. მესმის სავარაუდო ნოვაციების უპირატესობა, მაგრამ ის ვერ შეცვლის კონფერენციებში ძალთა თანაფარდობას და დასავლეთ კონფერენციაში მაინც ყველა მატჩში იქნება საჭირო ბოლომდე ბრძოლა. პლეი ოფის ფორმატის შეცვლა ამაზე არ იმოქმედებს.
წლევანდელ სეზონში ჩვენი ბრძოლა "ოკლაჰომა-სიტისთან" გულშემატკივრებს დამატებით ინტრიგას ჩუქნიდა. თუ რასელ უესტბრუკი და კომპანია აგებდა, ეს შანსი ხდებოდა ჩვენთვის და თუ იგებდა, ჩემს გუნდს შეცდომის უფლება აღარ ჰქონდა. ხალხს მოსწონს ასეთი დაძაბული დაპირისპირებები. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ახალი სისტემა გამორიცხავს პლეი ოფში ისეთი გუნდების გამოჩენას, რომლებსაც სწორედ ამ ეტაპზე შეუძლიათ სიურპრიზის შემოთავაზება. არადა, საინტერესო სანახავია, როგორ ებრძვის კონფერენციის მერვე ადგილზე გაჭირვებით გასული გუნდი პირველ რაუნდში ფავორიტს. ამიტომაც მგონია, რომ არაფრის შეცვლა არ არის საჭირო.
- და მაინც, ნუთუ ვერ ამჩნევთ არსებულ სისტემაში უსამართლობის მომენტს?
- ასეთს ვერაფერს ვხედავ. შეუძლებელია, გარეშე ფაქტორებით შეცვალო თითოეული გუნდის რეალური ძალა. ეს მხოლოდ გენერალურ მენეჯერებს, მფლობელებსა და მწვრთნელებს შეუძლიათ. თუ ჩვენ დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზე გავალთ ისეთი შედეგით, როგორიც აღმოსავლეთის პირველ გუნდს ჰქონდა, ამ შემთხვევაშიც მივიღებთ ამ გამოწვევას და ვიბრძოლებთ. დაე, ყოველი მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იყოს. მაშინ დავინახავთ, რა შეუძლია გუნდს გამარჯვების მისაღწევად.
მომწონს რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა, როცა ყველაფერი ერთ მოგებაზე ან წაგებაზეა დამოკიდებული. მიყვარს ნერვების ბრძოლა. ის პროგრესის საშუალებას გაძლევს და მოთამაშეებისგან მაქსიმალურ თავდადებასა და დახარჯვას მოითხოვს.
- კარიერის დასრულების შემდეგ რა ადგილის დაკავებას ისურვებდით NBA-ს ისტორიაში? ოდესმე გიფიქრიათ ამაზე?
- რა თქმა უნდა. ამაზე ვოცნებობ მას შემდეგ, რაც თამაში დავიწყე. მშობლებს ვეუბნებოდი: "მინდა, რომ ხალხში კალათბურთი ენტონი დევისის სახელთან იყოს ასოცირებული". როცა ვინმეს ეკითხებიან ყველა დროის ხუთი საუკეთესო კალათბურთელის შესახებ, ყველა აუცილებლად მაიკლ ჯორდანს ასახელებს, რადგან ნებისმიერს მიაჩნია ის ერთ-ერთ უდიადეს მოთამაშედ. ჩემი სურვილია, რომ ნებისმიერმა გულშემატკივარმა უყოყმანოდ დამასახელოს NBA-ს ყველა დროის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის. ეს არის ჩემი მიზანი. შესაძლოა, ამას ვერ მივაღწიო, მაგრამ მიზანი დასახულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"