NBA: დერონ უილიამსის კონტრაქტს გამოისყიდიან

AutoSharing Option
"დენვერ ნაგეტსის" ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას განაგრძობს. ამ მომენტისთვის ვაკანტურ ადგილზე შემდეგი კანდიდატები განიხილებიან: ელვინ ჯენტრი, მაიკ დ'ენტონი და სკოტ ბრუქსი.

- "ბრუკლინის" ხელმძღვანელობა მომავალი სეზონის წინ გამთამაშებელ დერონ უილიამსის კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს.

"ნეტსში" არ აკმაყოფილებთ იმ თამაშის დონე, რომელიც უილიამსმა წლევანდელ სეზონში აჩვენა. 30 წლის პლეიმეიკერს კიდევ ორი წელი დარჩა კონტრაქტის მიხედვით "ბრუკლინში". 2015-16 წლების სეზონში ის 21 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, 2016-17 წლების სეზონში - 22.3 მილიონს.

კლუბს სურს დერონის კონტრაქტის გამოსყიდვა, რის შემდეგაც კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.
დასრულებულ რეგულარულ ჩემპიონატში მცველმა 68 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 13.0 ქულა, 6.6 შედეგიანი პასი და 3.5 მოხსნა დააგროვა.

- "მაიამის" სლოვენიელმა გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კარიერის გაგრძელება სწორედ ფლორიდულ კლუბში სურს. "ჩემთვის მთავარია, რომ შესანიშნავ ადგილას ვიმყოფები, სადაც ყველაფერი მაწყობს. მომავალი რამდენიმე სეზონის გატარება "მაიამიში" მინდა. გუნდში კალათბურთელების შესანიშნავი ჯგუფი და კარგი სამწვრთნელო შტაბია", - განაცხადა დრაგიჩმა.

- "სან ანტონიო სპურსი" განიხილავს ბრაზილიელი ცენტრის, ტიაგო სპლიტერის გაცვლის ვარიანტს. გუნდს განზრახული აქვს ზაფხულში რომელიმე მაღალი დონის თავისუფალი აგენტის დამატება, ხოლო ბრაზილიელის მსხვილმა კონტრაქტმა, შესაძლოა, ამ მიზნის განხორციელებაში ხელი შეუშალოს. 30 წლის სპლიტერს კონტრაქტით კიდევ ორი წელი აქვს სათამაშო "სან ანტონიოში". ამ დროის განმავლობაში ცენტრი 16.75 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

- ამერიკული პრესა "ინდიანა პეისერსის" ფორვარდის, პოლ ჯორჯის კეთილშობილური საქციელის შესახებ წერს. კალათბურთელმა 10 ათასი დოლარი გადაურიცხა 11 წლის დეიზი ესტერლაინს, რომელიც მძიმე სენით არის ავად. გოგონას ოჯახი ფულს აგროვებდა სპეციალური ფურგონისთვის, რომელიც სავარძლის გადასატანადაა განსაზღვრული. ფულის გადარიცხვის შემდეგ ოჯახმა მაშინვე შეიძინა ავტომობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამოისყიდებენ რა ქართულია, გრამატიკა საერთოდ აღარ ისწავლება?
selmerm6
06:30 07-05-2015
0
"გამოისყიდებენ"-უწიგნურნო, მთლად გარეკეთ?...სადაური ქართულით წერთ?
murtalo
03:26 07-05-2015
0

სიახლეები პოპულარული