პირველი პრობლემები "ხარებს" მეორე მეოთხედში შეექმნათ, როცა შვიდი წუთის განმავლობაში ტიბოდოს შეგირდებმა ვერც ერთი ქულა ვერ აიღეს. შედეგიანობით ვერც კლივლენდელები ბრწყინავდნენ, მაგრამ რეგულარულად დგებოდნენ საჯარიმოს ხაზზე და ასე აგროვებდნენ ქულებს. სწორედ ჯარიმებით ეხმარებოდა თავის გუნდს ერთ-ერთი ლიდერი კაირი ირვინგი.
ამიტომაც გამთამაშებლის ფუნქციებს მხოლოდ ლებრონ ჯეიმსი ასრულებდა, კაირი კი ფარქვეშ შესვლებით შემოიფარგლებოდა (2/10 თამაშიდან, მაგრამ საჯარიმოებიდან 8/8).
დიდი შესვენების შემდეგ როლები შეიცვალა. ახლა უკვე სტუმრებს ჰქონდათ უქულო შვიდი წუთი, "ბულზმა" კი გაქცევა მოაწყო. მეორე მეოთხედში "კლივლენდის" 16:0 სპურტს "ხარებმა" მესამეში 13:0-ით უპასუხეს და მატჩში ყველაზე დიდი სხვაობით გავიდნენ წინ - 11ქულა.
სტუმრების ქამბექის სულისჩამდგმელი გახდა რეზერვისტი ჯეი არ სმიტი. მეოთხე მეოთხედის სტარტზე მან ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო (პირველ 36 წუთში "კლივლენდმა" 19-დან მხოლოდ ორი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში) და არა მარტო შეამცირა სხვაობა, არამედ "კავალიერზის" საპასუხო სპურტი დაიწყო. დევიდ ბლატის შეგირდებმა დაცვა გააძლიერეს და მასპინძლებმა შეცდომების დაშვება დაიწყეს. თუ პირველ სამ მეოთხედში "ჩიკაგომ" მხოლოდ შვიდჯერ დაკარგა ბურთი, ბოლო 12-წუთეულში "ხარების" ხუთი შეცდომა დაფიქსირდა.
საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე სტუმრების უპირატესობა შვიდი ქულა იყო, მაგრამ ბოლო 120 წამში როუზმა და ბატლერმა სამქულიანები ჩააგდეს, "კლივლენდმა" კი ასევე დაიწყო შეცდომების დაშვება. მაგალითად, ლებრონმა შეტევაში აიღო ჯარიმა, 19 წამით ადრე კი სტუმრებმა სამი ტაიმ-აუტი დახარჯეს იმისთვის, რომ ბურთი თამაშიდან შემოეტანათ და როცა შემოიტანეს, ბურთი ისევ დაიკარგა.
ასეა თუ ისე, ტიბოდოს შეგირდებმა ბოლო შეტევაში ორი ქულა აიღეს და სირენამდე ცხრა წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს - 84:84. იმის გამო, რომ "კლივლენდს" ტაიმ-აუტი აღარ ჰქონდა დარჩენილი, ლებრონმა მთელი მოედანი გაიარა და სროლა დააპირა, მაგრამ მიროტიჩმა ბლოკით აუტში გადააგდო ბურთი. "კავალიერზს" ბოლო შეტევისთვის 1.5 წამი რჩებოდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ჯეიმსისთვის, გათავისუფლებულიყო ბატლერის მეურვეობისგან და სირენასთან ერთად ჩაეგდო ბურთი.
ლებრონმა თამაშიდან 30-ჯერ ისროლა და მხოლოდ 10 იყო ზუსტი; რვა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბოლო ტყორცნამ ყველაფერი გადაწონა და "მეფე" საღამოს გმირი გახდა.
ჩიკაგო-კლივლენდი 84:86
28:26, 17:23, 23:12, 16:25
ჩ: როუზი (31), ბატლერი (19+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნოა (8+15 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (25+14 მოხსნა+8 პასი), მოზგოვი (15+9 მოხსნა+3 დაფარება), სმიტი (13), ტომპსონი (12+7 მოხსნა), ირვინგი (12).
სერია: 2-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"