"დამიჯერეთ, მე ათმაგად დამაკლდება ნაკრები"

AutoSharing Option
ვინც საქართველოს ნაკრების ამბებს დეტალურად ადევნებს თვალს, ეცოდინება, რომ ვიქტორ სანიკიძე ტრავმის გამო გამოაკლდება ეროვნულ გუნდს. თუმცა იგი "ჯვაროსნებთან" ერთად იქნება როგორც საბერძნეთის ტურნირზე, ასევე ევრობასკეტზე.

- გუნდთან ერთად ყოფნა მეც ძალიან მინდოდა. ამასთან, მწვრთნელებმაც თქვეს და ფედერაციამაც გადაწყვიტა, რომ სანაკრებო დელეგაციის წევრი ვიქნები. თანაგუნდელებს ჯერ საბერძნეთის ტურნირზე გავყვები, შემდეგ ისრაელში, ევროპის ჩემპიონატზე.

- ტრიბუნებიდან ქომაგობა, ალბათ უფრო რთული იქნება, ვიდრე მოედნიდან დახმარება...
- ხშირად მესმის, ვიქტორი ნაკრებს ძალიან დააკლდებაო. დამიჯერეთ, მე ათმაგად დამაკლდება ნაკრები. განვიცდი, რომ ევრობასკეტზე ვერ დავეხმარები.
თუმცა ვერაფერს შევცვლი, კალათბურთელის კარიერა ტრავმების გარეშე არ არსებობს. არის ტრავმა, მალე რომ შუშდება, ზოგი კი ძალიან აფერხებს მოთამაშის კარიერას. სამწუხაროდ, ოქტომბერში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ჯერაც ვერ განვიკურნე ისე, რომ ვარჯიში დავიწყო.

- არადა, 2005 წლის შემდეგ სანაკრებო ციკლი არ გამოგიტოვებია...
- ნაკრებში 2004 წელს მიმიწვიეს, სან ჯორჯოს ტურნირზე ვითამაშე, თუმცა, ოფიციალური მატჩები მუხლის ტრავმის გამო ვერ ჩავატარე. 2005 წელს ოპერაცია დამჭირდა და ვერც მაშინ ვითამაშე. 2006-ის შემდეგ კი ერთადერთი შეხვედრა გამოვტოვე - 2012 წელს ჰოლანდიაში... ნაკრები ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა.

- ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი, როგორც ჩანს, არასახარბიელოდ წარიმართა...
- თავიდან ყველაფერი გეგმურად მიმდინარეობდა. ვარჯიშიც დავიწყე და დატვირთვებზე რომ უნდა გადავსულიყავი, სწორედ მაშინ ამტკივდა ფეხი. ნაოპერაციები მყესის გვერდზე ხრტილი იყო დაზიანებული და მიკროოპერაცია დამჭირდა. სწორედ ქირურგიული ჩარევის დროს აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტად იყო დაზიანებული, ვიდრე მანამდე ჩანდა.

ბოლომდე იმედს ვიტოვებდი, რომ ევრობასკეტზე თამაშს შევძლებდი. საგანგებოდ გერმანიაშიც გავფრინდი, ექიმთან, რომელმაც კობი ბრაიანტს უმკურნალა. მაღალი დონის სპეციალისტია. თუმცა რომ გამსინჯა, მითხრა: სარეაბილიტაციოდ 3-4 თვე გჭირდებაო.

- საქართველოს ნაკრების საკონტროლო თამაშები ნანახი გექნება. რა შეიძლება ითქვას გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე?
- საქართველოში ჩეხეთთან მეორე მატჩის წინ ჩამოვედი. ტრიბუნებიდან მივადევნე თვალი. ბიჭებიც დამეთანხმებიან, რომ ბევრი რამ ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვსურდა. მძიმე მატჩი იყო. თუმცა, როცა საქმე საკონტროლო შეხვედრას ეხება, წაგების გამო ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ჩეხეთთან არც წაგვიგია, პირველ ტაიმში გვქონდა შეცდომები, სასიამოვნოა, რომ მეორე ნახევარში გუნდმა თამაში გამოასწორა და გაიმარჯვა კიდეც.

- ლიტვის ნაკრებში მეგობრები გყავს, მათ ხომ არ შეხმიანებიხარ საქართველოსთან დამარცხების შემდეგ?
- ვესაუბრე გაილიუსს, რომელმაც მითხრა, რომ ლიტველებმა ფინალში ჩვენთან დამარცხება ძალიან განიცადეს. იყო სერიოზული კრიტიკაც. აქედან გამომდინარე, იოლი წარმოსადგენია, როგორ უნდოდათ მათ საქართველოს ნაკრების დამარცხება.

ისინი ევრობასკეტის ფავორიტობაზე აცხადებენ პრეტენზიას და ყველა მატჩს, მათ შორის საკონტროლოს, დიდ ყურადღებას აქცევენ. მართალია, ვალანჩუნასი, კალნიეტისი და მაციულისი აკლდათ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ზაზა ფაჩულიას გარეშე ითამაშა. კაპიტანი ჩეხეთთან მატჩების წინ შეუერთდა გუნდს და დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

იგორ კოკოშკოვის დროინდელ სტრატეგიასთან შეგუებულები ვიყავით, ილიას ზუროსი კი მხოლოდ მეორე წელია გვავარჯიშებს. მისი მსოფლმხედველობაც გავიგეთ, ტაქტიკასაც ავუღეთ ალღო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, მწვრთნელსაც ძალაუნებურად უწევს ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება.

წლეულს მე და ბექა ბურჯანაძე ვერ ვითამაშებთ. ამიტომ გამოსცადა ახალი სტრატეგია - შერმადინი, ფაჩულია და შენგელია მოედანზე ერთდროულად დააყენა. ამან შესაძლოა, კარგი შედეგიც მოგვცეს, მაგრამ ალღოს აღებასა და კომბინაციების დახვეწას დრო სჭირდება.

- როგორ გესახება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პერსპექტივა?
- შანსებზე მსჯელობა რთულია. ევრობასკეტზე ხომ სუსტი მეტოქე არ არსებობს, ყველა ყველასთან იბრძვის. ჯგუფის ფავორიტები ლიტვა და იტალიაა, თუმცა საქართველოს მათთან ბრძოლაც შეუძლია და გამარჯვებაც. მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს.

იტალიის ნაკრებს დიდი უპირატესობა აქვს, თორმეტივე კალათბურთელს აქვს სერია A-სა და ევროლიგაზე თამაშის გამოცდილება. ამიტომ, გალინარის გამოკლება გუნდს არც დაეტყობა. მით უმეტეს, რომ ეტორე მესინა წვრთნის, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი.

- ჯგუფის აუტსაიდერებად ვინ მიგაჩნია?
- ერთი შეხედვით, გერმანია და უკრაინა არიან ჯგუფიდან ვერგასვლის მთავარი კანდიდატები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანული კალათბურთი ყოველწლიურად პროგრესირებს. შიდა ჩემპიონატშიც დიდი კონკურენციაა და ევროლიგაზეც წარმატებით გამოდიან. ასეთ გუნდს შრიოდერი რომ დაემატება, იოლად წასაქცევი არ იქნება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ითამაშებს ატლანტელი შრიოდერი. თუმცა საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს საიმისო რესურსი, რომ იგი შეაჩეროს.

შედარებით სუსტია უკრაინა, რომელსაც ბოლო წლებშიც ხშირად ვეთამაშებით. მასთან მოგება-წაგებათა მშვენიერი ბალანსი გვაქვს (6:1) და იმედს დავიტოვებ, ისრაელში კიდევ განვავრცობთ.

- ყველა მეტოქეზე ვთქვით, გარდა ისრაელისა...
- ისრაელში გულშემატკივრობა იციან. სტუმრად თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება, მაგრამ საქართველოს ნაკრები საკმარისად გამოცდილია საიმისოდ, რომ მასპინძლის ფაქტორმა დააბნიოს. რეალურად, ისრაელის ნაკრები საქართველოზე ძლიერად არ მიმაჩნია. დანარჩენს ევრობასკეტი გვიჩვენებს.

- ბოლოს არასაკალათბურთო თემას შევეხოთ. ამ ზაფხულს დაოჯახდი...
- ჩემი მეუღლეც სპორტული ოჯახიდანაა, ამირან ბიწაძის შვილია. ის და მისი ძმა ტარიელი წარმატებული კარატისტები იყვნენ, ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მაღალი სინჯის მედლები აქვთ მოგებული. ჩემი მეუღლის ძმა, კოტე ბიწაძე კალათბურთელია, გასულ სეზონში "ა" ლიგის წარმომადგენელ "არენაში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე მგონი უფრო ჩქარა შეეძლო, რომ გაეცურა, მაგრამ წვერებს უფრთხლდებოდა, რომ არ გასცვენოდა.
გიჟუა
12:24 30-08-2017
0
ZZ ტოპ, პარიკმახერი გეძებდა გამწარებული.
არჩილა
11:17 28-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული