"ფავორიტები ამ ევრობასკეტზეც ესპანეთი, საფრანგეთი, ლიტვა და... საქართველო იქნებიან"

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ სპორტის სასახლის მოედნის ცენტრში სკამები გაამწკრივეს და საინტერესო კითხვა-პასუხი მოვისმინეთ.

მანამდე კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა მიხეილ გაბრიჩიძემ სპორტის რაინდის ორდენით დააჯილდოვა ვეტერანი კალათბურთელი ვაჟა გვანცელაძე. მან სამადლობელი სიტყვების შემდეგ ზაზა ფაჩულიას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წარმატება მიულოცა და წარმატებები უსურვა საქართველოს ნაკრებთან ერთად.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელმა პაატა გურასპაულმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

- ზაზა დაგვპირდა და შეასრულა - NBA-ს ჩემპიონი გახდა. ზოგი ჯერაც ვერ
აცნობიერებს, რა მნიშვნელობის მოვლენის მომსწრენი ვართ. ახლა ახალი გამოწვევების წინაშეა. ვუსურვებთ წარმატებას საქართველოს ნაკრებთან და მომავალ სეზონში "გოლდენ სტეიტთან" ერთად, - აღნიშნა პაატა გურასპაულმა.

სტუდენტების მიერ დასმული პირველი შეკითხვაც NBA-ს ჩემპიონობას ეხებოდა.

ზაზა ფაჩულია:
- ახლა ცოტა უხერხულია ამერიკაზე ლაპარაკი, რადგან ნაკრებთან ვვარჯიშობ და ევრობასკეტზე ვარ კონცენტრირებული. თუმცა ორი სიტყვით მაინც ვიტყვი: საოცარი გრძნობა იყო. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მოვლენის თანამონაწილე ვიყავი.

ძალიან რთული იყო მიზნამდე მისვლა, თუმცა კიდევ უფრო რთული იქნება მიღწეულის შენარჩუნება. ამისთვის ბევრი შრომა, მოთმინება და დათმობაა საჭირო. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, როგორც აქამდე, მაქსიმუმს გავიღებ.


ნაკრების კაპიტანს ახალგაზრდა გოგა ბითაძეზეც ჰკითხეს...

ზაზა ფაჩულია:
- ბუნებრივი პროცესია, ახალი თაობა ძველს ცვლის. ასე ხდება ყველა გუნდში. ბითაძის სახით მართლაც ნიჭიერი კალათბურთელი შემოგვიერთდა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდები არიან დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე.

თუმცა ნიჭიერება და პერსპექტიულობა საკმარისი არ არის მაღალი დონის კალათბურთელად ჩამოსაყალიბებლად. წარმატებისთვის საჭიროა ბევრი მუშაობა და დღითი დღე გაუმჯობესება. მერწმუნეთ, წარმატებას საზღვარი არა აქვს, მით უმეტეს, თანამედროვე სამყაროში.

ზოგი ამბობს, საქართველოში წარმატების მიღწევა რთულიაო. ასე არ არის, მთავარია, გჯეროდეს და სწორი მიმართულებით მიდიოდე დასახული მიზნისკენ.


შემდეგი შეკითხვა ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაუსვეს, ლიტვის ტურნირის მოგება გაახსენეს...

ილიას ზუროსი:

- ლიტვასა და თბილისში გამარჯვებები სასიხარულოა. ეს კალათბურთელების ფსიქოლოგიაზე დადებითად იმოქმედებს. თუმცა საკონტროლო შეხვედრები ძირითადად იმისთვისაა, რომ ტაქტიკა დაიხვეწოს, გუნდი ფორმაში შევიდეს. ამ მხრივაც ძალიან სასარგებლო იყო როგორც ლიტვური, ასევე თბილისური მატჩები.

Sportall.Ge

რა იქნება პროგრამა-მინიმუმი და პროგრამა-მაქსიმუმი ევრობასკეტზე?

გიორგი შერმადინი:
- კარგად მოგეხსენებათ, როგორი მონდომებით ვვარჯიშობთ. გვსურს, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატს, რომ მივაღწიოთ ისეთ შედეგს, რასაც ვიმსახურებთ. მთავარია, ჯგუფიდან გავიდეთ და თურქეთში ჩავიდეთ. იქაც რაღაცას ვიზამთ.

მანუჩარს ზაზა ფაჩულიას ფაქტორზე ჰკითხეს.

მანუჩარ მარკოიშვილი:
- კარგია, რომ სტუდენტებთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა. ზაზა ფაჩულია მსოფლიოს ჩემპიონია, რამაც შეიძლება გუნდზე დადებითადაც იმოქმედოს და უარყოფითადაც. თუ ჩავთვლით, რადგან ჩვენს გვერდში NBA-ს ჩემპიონია, ამიტომ უნდა მოვიგოთ, ეს ცუდია. ხოლო თუ ზაზას გამოცდილებას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ჩვენც ბევრს შევმატებთ, წარმატების მეტი შანსი გვექნება.

ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის არყოფნის გამო გუნდის ტაქტიკაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ამის შედეგი იყო, რომ ჩეხეთთან მეორე მატჩში თორნიკე შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა.

თორნიკე შენგელია:
- ჯერ ვვარჯიშობთ და საკონტროლო მატჩებს ვმართავთ. ოფიციალური შეხვედრებისას უკეთ გამოჩნდება სანიკიძისა და ბურჯანაძის დანაკლისი. თუმცა სხვა გზა არ არის, მათ გარეშე უნდა ვითამაშოთ. შესაბამის ტაქტიკაზე ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ ევრობასკეტზე შედეგსაც გამოიღებს.

მისი "კლიპერსში" გადასვლის რეალურობითაც დაინტერესდნენ...

თორნიკე შენგელია:
- "კლიპერსიდან" ინტერესი იყო. NBA-ში თამაში ახლაც მიზნად და ოცნებად მაქვს. ამისთვის ბევრს ვმუშაობ. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჯერ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშო, შემდეგ "ბასკონიაში" ჩავალ...

სტუდენტები მაიკლ დიქსონისთვის საქართველოს ნაკრებში თამაშის მნიშვნელობით დაინტერესდნენ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აქაურობა მოსწონს, ნაკრებში მიწვევით ბედნიერია და ევროპის ჩემპიონატისთვის მონდომებით ემზადება.

2011 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა ნაკრებში გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე...

ლაშა გამყრელიძე:
- ნაკრებში დაბრუნება ჩემი მთავარი მიზანი იყო. საამისოდ ბევრს ვმუშაობდი. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომიწევს ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წუთით გავალ მოედანზე, მაქსიმუმს გავიღებ.

კითხვას ევრობასკეტის ფავორიტთა შესახებ სასტარტო გამთამაშებელმა მოკლედ უპასუხა:

გიორგი ცინცაძე:
- ამ ევრობასკეტზეც ის გუნდები იქნებიან ფავორიტები, რომლებიც წინა წლებშიც ამ სტატუსით სარგებლობდნენ - ესპანეთი, საფრანგეთი, ლიტვა... და საქართველო.

ჩვენი ნაკრების მეტოქეები ხშირად ცდილობენ სამქულიანებით ხეირის ნახვას. ეს გარდაუვალია, რადგან ყველას უჭირს ჩვენს ფარქვეშ შესვლა. როგორც მწვრთნელებმა თქვეს, პერიმეტრის დაცვაზე სერიოზულად მუშაობენ.

კოტე ტუღუში:
- გულშემატკივრისთვის რთული სანახავია, როდესაც შენს გუნდს სამქულიანებს უგდებენ. ამის გამო არაერთი მატჩიც წაგვიგია, თუმცა ისევე, როგორც დაცვის სხვა კომპონენტებზე, პერიმეტრის გადაკეტვაზეც აქტიურად ვმუშაობთ. მზადების დაწყების პირველი დღიდან აქამდე წინ მივდივართ, ვიხვეწებით და ვიმედოვნებთ, რომ ევრობასკეტისთვის შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ. მანამდე გენერალური რეპეტიციაა - ათენში ძლიერი მეტოქეები გვეყოლება: სერბეთი, იტალია და საბერძნეთი.

შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი 23 აგვისტოს დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ცინცაძის აზრით ოთხეულში ვართ ? !
ტატო
00:53 19-08-2017
1
ნაკრებს წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე მაგათ ვენაცვალე, მაგრამ ფედერაციამ რაც შეიძლება მეტი ამხანაგური თამაში უნდა გაჩარხოს ნაკრებისთვის. სხვა ნაკრებები მინიმუმ 15-18 თამაშს თამაშობს ევრობასკეტამდე . ჩვენ კი 8-10 თუ გამოგვივიდა კარგია. ან მერიის თასზე გუნდები აგარ ჩამოდიან მსაჯების მიკერძოებულობის გამო ჩვენს ნაკრებზე. კარგი იქნება ფედერაცია ამაზე დაფიქრდეს.

juki
00:11 19-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული