"...ამიტომ დავასრულე სანაკრებო კარიერა"

AutoSharing Option
2016 წელს მონტენეგროში ბოლო წამებზე ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანი ვიქტორ სანიკიძისთვის სანაკრებო კარიერაში ბოლო ტყორცნა აღმოჩნდა... აქვე მინდა მივაწერო - ჯერჯერობით! თუმცა, საქმე იმდენად რთულადაა, შესაძლოა, სანაკრებო კი არა, საერთოდ კარიერის დასრულება მოუწიოს.

2016 წლის ოქტომბერში საბერძნეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო, მყესი გაუწყდა; ოპერაცია გაიკეთა და დარწმუნებულები ვიყავით, რომ ევრობასკეტამდე რეაბილიტაციას მოასწრებდა. 2017 წლის ივლისში საქართველოს ნაკრები შეკრებაზე სანიკიძის გარეშე გაემგზავრა. გულის სიღრმეში მაინც იყო იმედი, რომ მოგვიანებით შეუერთდებოდა, მაგრამ... ვიქტორი ნაკრებს ევრობასკეტზე მხოლოდ გულშემატკივრის რანგში გაჰყვა.

13 სექტემბერს
თავის "ფეისბუქზე" დაწერა ემოციური წერილი - რომლის არსი ნაკრებთან გამომშვიდობება იყო. სამწუხაროა, მაგრამ ვეღარ ვითამაშებო.

- ეს იყო ოქროს წლები - სანაკრებო კარიერა ვიქტორ სანიკიძემაც დაასრულა

ინტერვიუს ჩაწერამდე ვიქტორს ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობებზე ვესაუბრე, თუმცა სურვილი ერთია, რეალობა - მეორე.

- მუხლი ცუდ მდგომარეობაში მაქვს, - მითხრა გუშინ ვიქტორმა. - ახლა ტესტებს ჩავიტარებ და უფრო ზუსტად გავიგებ, რა სიტუაციაა. შარშან, ოქტომბერში მუხლის მყესის ოპერაცია გავიკეთე. გაწყვეტილი იყო. გადააბეს, მაგრამ ისე არ დაჯდა, როგორც საჭირო იყო. პოზიცია შეიცვალა. შესაბამისად, მოძრაობისას ხრტილის ცვეთა არასწორად მიმდინარეობს.

- ხელახალი ოპერაციაა საჭირო?
- ასეა. თუმცა ოპერაციის გაკეთებას არ ვაპირებ, ჯერ ტესტებს ჩავიტარებ და ვნახოთ, როგორ მექნება. სხვათა შორის, ოქტომბრის შემდეგ ერთი ქირურგიული ჩარევაც დამჭირდა - ხრტილის მიკროოპერაცია გავიკეთე. ყოველივე აქედან გამომდინარე, არ ვიცი, როდის შევძლებ ვარჯიშს, ან რა დონეზე. ამიტომაც დავწერე "ფეისბუქზე" სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.

- ყოფილა შემთხვევები, სპორტსმენებს კარიერის დასრულების შესახებ გამოუცხადებიათ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ისევ დაბრუნებულან. თუ ჯანმრთელად იქნები და გუნდის დახმარება შეგეძლება, სიამოვნებით გიხილავდით ნაკრებში კიდევ ერთხელ...
- ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი. აქამდე ევრობასკეტი ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა. ახლო მომავლის პერსპექტივა იყო, ძალიან გვსურდა ერთიც გვეთამაშა, კიდევ ერთ ევროპის ჩემპიონატზე გვეჩვენებინა, რა შეგვიძლია. ამიერიდან ფიბამ ფორმატი შეცვალა, მომდევნო ევრობასკეტი 2021 წელსაა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატი 2019 წელს, ორი წლის შემდეგ.

ვეთანხმები გიორგი ცინცაძეს, რომ სჯობს, ახალგაზრდებს დავუთმოთ ასპარეზი, ითამაშონ შესარჩევი და წლიდან წლამდე ისევე გაიზარდონ, როგორც თავის დროზე ჩვენ ვიზრდებოდით ნაკრებთან ერთად. მე, ცინცაძე, მარკოიშვილი და გამყრელიძე ნაკრებში 2004 წელს ჭაბუკები მოვხვდით, ბევრი სირთულე გამოვიარეთ, ბევრიც სიხარული ვნახეთ. საბოლოოდ მივაღწიეთ იმ სიმაღლეზე, რომ ბოლო ოთხ ევრობასკეტს საქართველოს ნაკრების გარეშე არ ჩაუვლია. 2011 წლამდე ხომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა მხოლოდ ოცნებად გვქონდა.

- 2004 წელი ახალი ეპოქის დასაწყისი აღმოჩნდა: ნაკრებში დებიუტი გქონდათ ძირითადი ბირთვის რამდენიმე წარმომადგენელს...
- ოღონდ ჩემი ოფიციალური დებიუტი 2006 წლამდე გადაიდო. 2004 წელს, ივლისში, სარაგოსაში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით. იქიდან ოთხი კალათბურთელი პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში გადავედით, რომელსაც იტალიის ქალაქ სან ჯორჯოში საკონტროლო მატჩები ელოდა. მე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე და ლაშა გამყრელიძე ძალიან გახარებულები გავემგზავრეთ იტალიაში. ეროვნულში თამაშზე ოცნება უკვე რეალობად იქცა, ერთი სული გვქონდა, როდის გავიდოდით მოედანზე. გუნდში რამდენიმე ვეტერანი დაგვხვდა, უმეტესობა ახალგაზრდები ვიყავით და, ვფიქრობ, სწორედ მაშინ დაინახა გულშემატკივარმა სანაკრებო პერსპექტივა. საკითხავი ის იყო, როგორ ჩავანაცვლებდით ვეტერანებს. როგორც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, ეს ურიგოდ არ გამოგვსვლია.

- სან ჯორჯოში პირველი მატჩი რუსეთთან ითამაშეთ...
- ...და მოვიგეთ. დიდი სიხარული იყო. მანამდე საქართველოს ნაკრებს სამი წლის განმავლობაში თამაში არ ჰქონდა ჩატარებული და პირველივე მატჩში რუსეთი დავამარცხეთ. მახსოვს, კარგად ვითამაშე. იტალიასთანაც არ გამომსვლია ცუდად, მაგრამ დავმარცხდით. ამ ტურნირის შემდეგ მუხლებმა შემაწუხა და ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, ოფიციალური სანაკრებო დებიუტი კიდევ ორი წლით გადაიდო.

- სარაგოსაში გამართული ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი ახსენე. მანამდე იყო შესარჩევი ეტაპი ხორვატიის ქალაქ სისაკში, სადაც პირველად დაანახეთ ევროპას, რომ საქართველო არასოდეს ნებდება. ფინეთთან მატჩში, ბოლო 100 წამში 12-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეთ და გაიმარჯვეთ...
- ეს თამაში 13 წლის წინათ იყო, მაგრამ ახლაც მკაფიოდ მახსოვს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - საოცარი გამარჯვება იყო, მეორე - ზურგი ძალიან მაწუხებდა და თამაშს არ ვაპირებდი, მესამე - თავად ფინელებმა გამახსენეს რამდენიმე წლის წინათ. შეჯიბრება ხორვატიაში გაიმართა და ფინელებთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე მასპინძლებთან მატჩში ზურგის ტრავმა მივიღე. ფინეთი შედარებით სუსტ მეტოქედ ითვლებოდა და მწვრთნელს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მოედანზე არ შევეყვანე. კოპონენი და კიდევ რამდენიმე მომავალში კარგი კალათბურთელი კი თამაშობდა, მაგრამ მაშინ მათ არავინ იცნობდა. არც ფინური კალათბურთი იყო იმ დონეზე, როგორც ახლაა.

თამაში ისე წარიმართა, რომ უპირატესობის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. მწვრთნელმა მეოთხე პერიოდში გადაწყვიტა ჩემი შეყვანა. წელი კარგად შევიხვიე და მოედანზე გავედი. მაინც არაფერი გამოდიოდა, წუთ-ნახევარი რჩებოდა და 12 ქულას ვაგებდით. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა ჩვენი თამაში - მარკოიშვილის სამქულიანებს ჩატენვები მივაყოლე და მართლაც ლამაზად გავიმარჯვეთ.

- ფინელებმა რა გაგახსენეს?
- ბოლო წამებზე ერთ-ერთ მეტოქეს, როგორც იტყვიან, ბურთი გადავატენე. ასეთ სიტუაციაში ვინც მოხვდება, თანაგუნდელები ხშირად დასცინიან. თურმე იმ ფინელ მეფარესაც ახსენებდნენ - სანიკიძე როგორ გადაგაფრინდაო. ორი წლის შემდეგ პორტუგალიაში, უკვე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნახევარფინალში ფინეთს შევხვდით. ორივე გუნდს თითქმის იგივე შემადგენლობა ჰყავდა, რაც სისაკში. ფინელმა თანაგუნდელებმა იმ მეფარეს პორტუგალიაშიც გაახსენეს ჩემი ჩატენვა. ის კი თავს იკლავდა - რით ვერ დაივიწყეთ, თავად სანიკიძესაც კი არ ემახსოვრებაო. ამის თქმა იყო და მთელი ფინეთის ნაკრები მოვიდა ჩემთან - სისაკში ბოლო წამებზე ჩატენვა თუ გახსოვსო. ვუპასუხე: იმ მატჩს რა დამავიწყებს - აგერ, ამას გადავატენე-მეთქი. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბავი ატეხეს ფინელებმა.

- წლეულს, ევრობასკეტზე იტალიისთვის რომ მოგვეგო მერვედფინალში, ფინეთს შევხვდებოდით. არადა, იტალიასთანაც საოცარ თამაშს ვატრიალებდით - მეოთხე პერიოდში -14 პლუს ერთად ვაქციეთ...
- სწორედ ამიტომ მსიამოვნებდა საქართველოს ნაკრებში თამაში. რაოდენ ძლიერი მეტოქეც უნდა ყოფილიყო, არავისთან არასოდეს ვნებდებოდით. ბოლომდე გვჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და ვიბრძოდით. ასე იყო მონტენეგროსთან ევრობასკეტის შესარჩევზე; ასე იყო ამ ზაფხულს, მოსამზადებელ ეტაპზე, სწორედ ჩვენი შემართებით დავამარცხეთ სერბეთი, ლიტვა და საბერძნეთი; ასე იყო ისრაელთან, იტალიასთან...

ერთი შეხედვით, შესაძლოა, მარტივად ჩანდეს 17 ან თუნდაც 14-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება, მაგრამ მერწმუნეთ, დიდ ძალისხმევას, დიდ ენერგიას მოითხოვს. ყველას არ შეუძლია კრიტიკულ მომენტში ძალების ისე მობილიზება, როგორც ქართველებს. ევროპას წლეულსაც დავანახეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. ჩვენთან შეხვედრისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადებოდა, როგორც ფავორიტს, ისე განგვიხილავდა.

ტრავმის გამო მატჩებს გვერდიდან ვადევნებდი თვალს. თანაგუნდელებთან ერთად მეც გული დამწყვიტა ჯგუფიდან ვერგასვლამ. არადა, იმდენად კარგი გუნდი გვყავდა, პლეი-ოფში გასვლისა და დასვენების შემთხვევაში წინ წავიდოდით.

* * *
ინტერვიუში ვახსენეთ 2004 წელი, ვიქტორის არაოფიციალური დებიუტი ნაკრებში. გავიხსენეთ 2017 წლის ევრობასკეტი, რომელსაც სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა თვალი, ხოლო დასრულების შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. შუალედში იყო უამრავი დადებითი და უარყოფითი ემოცია, ეფექტური გამარჯვებები და მწარე წაგებები...

ვიქტორ სანიკიძესთან ერთად სანაკრებო კარიერას დეტალურად მომდევნო კვირაში გავიხსენებთ.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგარი თაობა იყო! ცუდია წარსულში მაგთზე საუბარი, მაგრამ ეს ყველფერი უკვე "იყო"-ა... მიუხედავად ცოტა იმედგაცრუებებისა, მაინც ბედნიერი ვარ რო ეს ხალხი იყო ჩვენ ნაკრებში, და მათ ვგულშემატკივრობდი!...
0
ჩემთვის ყველაზე საუკეთესო კალათბურთელი ყოველთვის ვიქტორ სანიკიძე იყო.
გაიხარე შენს თანაგუნდელებთან ერთად, იმედია ტრამვებს ეშველება.
ზურა
20:51 16-09-2017
0

სიახლეები პოპულარული