ილიას ზუროსი: რას ველით? რეალისტები უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე, გერმანიის ქალაქ ქემნიცში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გამართავს.

ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება, რომელთანაც საქართველოს ნაკრები გასულ სექტემბერს, ევრობასკეტზე დამარცხდა, თუმცა დღესდღეობით ორივე გუნდი სრულიად სახეშეცვლილია.

ფიბას სანაკრებო მატჩების სისტემის შეცვლამ გამოიწვია ის, რომ ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირ ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ვერ მიდიან. ფიბასა და ევროლიგის ხელმძღვანელებმა ვერ მოილაპარაკეს და ამ უკანასკნელმა საკუთარი კალენდარი ვერ შეცვალა. სწორედ 23 ნოემბერს ჰქონდა ევროლიგაში თამაში თორნიკე
შენგელიას "ბასკონიას", ხოლო დღეს - გიორგი შერმადინის "უნიკახას".

გერმანიას NBA-ს 2 მოთამაშე აკლია, ასევე, ევროლიგის მოთამაშეები, თუმცა ჰყავს არაერთი ულებ-ის ევროთასის კლუბის წარმომადგენელი და თამაშობს შინ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საკმაოდ ფრთხილი კომენტარი გააკეთა გუშინ, ნაკრების ვარჯიშის შემდეგ. ჩვენმა ნაკრებმა წუხელ პირველად ივარჯიშა "მესე ჰალეზე", სადაც დღეს საღამოს გერმანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებში პირველი ვარჯიში გამართა მაიკლ დიქსონმა, რომელიც ძალიან მოწადინებულია.

"მოხარული ვარ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი გუნდს ორი დღის წინ შეუერთდა. ასევე სასიამოვნოა, რომ მაიკლ დიქსონიც ჩვენთანაა და სავარჯიშოდ ერთი დღე აქვს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან გვაკლია ბევრი გამოცდილი კალათბურთელი: გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე. ბექასა და დუდას ოპერაციები აქვთ გაკეთებული. იცით თოკო შენგელიასა და გიორგი შერმადინის მდგომარეობა, რომლებიც ევროლიგაზე თამაშობენ და კლუბები ნაკრებში ჩამოსვლის ნებას არ რთავენ. ასე რომ, გამოცდილება ნამდვილად გვაკლია.

მძიმე მდგომარეობაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს.

საქართველოს ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით ერთად მხოლოდ ორი დღეა რაც ვარჯიშობს. ასეთ პირობებში კი შეთამაშებასა და გუნდურობაზე მუშაობა ძალიან რთულია. საამისოდ, ფაქტობრივად, დრო არ რჩება. მოთამაშეებს ერთმანეთი ჰყავთ გასაცნობი…

ჩვენთვის საინტერესოა და გვინდა ვნახოთ, ჩვენი კალათბურთელები ასეთ მეტოქესთან როგორ ითამაშებენ ერთმანეთის გვერდით, როგორ გაართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანებს. სწორედ სერბეთთან და გერმანიასთან გასვლით მატჩებში გამოჩნდება, რამდენად კონკურენტუნარიანები ვართ.

რას ველით? რეალისტები უნდა ვიყოთ: ერთადერთი, რასაც ველით, ესაა ბოლო წამებამდე თავდაუზოგავად ბრძოლა".


მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული