ოლიმპიადის დარჩენილი 4 საგზურისთვის საქართველოსთან ერთად 23 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში ადგილის მოპოვებასთან ერთად მომავალი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ოლიმპიადაზე გასვლასთან საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა – ანუ ისეთ ტურნირში მონაწილეობა არასდროს მიუღია, რომელში წარმატების შემთხვევაშიც ოლიმპიადაზე გავიდოდა. ახლა ამის შანსი არსებობს და ამ ეტაპზე ის ვიცით, რომ ჩვენი ნაკრები იქნება ერთ-ერთ ჯგუფში კიდევ 5 ქვეყნის ნაკრებთან ერთად, რომელთაგან საუკეთესო ოლიმპიადის საგზურს მიიღებს. ახლა უფრო დეტალურად:

ოლიმპიადაზე 12 ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ 1 ადგილი
იყო დაკავებული და მისი მფლობელი თამაშების მასპინძელი საფრანგეთი გახლდათ. მსოფლიო ჩემპიონატი გახლდათ ყველაზე სოლიდური საოლიმპიადო საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელმაც კონტინენტების მიხედვით საგზურების მფლობელები გამოავლინა. მსოფლიოზე ევროპის 2 ყველაზე შორს წასულმა გუნდმა – გერმანიამ და სერბეთმა, ოლიმპიადის საგზურები მიიღო, ისევე, როგორც ამერიკის 2-მა საუკეთესომ - კანადამ და აშშ-მა. საგზური მიიღო ავსტრალიამ, როგორც ოკეანეთიდან საუკეთესო შედეგის მქონემ. თითო საუკეთესო გავიდა ოლიმპიადაზე აფრიკიდან და აზიიდან, შესაბამისად, სამხრეთი სუდანი და იაპონია. ასე რომ, პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 12 მონაწილიდან 7 ნაკრები გაცხადდა. სწორედ დარჩენილი 4 საგზურისთვის მოუწევთ ბრძოლა საქართველოს და კიდევ 23 ქვეყნის ნაკრებს.

საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლება, ერთი მხრივ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებით, ასევე, ოლიმპიადის წინასაკვალიფიკაციო ტურნირების შედეგად გამოვლინდა. ასეთი წინასაკვალიფიკაციო ტურნირი გასულ ზაფხულს მთლიანობაში 5 ჩატარდა – ევროპაში 2 და თითო აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. ამ ტურნირების გამარჯვებულმა 5-მა ნაკრებმა და მსოფლიო ჩემპიონატიდან 19-მა სხვადასხვა პრინციპით შერჩეულმა ნაკრებმა მიიღო საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობის უფლება. ჯამში ეს 24 ნაკრებია:

ეგვიპტეე (აფრიკის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), პუერტო რიკო (ამერიკის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), ახალი ზელანდია (ოკეანეთის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), სლოვენია, ლატვია, იტალია, ლიეტუვა, ესპანეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, საბერძნეთი, საქართველო, ფინეთი, ლიბანი, ფილიპინები, მექსიკა, ანგოლა, კოტ დ’ივუარი (საუკეთესო 16 ნაკრები ყველა კონტინენტიდან კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), კამერუნი (აფრიკის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ბაჰამები (ამერიკის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ბაჰრეინი (აზიის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), პოლონეთი, ხორვატია (ევროპის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები).

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მისი მონაწილე 24 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფები სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე გაიმართება. თითოეულ ქალაქში მოხვედრილი 6 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდება და თითოეულის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინი პრინციპით დაუპირისპირდება ერთმანეთს. თითოეული ქალაქის ფინალის მომგები 4 გუნდი მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. ქალაქები, რომლებიც უმასპინძლებენ საკვალიფიკაციო ტურნირებს, სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში გაირკვევა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
გასვლა რა თქმა უნდა უტოპიაა, მაგრამ მოდამზადებლად წაგვადგება ეს თამაშები.
რრრ
20:35 09-09-2023
2
სურვილი ბევრად აღემატება შესაძლებლობას
მე-14 სკოლა
10:59 09-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული