24 ნოემბერს, ლიგა ენდესას მე-10 ტურში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" ტენერიფეში 94:89 დაამარცხა "ბეტისი".
დასკვნითი მეოთხედის წინ სტუმრები 9 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო პერიოდი უკეთ ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
"იბეროსტარი" 6 მოგებით მე-4 ადგილზეა. ეს ამ გუნდისთვის დიდი წარმატებაა და ამაში განსაკუთრებული დამსახურება ქართველ ცენტრს მიუძღვის, რომელიც კვლავ ჩინებულად გაისარჯა.
თავად განსაჯეთ: ჩვენებურმა 31:57 წუთში 24 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 15-დან 12 საჯარიმო), 11 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მეტოქე გუნდის კალათბურთელები მასთან თამაშისას 11-ჯერ დაჯარიმდნენ და გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 იყო.
ის ამ შეხვედრაში ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე იყო და ალბათ, ტურის MVP-ც გახდება.
"იბეროსტარი" პირველ დეკემბერს სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება.