ქართველი კალათბურთელებიდან ყველაზე წარმატებულად 2019 წელი გიორგი შერმადინმა დაასრულა.
30 წლის ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
"ტენერიფე იბეროსტარის" ქართველი ლიდერი მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს. ლიგა ენდესაში გასულ თვეში გამართული 5 ტურიდან შერმადინმა ორში MVP-ის ტიტული დაიმსახურა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი, რაც ყველა სტატისტიკური მონაცემის გამაერთიანებელი მაჩვენებელია, ამ 5 მატჩში საშუალოდ 24.6 შეადგინაა, რაც ვარსკვლავებით სავსე ესპანურ ლიგაში საუკეთესო შედეგია.
დეკემბერში გამართული 5 მატჩიდან შერმადინის "იბეროსტარმა" "მურსიას" (85:78), "მორაბანკ ანდორასა" (86:76) და "გრან კანარიას" (100:79) სძლია, "ბარსელონასთან" (71:103) და "ვალენსიასთან" (91:98) კი წააგო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელისთვის ყველაზე შედეგიანი კანარების დერბი გამოდგა, რომელშიც 32 ქულა ჩააგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 42-მდე აიყვანა და ორივე ამ მაჩვენებლის მხრივ, ესპანური კარიერის რეკორდები დაამყარა.
უდავოდ გამოსარჩევია მურსიელებთან შეხვედრაც, რომელიც გიომ 25 ქულით დაასრულა.
საინტერესოა, რომ შერმადინი თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულთან ახლოს ჯერ კიდევ ნოემბერში იყო, თუმცა, მაშინ ეფექტურობის კოეფიციენტით სწორედ მურსიელ ასკია ბუკერს სულ მცირედით ჩამორჩა: 23.25 - 23.66.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტი ესპანური ლიგის თვის კალათბურთელი უკვე მეხუთედ გახდა. ის 3-ჯერ (2013 წლის ოქტომბერი და დეკემბერი, 2014 წლის ოქტომბერი) "მორაბანკ ანდორაში" გამოარჩიეს, ერთხელ კი, "უნიკახაში" (2018 წლის თებერვალი).
შერმადინი ლიდერებშია სრულიად სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა ნუსხაში. გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 24.33 გახლავთ და ის მხოლოდ "ბარსელონას" ვარსკვლავ ნიკოლა მიროტიჩს (24.57) ჩამორჩება. ქართველი კალათბურთელის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 26:56 წუთი, 18.6 ქულა, 6.4 მოხსნა, 1.6 პასი.
ესპანეთის ჩემპიონატში მე-15 ტურის შემდეგ "ტენერიფეს" 6 მარცხის წილ 9 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 5 იანვარს, შინ, "ფუენლაბრადასთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით