ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში 83:89 დამარცხდა "ფენერბახჩესთან", რომლის მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვია.
მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა მხოლოდ ბოლოსკენ მოახერხეს წინ გაჭრა და გამარჯვების მოპოვება.
შენგელიამ 24:42 წუთში 18 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 6-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17 იყო. თორნიკე თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
22 ქულითა და მარგი ქმედების 38-იანი კოეფიციენტით პარკეტზე ორივე გუნდიდან საუკეთესო სტამბულელთა ლიდერი ნანდო დე კოლო იყო, მისმა თანგუნდელმა იან ვესელიმ კი 22 ქულა ჩააგდო.
ცსკა-მ ტურნირზე სახლში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, 15 ქულით მეორე ადგილზეა და 27 იანვარს ბერლინში "ალბას" შეხვდება.