ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ატლანტა ჰოუქსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 133:112 დაამარცხა. მოგეხსენებათ, გუშინ, 8 თებერვალს, ინდიანაპოლისური გუნდის ხელმძღვანელობამ დომანტას საბონისი, ჟერემი ლემბი და ჯასტინ ჰოლიდეი ბადი ჰილდში, ტაირის ჰალიბურტონსა და ტრისტან ტომპსონში გაცვალა.
სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 14 ქულით (6/11), 2 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
საუკეთესო ლენს სტივენსონი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულით, 9 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ტრეი იანგმა გუნდს 34 ქულა, 1 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "პეისერსი" 19 მოგებითა და 37 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 12 თებერვალს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ატლანტა" 26 გამარჯვებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი იმავე 12 თებერვალს, "სან ანტონიო სპურსის" პირისპირ ჩაატარებს.