შერმადინის 22 ქულა, 5 დაფარება და ტურის მორიგი MVP-ის ტიტულის მოლოდინი

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ისევ შეუჩერებელია. ესანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ტენერიფეს" ქართველი ცენტრი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რითაც ამ ტიტულების რაოდენობა (20) ისტორიულ და რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა. შერმადინი მიღწეულზე არ ჩერდება და დიდი შანსია, ის მორიგი, 26-ე ტურის MVP-იც გახდეს და თავისივე რეკორდი გააუმჯობესოს.

საქმე ისაა, რომ ამ ტურის დღეს გამართულ მატჩში ქართველმა ცენტრმა ისეთი შედეგი დააფიქსირა, რომ ძნელად სავარაუდოა, რომ ის ტურის დარჩენილ ერთ მატჩში (ხუვენტუდი-ბარსელონა) ვინმემ გადაფაროს. შერმადინის შედეგია 38 – ეს გახლავთ ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის გამაერთიანებელი ოდენობა, ხოლო წინა
ტურის MVP რომ გახდა, გიორგის ეს მაჩვენებელი 37 ჰქონდა. ცნობისთვის, ამ ტურის აქამდე ჩატარებულ 8 მატჩში სარგებლიანობის ინდექსი 30-მდეც კი არავის აუყვანია. ასე რომ, ტენერიფელთა ქართველი ლეგიონერი, დიდი ალბათობით, 26-ე ტურის MVP-იც გახდება და ეს იქნება მისთვის 21-ე ტიტული კარიერაში.

ახლა თავად მატჩზე გადავიდეთ, რომელიც უაღრესად პრინციპული იყო. "ტენერიფე" მასპინძლობდა უშუალო კონკურენტ "გრან კანარიას", რომლის ძლევის შემთხვევაში მას მოგება-წაგებებით უთანაბრდებოდა. ასეც მოხდა, უაღრესად დაძაბულ და დრამატულ მატჩში ტენერიფელებმა მინიმალური სხვაობით – 83:82 იმარჯვეს და ეს უპირველესად გიორგი შერმადინის დამსახურებაა, რომელმაც არასრულ 27 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და პირადსარეკორდო 5 დაფარება მიითვალა. ქართველ ცენტრს თამაშიდან არც ერთი ბურთი არ აუცილებია – 7-დან 7 ორქულიანი ჩაგდო. გიორგიმ 8 საჯარიმოდან 7 გამოიყენა და ამ დრამატულ მატჩში აბსოლუტური სტატისტიკური ლიდერი გახდა.

მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი მეორე პერიოდში მოხდა, როცა თამაში 42:36 ანგარიშზე მცირე ხნით შეწყდა. 42-ე ქულა ქართველმა ცენტრმა მიითვალა "ტენერიფეს" ბრაზილიელი უკანახაზელის, მარსელინიო ჰუერტასის პასით – რომელიც ესპანური ლიგისთვის სარეკორდო – 2898-ე გამოდგა. მარსელინიომ პაბლო ლასოს ესპანეთის ლიგის პასების რეკორდი – 2897 გადაფარა და ისტორიაში შევიდა.

ამ გამარჯვებით, როგორც ვთქვით, "ტენერიფე" "გრან კანარიას" გაუთანაბრდა და ასევე 16 მოგება და 10 მარცხი აქვთ "ვალენსიას" და "მურსიას". ეს 4 გუნდი 4-7 ადგილებს იყოფს. 27-ე ტურში, 30 მარტს, "ტენერიფე" სტუმრად "ზუნდერ პალენსიას" ეთამაშება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლიგა ენდესას საოცარი დუეტი!!
მარი
02:10 25-03-2024
0
ბრავო გიორგი!ბრავო პუერტას!აი პასუხი,რატომ ვერ აჩერებენ გიოს ესპანეთში და რატომ გამოიყურებოდა ფერმკრთალად,საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებში.
თბილისი დინამოს ლეგენდარული კაპიტანი,ოთარ ქორქია,მადრიდის რეალთან მატჩში,თანაგუნდელებს სთხოვდა:-მომეცით პასი!რამდენჯერაც მომაწვდით,იმდენჯერ ჩავაგდებ!აგდებდა კიდეც.
გიორგიზე მიწოდებული ბურთი,გზაში იმდენჯერ დაიკარგა,რომ შეუძლებელი იყო,იმ თამაშების მოგება.გამთამაშებელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული.თუ პასი არ მიეცი,გინდფანტასტიკური გიორგი შერმადინი მდგარა სამწამიანში და გინდაც უბრალო ძელი ჩაგირჭვია,მის ადგილზე.
სოსო
10:35 25-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული