მე ჭკვიანი შავი ვარ: NBA-ის მოთამაშის ისტორია, რომელიც მოძალადე და ქურდი გახდა

AutoSharing Option
დილაობით ედი ჯონსონი სკამიდან ფორმას იღებს, იცმევს, იკრავს ძველ კედებს, იმაგრებს პულსის საზომს... როგორც ნებისმიერ სპორტსმენს, რომელმაც ერთხელ მაინც იგრძნო დიდება, ედისაც ესმის ტრიბუნებზე მყოფი ფანების ყვირილი, აპლოდისმენტები, საყვირების ხმა და დიქტორის შეძახილები.

მაგრამ, როცა სარკესთან მიდის, ტკბილი ხმები დეციბელებს კარგავს: "ატლანტა ჰოქსის" სამნომრიანი მაისურის ნაცვლად, მას ციხის ნარინჯისფერი ფორმა აცვია ნომრით - 0009158, ხოლო ფლორიდელი ბიჭის მომღიმარი სახის ნაცვლად, წინა კბილის გარეშე დარჩენილი მოღუშული პატიმარი უცქერს.

"საკუთარი თავის გარდა, ვერავის დავადანაშაულებ იმაში, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. დამნაშავე ფული არ
არის. ადამიანებს არ ესმით, რომ როცა ნარკოკულტურას უკავშირდები, კოლოსალურ ზეწოლას გრძნობ", - ამბობდა ჯონსონი სასამართლოს შემდეგ.

ედი ღრმად მორწმუნეთა ოჯახში დაიბადა ქალაქ ოკალში - მზიანი ფლორიდის ზუსტად ცენტრში: 80 კილომეტრის მოშორებით ორლანდოდან და 60 კილომეტრის მოშორებით მექსიკის ყურიდან. ბიჭი არა ატარებდა დროს ქუჩაში მუქთახორებთან, მათხოვრებთან და ლოთებთან. ის კეთილშობილ რაიონში გაიზარდა, სადაც მეზობლები ერთმანეთთან დაუპატიჟებლად მიდიოდნენ, კვირაობით ჯგუფებად დადიოდნენ ეკლესიაში, ბავშვები კი უდარდელად თამაშობდნენ ქუჩაში მეთვალყურეობის გარეშე.

"სახლის კარს არასოდეს ვკეტავდით. ხოლო, როცა ვინმესთან სტუმრად რამეს ვაშავებდი, მცემდა როგორც დედაჩემის მეგობარი, ასევე დედაჩემიც", - იხსენებდა ედი ბავშვობას.

სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო და პრობლემებს არ უქმნიდა არც მასწავლებლებს და არც საკალათბურთო მწვრთნელს ჰიუ ლინდსლეის. "როცა მეორე კლასში იყო, უკვე შეეძლო ბურთის გატარება ფეხებს შორის და ზურგს უკან", - ამბობს ჰიუ.

"ატლანტა ჰოქსმა" ედი ჯონსონი 1977 წლის დრაფტზე მესამე რაუნდში აიყვანა და მსუბუქი შემტევი მცველი თავიდანვე მოეწონათ ფანებს. მესამე სეზონში ის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობისთვის აირჩიეს. ედიმ ცხრა წელი გაატარა "ჰოქსის" შემადგენლობაში, საშუალოდ თამაშში 15 ქულას აგროვებდა და 5 შედეგიან პასს ასრულებდა. პირადი რეკორდი კი 1980-81 წლების სეზონში დაამყარა - 19.1 ქულა მატჩში.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია გარანტირებულად აქცევს მილიონერად ყველა ნიჭიერ ბიჭს, მაგრამ ხშირად, ნაკლებად განათლებულმა სპორტსმენებმა, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ დროს მხოლოდ ვარჯიშებზე ხარჯავდნენ, არ იციან რაში გამოიყენონ ამდენი ფული. ზოგიერთი მას განათლებას ახმარს, ბიზნესში აბანდებს - ასეთები ბევრნი არ არიან. პრაქტიკულად არსად არ არსებობს ამდენი მდიდარი, მაგრამ ცუდი გემოვნებისა და ცუდი მიდრეკილების მამაკაცი, როგორც ეს NBA-შია - ვულგარული ტანსაცმელი, მდიდრული უაზრო მანქანები, ქალები, ნარკოდილერები. ეს ყველაფერი გარს ეხვია ედი ჯონსონს კარიერის საუკეთესო წლებში და ხუთოსანმა პროვინციული ოკალიდან თავი დაკარგა.

1986-87 წლების სეზონის შუაში, "ატლანტამ" ჯონსონი "კლივლენდში" გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე იყო. მაგრამ კოკაინით გატაცებამ და ხშირმა ტრავმიანობამ აიძულა "ჰოქსი", თავიდან მოეშორებინა კალათბურთელი.

კარიერის მორიგი ეტაპი ხანმოკლე აღმოჩნდა: "კავალიერზთან" ერთად სეზონის დასრულების შემდეგ, ედი "ტამპა ბეი ტრილერსში" წავიდა, სადაც ერთი წელი გაატარა და შემდეგ ის "სიეტლ სუპერსონიქსში" გაყიდეს. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჯონსონი ნარკოტიკულ დამოკიდებულებას ებრძოდა, რეგულარულად იღებდა ჯარიმებს NBA-სგან, სტუმრობდა კლინიკებს, მაგრამ გამოწერიდან ერთი დღის შემდეგ, კოკაინის პაკეტების შეძენის მომენტში ფოტოებში ხვდებოდა. 1987 წელს, NBA-ს ეს ყველაფერი მობეზრდა და ასოციაციამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა კალათბურთელს.

ორწლიანი გაუჩინარების შემდეგ, ჯონსონმა შოკისმომგვრელად შეახსენა ყველას თავი: ყოფილი კალათბურთელი, დიდი ფულის პატრონი და მოქეიფე ედი ჯონსონი უცხო ბინიდან 9 ათასი დოლარის მოპარვის გამო დააპატიმრეს. ფული მას კოკაინის შესაძენად სჭირდებოდა.

იმავე 1989 წელს, ედიმ აღიარა, რომ ვიღაც ქალის სახლში შეიპარა, 250 დოლარის ღირებულების ვიდეომაგნიტოფონი მოიპარა და ქუჩაში 20 დოლარად გაყიდა.

ედი ისევ გაქრა მედიის სივრციდან და გამოჩნდა 2000 წელს, როცა ნარკოტიკების შეძენისას დაიჭირეს. დაკავებისას, ჯონსონმა პოლიცილებთან იჩხუბა, მაგრამ ხელები გადაუგრიხეს და განყოფილებაში წაიყვანეს. იქ მან განაცხადა, რომ ცხვირში უმიზნებდა პოლიციელს, მაგრამ ააცილა. იმავე წელს, ჯონსონი მაღაზიიდან ტანსაცმლის გატანისას დააპატიმრეს. მოპარულის ღირებულება 98 დოლარი იყო.

"პატარა ქალაქიდან გამოსულმა ბიჭმა მიაღწია ყველაფერს, მაგრამ, ახლა, როცა ძველ და კეთილ დღეებს ვიხსენებთ, ვერ ვხვდებით, რა დაემართა მას", - გაკვირვებული იყო ედის ბავშვობის მწვრთნელი.

ედი ჯონსონი იპარავდა და იპარავდა, მაგრამ სასამართლოზე გაირკვა, რომ ბოლომდე არ ჰქონდა დახარჯული ის ფული, რაც კალათბურთის თამაშით გამოიმუშავა. ყოფილი პროფესიონალი კოლეჯებში თავისი სამი შვილის სწავლის გადასახადს იხდიდა და NBA-სგან კვირაში 300 დოლარს იღებდა. მაგრამ მაინც არ ჰყოფნიდა ფული კოკაინზე. ცხოვრებაში მთავარ დანაშაულამდე, ედის ასზე მეტი დაპატიმრება დაუგროვდა.

2006 წლის ზაფხულში, ჯონსონი შინ ბრუნდებოდა. მის გვერდით საპატრულო მანქანა გაჩერდა, იქიდან ორი პოლიციელი გადმოვიდა, ედი კაპოტზე დააწვინეს, ხელბორკილები დაადეს, გაჩრიკეს, უფლებები წაუკითხეს და განყოფილებაში წაიყვანეს. იქ მას ატირებული ნაცნობი ქალი ელოდა.

ოთხი შვილის დედამ პოლიციას მიმართა განცხადებით - ედი ჯონსონმა მისი რვა წლის ქალიშვილი გააუპატიურა. სანამ ქალი შინ არ იყო, ედი დაუპატიჟებლად (ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევით) მივიდა მასთან სტუმრად და ჩაიკეტა ოთახში გოგონასთან ერთად. სამ ბიჭს მამაკაცის შეეშინდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.

როცა დედა შინ დაბრუნდა, გოგონამ ყველაფერი მოუყვა იმის მიუხედავად, რომ მოძალადემ ლაპარაკი აუკრძალა.

სასამართლოზე ჯონსონი თავად იცავდა თავს. ამტკიცებდა, რომ კოლეჯის იურიდიულ ლექციებზე მიიღო განათლება, მაგრამ, დიდი ალბათობით, მას ბანალურად ფული არ ჰქონდა ადვოკატისთვის, სასამართლოს მიერ დანიშნულ იურისტს კი არ ენდობოდა. ჩვენების მიცემისას, ედი ამტკიცებდა, რომ ბავშვები ჩხუბობდნენ და საწოლზე დახტოდნენ, ამიტომაც ჩაკეტა მთავარი ამრევი ოთახში და მხოლოდ შუბლზე აკოცა. ნაფიცმა მსაჯულებმა კოკაინის მოყვარული "მშვიდობისმყოფელი" დამნაშავედ სცნეს და სასამართლომ სამუდამო პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

"მე არ ვარ სულელი შავი. მე ვარ ჭკვიანი შავი. ყველა ანგარიში გადავიხადე, რომელიც ცხოვრებამ გამომიწერა", - ამბობს ედი და კალათბურთის სათამაშოდ მიდის სხვა მსჯავრდებულებთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული