დღეს, 25 იანვარს, "მილუოკი ბაქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით, 129:115 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში ლიგის მოქმედი MVP იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა, 14 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
კარგი მატჩი ჩაატარა ბობი პორტისმაც, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
კრის მიდლტონმა თავი 19 ქულას, 8 მოხსნას, 7 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა.
რაც შეეხება "ატლანტას", ტრეი იანგის არყოფნაში საუკეთესო მექულე დეანდრე ჰანტერი გახლდათ, რომელმაც გუნდს 33 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა.
შესანიშნავად ითამაშა ჯონ კოლინსმაც, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
იტალიელმა დანილო გალინარიმ თავი 17 ქულით, 3 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
16 თამაშის შემდეგ "ბაქსი" 10 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს.
თავის მხრივ, "ატლანტა" ამავე კონფერენციაში 8 მოგებითა და ამდენივე წაგებით მე-7 ადგილს იკავებს.
"მილუოკი" მომდევნო მატჩს 28 იანვარს, "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავს.
"ჰოუქსი" 27 იანვარს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდება.