ბითაძის კარიერის საუკეთესო მატჩი და პირველი ორმაგი დუბლი პლეი-ინში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძემ ნბა-ს კარიერის განმავლობაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ამისთვის მას მხოლოდ 18:42 წუთი დასჭირდა. "ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა ახალი ფორმატის ეგიდით ჩატარებულ მატჩში გამოიჩინა თავი, რომელში წაგებაც "ინდიანასთვის" სეზონის დასრულებას ნიშნავდა.

NBA-ს პლეი-ოფში პირდაპირი გზით თითო კონფერენციის 6-6 საუკეთესო გუნდი გავიდა. კონფერენციებში VII, VIII, IX და X ადგილებზე გასული გუნდები კი საკვალიფიკაციო რაუნდს თამაშობენ პლეი-ოფში დარჩენილი 2 ადგილის შესავსებად. ახალი ფორმატის თანახმად, VII და VIII ადგილებზე გასულ გუნდებს შორის გამარჯვებული პლეი-ოფში პირდაპირ გადის, ხოლო წაგებული პლეი-ოფის ბოლო საგზურისთვის
IX და X ადგილებზე გასულებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

"ინდიანამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილი დაიკავა, პირველ საკვალიფიკაციო მატჩში მე-10-ზე გასულ "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდა და 144:117 გაანადგურა. სწორედ ამ შეხვედრაში დააფიქსირა ბითაძემ ნბა-ს კარიერის საუკეთესო შედეგი. ქართველმა ცენტრმა 14 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს.

14 ქულა ბითაძის პირადი რეკორდის გამეორებაა NBA-ში. პირველად მან 14 ქულა გასულ აპრილს, "მინესოტასთან" მოგებულ მატჩში მიითვალა. რაც შეეხება ორმაგ დუბლს, ქართველმა ცენტრმა ამერიკულ კარიერაში მეორედ გამოსახა 2 სტატისტიკური მაჩვენებელი ორნიშნა ციფრით. პირველად ეს მან თავის მე-3 საკარიერო მატჩში, 2019 წლის 2 ნოემბერს, "კლივლენდთან" 102:95 მოგებულ მატჩში მოახერხა, როცა 25 წუთში 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გოგამ პირველად მიაღწია 10-მოხსნიან ბარიერს. კარიერაში კი მან ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ორნიშნა ციფრით მესამედ გამოსახა. დღევანდელ მატჩში ბითაძემ მეორე პერიოდში არასრული 7 წუთი ითამაშა, ხოლო ბოლო პერიოდში მთელი 12 წუთი იმყოფებოდა მოედანზე. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მან მეორე პერიოდში ლამელო ბოლსა და მალიქ მანკს დაუფარა, ხოლო მეოთხეში – ნიკ რიჩარდსს.

"ინდიანაში" საუკეთესო შედეგი დომანტას საბონისმა დააფიქსირა, რომელმაც ბითაძის მსგავსად, 14 ქულა, თუმცა 21 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. ბომბარდირი 23 ქულით ოში ბრისე გახდა, 21 ქულა დაგ მაკდერმოტმა მოაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ინდიანელთა ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი ტრავმირებულია, ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა.

"ინდიანას" პლეი-ოფამდე 1 ნაბიჯი დარჩა. ხვალ ბითაძის გუნდი "ვაშინგტონს" ხვდება, რომელმაც საკვალიფიკაციო მატჩი "ბოსტონთან" წააგო. "ბოსტონი" პლეი-ოფში გავიდა, ხოლო "ვაშინგტონი" პლეი-ოფში გასასვლელად "ინდიანას" 20 მაისს დაუპირისპირდება.

GBF

altგოგამ ლებრონს მეორედ დაუფარა! ბითაძემ ჩემპიონებთან კარიერის ერთერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
გოგამ რასაც მიაღწია უკვე ძალიან მაგარია. ვაცადოთ ძმებო. აგერ გიორგი შერმადინი რა გვიან გაიხსნა და მგონი საუკეთესო კალათბურთელია საქართველოს ისტორიაში. გოგას დროც მოვა. მეტი მონდომება, ის ფოტო ზაიონის პრესკონფერენცია სახლში ყველა კედელზე, თავდაუზოგავი შრომა, და რაც მთავარია, მეტი თავდაჯერებულობა - შენ გაქვს სიმაღლე, პლასტკიკა, სროლა დისტანციიდან რაც ძალიან მაგარია და აუცლიებელია დღვანდელ კალათბურთში ცენტრებისთვის.

(ტანისამოსს ნაკლები ყურადღეება ;)



ვახო
16:46 19-05-2021
2
გაუმართლა გოგას, საბონისმა მალე მიიღო ფოლები და დაჯდა სკამზე. გოგამაც თავი არ შეირცხვინა, ისე ორი ძალიან მარტივი ბურთი ვერ ჩააგდო და +4 ქულა კიდევ თავისულად შეეძლო
გია
11:10 19-05-2021
0

სიახლეები პოპულარული