ტრავმირებულ უესტბრუქს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პოპკორნი ესროლეს! "იუტამ" და "ნიუ იორკმა" წონასწორობა აღადგინეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 27 მაისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის 3 თამაში გაიმართა.

"ფილადელფიამ" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და სოლიდური უპირატესობით, 120:95 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ბენ სიმონსი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 9 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ჯოელ ემბიდმა, ბენის მსგავსად, 22 ქულა დააგროვა. მის მონაგარში ასევე შეხვდებით 7 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას.

რაც შეეხება "ვიზარდსს", ბრედლი ბილმა გუნდს 33 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო რასელ უესტბრუქმა, რომელმაც
მოედანი მეოთხედის საწყის წუთებში დატოვა. გასვლის მომენტში სუპერვარსკვლავს გულშემატკივარმა პოპკორნი ესროლა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. რა თქმა უნდა, "ფილას" გულშემატკივრის საქციელი არასამაგალითოა. როდესაც კალათბურთელი ტრავმას იღებს, არავისთვის გასახარი არ უნდა იყოს. "კუ ნინძას" ანგარიშზე 10 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

ამრიგად, "ფილადელფიას" სერია 2:0 მიჰყავს, მომდევნო ორი შეხვედრა კი დედაქალაქში გაიმართება. თამაშები 30 მაისსა და 1-ელ ივნისსაა ჩანიშნული.


"ნიუ იორკ ნიქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" სერიაში მეორედ უმასპინძლა. პირველი შეხვედრის ბოლო წამებზე წაგების შემდეგ გუნდს აუცილებელი გამარჯვება სჭირდებოდა და ასეც მოხდა, შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 101:92 დასრულდა.

"ნიქსის" რიგებიდან საუკეთესო დერიკ როუზი გახლდათ, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

რაც შეეხება "ჰოუქსს", ტრეი იანგმა თავი 30 ქულით, 1 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 1:1-ია. შემდეგი შეხვედრა ატლანტაში 29 და 30 მაისს გაიმართება.


რეგულარულ სეზონში ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე "იუტა ჯაზი" პირველ შეხვედრაში "მემფის გრიზლთან" დამარცხდა. ამიტომ ჩამორჩენის საკუთარ მოედანზევე აღმოხვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ. ასეც მოხდა და "ჯაზმა" 12-ქულიანი უპირატესობით, 141:129 იმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

"იუტას" რიგებიდან საუკეთესო მექულე დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მაიკლ კონლიმ საკუთარ გუნდს 20 ქულა, 4 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

რაც შეეხება "გრიზლს", საუკეთესო ახალგაზრდამ, ჯა მორანტმა თავი 47 ქულით, 4 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

დილონ ბრუკსის ანგარიშზე 23 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა გახლდათ.

2 თამაშის შემდეგ სერიაში ანგარიში 1:1-ია. მომდევნო ორი თამაში მემფისში 30 მაისსა და 1-ელ ივნისს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული