ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"გოლდენ სტეიტ უორიორსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 102:100 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან მოედანზე გოგა ბითაძე არ გამოჩენილა, რაც უცნაურია, რადგან დომანტას საბონისის გარდა, არც ერთ მაღალ კალათბურთელს თამაში არ გამოუვიდა. გასაკვირია ამავდროულად ის ფაქტი, რომ მსგავს მომენტებში ქართველი კალათბურთელი აქტიურად იტვირთება, თანაც გარკვეული პერიოდის წინ Forbes-ის (იხილეთ წერილი) სტატია გამოქვეყნდა, სადაც "პეისერსის" მთავარ მწვრთნელს, რიკ კარლაილს ურჩიეს, რომ უფრო მეტად აქცენტი გოგასა და დომანტასის დუეტზე აეღო, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ არის...
როგორც მოგახსენეთ, საბონისს
კარგი თამაში გამოუვიდა, ლიეტუველმა თავი 30 ქულით, 11 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
მაილის ტერნერმა შეხვედრა პირწმინდად ჩააგდო, ამერიკელმა ცენტრმა 6 ქულა (1/10), 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება დააგროვა. ერთი შეხედვით, თითქოსდა ნორმალური მატჩი იყო, მაგრამ ნასროლ და გამოყენებულ ბურთებს თუ შევხედავთ, ეს ყველაფერზე მეტყველებს.
ოშე ბრისეტმა შედარებით უკეთესად იასპარეზა. გუნდის ახალწვეულმა 8 ქულა (3/7), 4 მოხსნა და 5 ჩაჭრა დააგროვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გაუგებარია, რატომ არ ენდო ასეთ დროს გოგას რიკი.
რაც შეეხება "უორიორსს", საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა. აღსანიშნავია, რომ "ოქროს ბიჭუნას" 2 სამქულიანი აკლია რეი ალენის რეკორდის გამეორებამდე (ყველაზე მეტი ჩაგდებული სამქულიანების სიაში 1-ელ ადგილზე გადავა, რეის 2973, სტეფს 2972)
ენდრიუ უიგინსმა და დრეიმონდ გრინმა თანაბარი, 15-15 ქულა დააგროვეს.
ამრიგად, "პეისერსი" 12 გამარჯვებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 დეკემბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
თავის მხრივ, "გოლდენ სტეიტი" 22 მოგებითა და 5 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, შემდეგი ტურის მატჩს 15 დეკემბერს, "ნიუ იორკ ნიქსის" პირისპირ ჩაატარებს.
"ბოსტონ სელტიკსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 117:103 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 6 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა (1/2) და 1 მოხსნა დააგროვა.
საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა, თანაც ისე, რომ ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს.
მასპინძელთა მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა თავი 42 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "ირმები" 18 გამარჯვებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერნეციაში მე-3 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი, როგორც უკვე აღვნიშნე, 16 დეკემბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბოსტონი" 14 მოგებითა და ამდენივე წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს 18 დეკემბერს, "გოლდენ სტეიტის" პირისპირ გამართავს.