ESPN-ის ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის თქმით, წლის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდოს "დენვერ ნაგეტსის" ცენტრი ნიკოლა იოკიჩი მიიღებს. ოფიციალური განცხადება კვირის ბოლოს იგეგმება.
შეგახსენებთ, სერბ კალათბურთელს წინააღმდეგობას ჯოელ ემბიდი ("ფილადელფია") და იანის ანტეტოკუნმპო ("მილუოკი") უწევდნენ.
ნიკოლამ 2021/22 წლების რეგულარული სეზონი 27.1 ქულით, 13.8 მოხსნით, 7.9 ასისტით, 1.5 ჩაჭრითა და 0.9 დაფარებით დაასრულა.
ამასთან ერთად, იოკიჩი NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 2000 ქულა, 1000 მოხსნა და 500 შედეგიანი გადაცემა 1 სეზონში დააგროვა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მე-2-მე-3 ფიგურები, ჯამალ მარი და
მაიკლ პორტერ ჯუნიორი ტრავმირებულები იყვნენ, სერბი სპორტსმენის ლიდერობით "ნაგეტსმა" დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი დაიკავა, პლეი-ოფში კი "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" 1:4 დამარცხდა.
იოკიჩი ლიგის ისტორიაში მე-15 კალათბურთელია, რომელმაც MVP-ის ჯილდო ერთზე მეტჯერ მოიგო.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით