პრეზიდენტად გახდომის შემდეგ პაატა გურასპაულის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა მასმედიის წარმომადგენლებთან პერმანენტული შეხვედრების გამართვა და მიმდინარე საკალათბურთო საკითხებზე საუბარი გახლავთ.
- მსაჯებთან დაკავშირებული სკანდალი შოკი აღმოჩნდა ჩემთვის და მართლა სიზმარში მეგონა თავი. გარკვეული პერიოდი დაგვჭირდა, რომ გამოვსულიყავით ამ სიტუაციიდან. ენითაუწერელი სიტუაცია იყო ფედერაციაში. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ეს პრობლემა გადაგველახა.
ჩემ პრეზიდენტობამდე საქართველოში ჩამოვიდა სერბი სპეციალისტი, რომ ეპოვა ახალგაზრდა და პერსპექტიული მსაჯები. დღევანდელი მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 15
მსაჯებთან ერთად მწვრთნელების გადამზადება და კვალიფიკაციაც გაიზარდა. ნოდარ ავალიშვილი ამ საკითხზე მუშაობს და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.
რაც შეეხება ნაკრებს, აქ დაგვხვდა ურთულესი თემა. ევროლიგასა და ფიბას შორის არის დაპირისპირება, რის გამოც გამოგვაკლდა თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებიც ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ. კიდევ ერთი პრობლემა ტრავმიანობაა: დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და მანუჩარ მარკოიშვილი.
მაიკლ დიქსონი, რომელიც თურქეთის მეორე ლიგაში თამაშობს, მას კლუბი არ უშვებდა და რომ არა ჩვენი ძალისხმევა, აღმოვჩნდებოდით სანაკრებო კატასტროფის წინაშე.
ყველაფრის მიუხედავად, ზუროსმა შეძლო ნაკრების შეკვრა და პროგრამა-მინიმუმი, პრაქტიკულად, შეასრულა. ჩვენ უფრო მეტი გეგმა გვაქვს, ვიდრე ჯგუფიდან გასვლაა და ეს ყველაფერი მომავალში გამოჩნდება.
სწორი იყო წინა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება "ბ" ნაკრებთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუ დავაკვირდებით, ამ შეხვედრებში ზუსტად მეორე ნაკრების კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული.
სასიხარულოა, რომ გერმანიასთან მატჩში ევროპაში ყველაზე დიდი დასწრება გვქონდა და მსოფლიოში მესამე. ფიბამ მატჩის ორგანიზებაში დაგვიწერა 9.5 ქულა და ის ნახევარი ქულაც დაგვაკლეს სპორტის სასახლის განათების გამო. ფიბას წარმომადგენლები გაოცებულნი იყვნენ მატჩის ორგანიზებით და ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ გამოცდილება გაგვეზიარებინა.
იმედი გვაქვს, რომ ყველა ტრავმირებული კალათბურთელი შემდეგი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის დაგვიბრუნდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში თორნიკე შენგელიაც და გიორგი შერმადინიც ევროლიგისგან თავისუფლები იქნებიან. ავსტრიასთან და სერბეთთან მატჩში ვიმედოვნებთ, რომ სრული ნაკრები გვეყოლება.
კიდევ ერთი სიახლე, რაც მინდა გითხრათ, ჩვენ მივაღწიეთ, რომ "სეტონ ჰოლის" კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი აუცილებლად გახდება საქართველოს მოქალაქე და ჩვენს ნაკრებს დაეხმარება. მას ივნისში ველოდებით, სანაკრებო თამაშების დროს. შემდეგ კი მამუკელაშვილი და ბითაძე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაეხმარებიან 20-წლამდელთა ნაკრებს.
ფიბამ თბილისური ორგანიზების შემდეგ, აპრილში "იებლის ტურნირის" ჩატარების უფლება მოგვანიჭა, რომელსაც მაქსიმალურად კარგ ორგანიზებას გავუწევთ.
ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპი ჩატარდეს თბილისში. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხერხდება.
რაც შეეხება "ბასკონიის" კონტრაქტს, მე დავესწარი და ვნახე, რა სიტუაციაში არიან ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელები. მე მართლა არ ველოდებოდი ასეთ პირობებს და გაოცებული დავრჩი.
ჩვენ დავიწყეთ ინტეგრაცია სპორტის სხვა სახეობებთან, დავესწარით მორაგბეთა ნაკრების დაპირისპირებას რუმინეთთან და ე.წ. მესამე ტაიმზეც ვიყავით მათთან ერთად. ამას მიეცემა სისტემატური ხასიათი და სპორტის ყველა სახეობასთან შევეცდებით, რომ ერთ მუშტად შევიკრათ. ჩვენს თამაშებზეც ავსტრიასთან და სერბეთთან აუცილებლად იქნება სხვა სპორტის წარმომადგენლებიც.
- საკალათბურთო სკანდალის შემდეგ ამ ამბებში გახვეული ერთ-ერთი მათგანის აქტივობა შეინიშნება ბავშვთა კალათბურთში. რამდენად მართებულია მათი ბავშვებთან ყოფნა?
- გამოძიება არ არის დასრულებული. რა დადგენილებასაც გამოიტანს სასამართლო, იმის მიხედვით მოვიქცევით ჩვენ. მანამდე კი ფიქრიც არ იქნება მათ კალათბურთში დაბრუნებაზე.
ოფიციალურად ისინი ვერ იქნებიან გუნდთან ერთად, თუმცა მათ დასწრებას ვერ ავუკრძალავთ. მათ აკრძალული აქვთ ყველანაირი საკალათბურთო აქტივობა.
- თქვენ ისაუბრეთ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობაზე. რა შანსები გვაქვს ამ მხრივ?
- როგორც ჩვენ ვიცით, 7-8 ქვეყანას აქვს ამის სურვილი. ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები ავსტრიასა და სერბეთთან მატჩის ორგანიზებაში. უნდა ვაჩვენოთ ფიბას, რომ შეგვიძლია. პროგრამა-მინიმუმი არის ჯგუფური ეტაპის ჩატარება და მაქსიმუმი - ფინალური ეტაპი. თუ ამ ყველაფერს ფიბა გაითვალისწინებს, მასპინძლობის დიდი შანსი გვექნება.
- თქვენ იყავით ესპანეთში და შეხვდით კალათბურთელებს. ამ კალათბურთელებმა თქვენს ოპონენტს დაუჭირეს მხარი და შედგა თუ არა ამაზე საუბარი?
- მე წინააღმდეგი ვარ, რომ მოქმედმა კალათბურთელმა რომელიმე კანდიდატის მხარე დაიჭიროს. მერწმუნეთ, ეს საუბარი ნამდვილად არ შემდგარა და გაიარა ამ ყველაფერმა. კალათბურთი არის ყველასი და ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა.