მუნდიალის მოგება შეგვიძლია! - ინტერვიუ მანუელ ნოიერთან

AutoSharing Option
მანუელ ნოიერი ფიფას ვერსიით 2013 წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. 27 წლის გოლკიპერმა მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ყველაფერი მოიგო და გაჩერებას არ აპირებს. "შალკეს" ყოფილი კარის დარაჯი წელს საკლუბო წარმატებების გარდა, ნაკრებთან ერთად გეგმავს ბრაზილიის მუნდიალზე ღირსეულად გამოსვლას და სულაც მსოფლიოს ჩემპიონობის იმედი აქვს. მოკლედ, ვნახოთ რას გვეტყვის ეს მართლაც ნიჭიერი მეკარე...

- რამდენად მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო თქვენთვის ფიფას წლის გუნდში მოხვედრა?
- ახალგაზრდა მოთამაშის პირველი ოცნება ის არის, რომ პროფესიონალი გახდეს. შემდეგ კი, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვები ყველაფერს. გინდა განვითარდე, რეგულარულად ითამაშო,
მოხვდე ნაკრებში... ამაზე დიდი მიღწევა არ არსებობს. რასაკვირველია, ცალკე არის ინდივიდუალური აღიარებებიც და წლის გუნდში მოხვედრა ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის პატივია, რომ მართლაც დიდებულ მეკარეებთან ერთად მახსენებენ.

- წინა წელს "ბაიერნმა" ყველაფერი მოიგო რაც შეიძლებოდა კლუბს მოეგო. რატომ არის გუნდი ამჟამად ასეთი ძლიერი?
- ჩემი აზრით, გუნდურობაა ამის მთავარი მიზეზი. ძლიერი გუნდი გვყავს, რომელშიდაც ბევრი მსოფლიო დონის მოთამაშეა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბაიერნიდან ფიფას წლის თერთმეტეულში 3 ფეხბურთელი მოხვდა. კლუბი ახლა მართლაც ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ აქამდე მოსვლას წინ ხანგრძლივი პროცესი უძღვოდა. იქამდე ცუდად კი არ ვასპარეზობდით, არა, ყოველთვის ახლოს ვიყავით დიდ წარმატებებთან. უბრალოდ ახლა კიდევ უფრო დავიხვეწეთ. წინა სეზონში ჰეთთრიქი შევასრულეთ და ამას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებაც დავუმატეთ. ეს არის შედეგი როგორც ფეხბურთელების, ასევე კლუბის ყველა თანამშრომლის სწორი მუშაობისა.

Sportall.Ge

- "ბაიერნის" გამარჯვებულის მენტალიტეტი გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ გამოადგება?
- რა საკვირველია! წინა წლებში წარმატებებს ვაღწევდით და იმედია, განვითარებას გავაგრძელებთ. გარდა ამისა, მხოლოდ "ბაიერნმა" კი არა, "დორტმუნდმაც" ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გერმანული კლუბების გასვლა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი მიმართულებით მიდის მუშაობა. ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია სხვა ქვეყნების დამარცხება და ეს უნდა დავამტკიცოთ, თავდაჯერება ნამდვილად არ გვაკლია.

- ჯგუფში განა, პორტუგალია და აშშ გყავთ. რას იტყვით თქვენს მეტოქეებზე?
- ძალიან ძლიერი ჯგუფია. ეს კარგად გვესმის, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მეტოქეების დამარცხება ძალგვიძს. სამივე მათგანს ახლო წარსულში შევხვედრივართ და ვიცით როგორ მოვემზადოთ, რითაც ვართ კიდეც დაკავებულნი.

- გერმანიის ნაკრებს კარგი მეკარის პრობლემა არასოდეს არ ჰქონდა. რით არის ძლიერი გერმანული სამეკარეო სკოლა?
- გერმანიაში მეკარეებს ძალიან კარგად ავარჯიშებენ. მართლაც არასდროს ვყოფილვართ შეზღუდულები ამ მხრივ და იმედია, ყოველთვის ასე იქნება. როგორც წესი, მეორე, მესამე და მეოთხე გოლკიპერსაც კი უმაღლეს დონეზე შეუძლია ნაკრების კარის დაცვა.

Sportall.Ge

- თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მეკარეობა?
- კარში დამაყენეს... 4 წლის ვიყავი, როდესაც პირველ კლუბში აღმოვჩნდი. ნაცრის საფარიან მოედანზე ვვარჯიშობდით და არავის არ უნდოდა ასეთ პირობებში კარში ჩადგომა.

- თქვენი აზრით, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე?
- რთული სათქმელია. ზოგიერთმა მეკარემ ეპოქა შექმნა, მათ ირჩევდნენ საუკეთესოებად სხვადასხვა გამოკითხვებში. თამაში საგრძნობლად შეიცვალა. როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი კუმირი ედვინ ვან დერ სარი გახლდათ, რადგან ის ძალიან თანამედროვე გოლკიპერი იყო, და დაეხმარა მეკარეობის გარდაქმნასა და გათანამედროებას.

Sportall.Ge

- რომელმა მწვრთნელმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა?
- ესეც რთული კითხვაა. ბოლო პერიოდიდან იუპ ჰაინკესს გამოვარჩევდი, რადგან 2 წელი მწვრთნიდა და ერთად წარმატებებს მივაღწიეთ. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მონაკვეთია. იგი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, რომელსაც არაერთ გუნდთან ერთად მიუღწევია წარმატებისთვის და მისგან ბევრი ვისწავლე, ისევე როგორც ჩემი სხვა მწვრთნელებისგან.

- ჰაინკესი ფიფამ წლის მწვრთნელად დაასახელა...
- დამსახურებულადაც. ჩემი აზრით, რომ არსებობდეს ჯილდო ცხოვრებისეული დამსახურებებისთვის, იგი სწორედ ჰაინკესს უნდა მოეპოვებინა. თანაც სიმბოლურად და ღირსეულად წავიდა მას მერე, რაც ყველაფერი მოიგო. წლის საუკეთესოდ დასახელება კი ნამდვილად ეკუთვნოდა.

- არის ისეთი გაშვებული ბურთი, რომელიც დღემდე განსაკუთრებით გაწუხებთ და გული გწყდებათ?
- ალბათ დიდიე დროგბას გოლზე გაიფიქრეთ მიუნხენში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ის თავური რომ არ გასულიყო, ჩვენ ამ ტურნირს 2012 წელსაც მოვიგებდით.

Sportall.Ge

- 2002 წლის მუნდიალზე გერმანია მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 2006 და 2010 წლებში მესამეზე. 2014 წელი გერმანიისა იქნება?
- ვიმედოვნებ. ცხადია, რომ ფავორიტებს შორის ვართ, ამას თქმაც არ უნდა. გამარჯვების შანსი აქვთ იმ ნაკრებებს, რომლებიც ყოველთვის ფავორიტებად მოიხსენიებიან და რომლებიც ყოველთვის კარგად გამოდიან დიდ ტურნირებზე. ამ სიაში სამხრეთამერიკული ნაკრებები უნდა გამოვარჩიოთ - მასპინძელი ბრაზილია,ურუგვაი, რომელიც ჩემი აზრით, ფარული ფავორიტია და რა თქმა უნდა, არგენტინა. თანაც სამხრეთამერიკელები ნაცნობ ტერიტორიაზე და გარემოში ითამაშებენ.

- რას ელით მუნდიალისგან, რომელიც ბრაზილიაში იმართება, ქვეყანაში სადაც ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ?
- როდესაც ისეთ ქვეყანაში მივდივარ სადაც ჯერ არ ვყოფილვარ, ვცდილობ ხოლმე წინასწარი წარმოდგენა არ შევიქმნა, რადგან ასე უფრო ადვილია გამოცდილების მიღება და შეფასება. ზუსტად ასე მივუდექი სამხრეთ აფრიკის მოსფლიოს ჩემპიონატსაც. ბრაზილია მართლაც ფეხბურთით ცხოვრობს, კაცებიც და ქალებიც შეპყრობილნი არიან თამაშით და დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მონაკვეთი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული