დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტური მარნეულის "არმაზისა" და რუსთავის "ხარების" მატჩით გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ არმაზელები მიმდინარე ჩემპიონატისთვის საგრძნობლად მოღონიერდნენ, განვლილ ორ ტურში ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგეს. ხოლო უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "ხარებმა" ორი თამაშიდან ორივეში გაიმარჯვა.

საგულისხმოა, რომ ამ მატჩის შემდეგ ყველაფერი უცვლელი დარჩა: რუსთაველებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს, "არმაზს" კი ჯერაც არ განუცდია გამარჯვების სიხარული.

ცხადია, "ხარების" ასეთი სტარტი ყველაზე დიდი მოულოდნელობაა მიმდინარე გათამაშებაში. "არმაზთან" შეხვედრა, სტუმრად, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" რუსთაველთა აქტიურობით დაიწყო და ანგარიში სტუმრებმა ლელოთი მე-8 წუთზე გახსნეს.
"ხარებმა" მისთვის შესანიშნავად აპრობირებული მეთოდი - დერეფნიდან მოლის აგორება - კიდევ ერთხელ გამოიყენა და ლელო მესამეხაზელმა გიგა ქვლივიძემ გაიტანა. ფულბეკმა უჩა მჭედლიშვილმა გარდასახა - 0:7. ათ წუთში მანვე საჯარიმო დაარტყა ზუსტად და "ხარები" 10 ქულით დააწინაურა.

"არმაზი", ცხადია, ცდილობდა შეტევების ორგანიზებას, მაგრამ მეტოქის კარგად აწყობილ დაცვის ხაზს ვერაფერს უხერხებდა. 30-ე წუთზე კი, რუსთაველებმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ ბურთაობით შეუტიეს, მაგრამ ერთ-ერთი გადაცემა "არმაზის" მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა ჩაჭრა და ლელო ძელებს შირის გაიტანა. გარდასახვაც თვითონვე დაარტყა - 7:10.

შესვენებამდე "ხარების" დამრტყმელმა კიდევ ერთხელ გაიტანა საჯარიმო და სტუმართა ექვსქულიანი უპირატესობა დააფიქსირა - 7:13. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "არმაზმა" ტემპს უმატა. ერთი ლელოს გატანაც შეძლო, მაგრამ ამაზე მეტოქემ თითო არეკნითა და საჯარიმოთი უპასუხა და კიდევ ერთი, მწვავე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება მიითვალა - 15:19.

არმაზი-ხარები 15:19
არმაზი (15-9): ლეგაშვილი (წიკლაური 70), გიგაური, ლიპარტელიანი (გოგლიჩიძე 45), კვესელაძე, სვანიძე, ჯინჭველაშვილი, მამუჩარაშვილი (დვალიშვილი 41); (1-8): თაგაური (ფხაკაძე 41), სოსელია (ხუროშვილი 41), ესართია (გაგნიძე 52), ჯიმშელეიშვილი, ფრიდონიშვილი, გუგეშაშვილი, მინაშვილი (ბარბაქაძე 55), ბერაძე.
2 ლ: ჯინჭველაშვილი, გიგაური. ს,გ - ჯინჭველაშვილი.
ხარები (15-9): მჭედლიშვილი (ბეჟუაშვილი 53), ქავთარაძე, ნათელაშვილი (თაბუკაშვილი 41), ქანდაურიშვილი, ბებიაშვილი, ბასილაია (მისრიაშვილი 59), ხუციშვილი; (1-8): ხაბაშვილი (ციცვიძე 51), აღაშვილი (კევლიშვილი 73), წიკლაური, აქუბარდია (ბერძული 73), ჯიმშიტაშვილი, მაჭარაშვილი (ციცქიშვილი 73), გოგიაშვილი, ქვლივიძე.
ლ: ქვლივიძე. გ,ა: მჭედლიშვილი. 3ს: მჭედლიშვილი (2), ბეჟუაშვილი.
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართა. მასპინძლებმა, ყველა ღონე იხმარეს, რათა ჩემპიონატი დაუმარცხებლად განეგრძოთ.

ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ სათამაშო უპირატესობას "ლელო" ფლობდა. ამ გუნდის დამრტყმელებს ირაკლი ყიასაშვილსა და მერაბ კვირიკაშვილს მუდმივად ფეხით გადაჰქონდათ ბურთი მეტოქის მოედანზე და მასპინძლების იქ ამოკეტვას ლამობდნენ.

თითქოს ეს სტრატეგია ამართლებდა კიდეც, მაგრამ ლელოელებმა პირველ ტაიმში მხოლოდ სამი ქულის მოპოვება შეძლეს. "აიამ" კი, მეტოქის თითქმის ყველა შეცდომა გამოიყენა. გიორგი ბაბუნაშვილმაც კარში ზუსტად ურტყა და ქუთაისელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

აია-ლელო 19:10
აია: ლ - აბრამიძე. 3ს,გ,ა - ბაბუნაშვილი
ლელო: ლ - პერანიძე. ს - ყიასაშვილი. გ - კვირიკაშვილი
მსაჯი: შოთა თევზაძე

თუ "აიასთან" მატჩში "ლელომ" პირველად წააგო, მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა გუნდმა თბილისის "ლოკომოტივმა".

რკინიგზელებმა თანაქალაქელ "აკადემიას" თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და 21-ე წუთისთვის 15:0 უგებდნენ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "ლოკომოტივი" დიდი ანგარიშით სძლევდა მეტოქეს, მაგრამ აკადემიელები დროულად მოეგნენ გონს და თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს - 10:15.

საბოლოოდ, რკინიგზელებმა მაინც შეძლეს ამ სხვაობის შენარჩუნება და მოგება.

ლოკომოტივი-აკადემია 18:13
ლოკომოტივი: 3ლ - შკინინი (2), გოგოლაშვილი. ს - ნიკოლავა
აკადემია: ლ - სიჭინავა. 2ს,გ - მოძღვრიშვილი
მსაჯი: საბა აბულაშვილი

ქვეყნის ჩემპიონმა გორის "ჯიქმა" მეორედ მოიგო. ამჯერად, გორელებმა სტუმრად ითამაშეს აუტსაიდერ ქუთაისის "ბაგრატთან" და 22:9 დაამარცხეს. ამასთან ერთად მათ საპრემიო ქულის მოპოვება და ლიდერთა ჯგუფთან მიახლოებაც შეძლეს.

აღსანიშნავია, "ჯიქში" სეზონის წინ "ლელოდან" გადაბარგებული შერკინების კვაჭის გიორგი ჭყოიძის კარგი გარჯა, რომელმაც ამ მატჩში ორი ლელო მიითვალა.

ბაგრატი-ჯიქი 9:22
ბაგრატი: 3ს - ოდიშარია.
ჯიქი: 3ლ - ჭყოიძე (2), ბიწაძე. 2გ,ს - ნინიძე.
სინბინი: გ. კიკვაძე, შ. კიკვაძე.
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი

მართალია, "ბათუმს" ასპროცენტიანი შედეგი არ აქვს, მაგრამ სტუმრად, "არმიასთან" დიდი ანგარიშით 32:0 მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ზღვისპირელებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს, მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და ქულების აღების საშუალება არ მისცეს. ვიმედოვნებთ, რომ ევროთასებზე მონაწილე "ბათუმი" კიდევ უფრო მოუმატებს და ბევრად უკეთეს ფორმაში შეხვდება ევროასპარეზს.

არმია-ბათუმი 0:32
არმია: სინბინი - მეკოკიშვილი
ბათუმი: 4ლ - თუთბერიძე, ურჯუკაშვილი, ტუჩაშვილი, კორტავა. 3გ2ს, - კობახიძე
სინბინი: ბუჯიაშვილი
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

IV ტური
ხარები-აკადემია, ლელო-ლოკომოტივი, ჯიქი-არმია, არმაზი-ბაგრატი, ბათუმი-აია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არმაზი მარნეულში როდიდან ითამაშებს?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული