დიდი 10: "ჯიქი" "ხარებს" დაუზავდა

AutoSharing Option
გოგიტა ბუხაიძის ფოტო

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში გამართულ 50-ე მატჩში მეორე ფრე დაფიქსირდა. გორში "ჯიქი" რუსთავის "ხარებს" ორჯერ უგებდა, სტუმრებმა წონასწორობა ორივეჯერ აღადგინეს, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა 10:10 დასრულდა.

პირველი ტაიმი კარგი სანახავი გამოდგა. ორივე გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული და ფაზების აკინძვით ცდილობდა შედეგის მიღებას. ეს უკეთ რუსთაველებს გამოსდიოდათ, რომლებიც ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ "ჯიქი" დაცვაში კარგად იდგა, საკუთარ შანსებს კი, მაქსიმალურად იყენებდა

პირველი ასეთი შანსი დებიუტშივე გაჩნდა, გორელებმა დერეფნიდან გაშალეს შეტევა, "ხარების" დაცვამ თითქოს გადაწყობა მოახერხა,
მაგრამ მბოჭავმა ნიკა სამხარაძე ვერ შეაჩერა და მამუკა ნინიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. "ხარებმა" შტურმით უპასუხა და მეტოქის წითელ ზოლში დიდი დრო გაატარა, რაც მოლით და მე-12 წუთზე ერეკლე მაჭარაშვილის ლელოთი დასრულდა. კობა ბუჯიაშვილმა გარდასახვა გაიტანა - 7:7.

ნინიძემ კარის წინ 40 მეტრიდან "ჯიქს" უპირატესობა დაუბრუნა. მალე მასპინძლებმა 10 წუთით დიტო კიკნაძე დაკარგეს და "ხარებმა" მეორე ლელოს გასატანად ბევრი იბრძოლა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს და ზედ შესვენების წინ ბუჯიაშვილმა წონასწორობა აღადგინა - 10:10.


მეორე ტაიმში ტექნიკურმა წუნმა იმატა და სანახაობრივი მხარე დაიკარგა. "ჯიქმა" პერიოდებში მოახერხა ტერიტორიული უპირატესობის დაუფლება, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახა. ამის რეალური შანსი "ხარებს" ჰქონდა, მაგრამ ბუჯიაშვილმა კარის წინიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. დასკვნითი 10 წუთი მასპინძლებმა მეტობაში გაატარეს, ლაშა გოგიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა "ჯიქმა" ჯარიმა კარში არ დაარტყა, "ხარებმა" ლელოს დაცვა მოახერხა და წლის დასკვნით მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მე-10 ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ "ავჭალაზე", 15 საათზე დაიწყება და დედაქალაქურ დერბში "აკადემია" "არმიას" შეხვდება.

rugby.ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული