დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა

AutoSharing Option
გასულ კვირაში დიდი 10-ის გუნდებმა მე-5 ტურის შეხვედრები ჩაატარეს. მატჩები დაძაბული გამოდგა და სამი მათგანი მცირედი სხვაობით, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. ეს მეორე ფრეა დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში.

ლელო-სარასენსი 7:9 ბათუმი

ტური თბილისში, დიდ დიღომში, "ლელო არენაზე" გაიხსნა, სადაც მასპინძლებს ქვეყნის ჩემპიონი "ბათუმი" ეწვია.

დაძაბულ მატჩში ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა და შეხვედრის ერთადერთი ლელო გავიდა. მე-2 წუთზე ლელო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მონაგარს ვერაფერი შემატეს, ზღვისპირელებმა კი სამი ჯარიმა გაიტანეს.

ბექა ურჯუკაშვილმა
პირველი ზუსტი დარტყმა პირველი ტაიმის შუაში შეასრულა, 63-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო გამარჯვების მომტანი ჯარიმა გაწითლებულ დროზე გაიტანა.

შედეგად, "ბათუმი" 16 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო "ლელოს" 12 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა.

Sportall.Ge

აია 10:13 ხარები

ტურის ცენტრალურ მატჩში მანამდე დაუმარცხებელი ქუთაისის "აია" რუსთავის "ხარებს" მასპინძლობდა, რომელსაც პირველ ტურში მარცხის შემდეგ ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა.

შესვენებამდე ვაჟა ხუციშვილმა და გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმები გაცვალეს. ხუციშვილმა მეორე ტაიმის დებიუტში მეორე ჯარიმა გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. 63-ე წუთზე გიორგი აბრამიძემ ლელო გაიტანა და "აია" წინ გაიყვანა, ხოლო ბაბუნაშვილმა გარდასახა. ქუთაისელები მეხუთე მოგებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ გაწითლებულ დროზე გიგა ქვლივიძისგან საპასუხო ლელო გაუშვეს, გიორგი პეტრიაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 13:10 "ხარების" სასარგებლოდ.

მიუხედავად მარცხისა, "აია" 19 ქულით სატურნირო ცხრილის თავში რჩება. რუსთაველები მათ ქულით ჩამორჩებიან და მეორე ადგილზე არიან.

Sportall.Ge

ლოკომოტივი 18:18 არმაზი

თბილისის "ლოკომოტივმა" და მარნეულის "არმაზმა" "ავჭალაზე" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის 25 მატჩში ეს მეორე ფრეა.

საბოლოო შედეგი აქაც გაწითლებულ დროზე დაფიქსირდა. თავიდან "ლოკომოტივი" ტატო ჯავახიშვილის ჯარიმით დაწინაურდა და 26-ე წუთზე მანვე ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, 36-ე წუთზე სანდრო კალმახელიძემ ლელო გაიტანა, ხოლო საბა ნიკოლავამ გარდასახა და ტაიმი 8:7 დასრულდა.

ნიკოლავამ მეორე ტაიმში ჯარიმით სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ორ წუთში "ლოკომოტივმა" ნიკა წივწივაძის ლელოთი უპასუხა და ჯავახიშვილის გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო. მანვე 76-ე წუთზე კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა და თბილისელები 8 ქულით დააწინაურა. "არმაზმა" გივი ცინცაძის ჯარიმით მატჩის გადარჩენის იმედი დაიბრუნა, გაწითლებულ დროზე სალელოვედ შეუტია და გიორგი ნავროზაშვილმა მიზანს მე-6 გაწითლებულ წუთზე უწია. გარდასახვა არაზუსტი იყო და მატჩი 18:18 დასრულდა.

"ლოკომოტივი" 6 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე რჩება, ხოლო "არმაზს" ქულით მეტი აქვს და მე-8 პოზიციაზეა.

Sportall.Ge

აკადემია 8:6 იუნკერები

"რაგბი პლატოზე" თბილისის "აკადემიამ" "იუნკერებს" 8:6 სძლია და 17 ქულით მე-3 ადგილზეა. დიდი 10-ის დებიუტანტებმა მეოთხე თამაში დათმეს, თუმცა ყველა ჯერზე მოახერხეს ბონუსის აღება (მცირედი სხვაობით მარცხისთვის) და 8 ქულით მე-7 საფეხურზე არიან.

ანგარიში რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით გახსნა. მე-19 წუთზე სტუმრებმა თორნიკე ზოიძე დიდხანს ვერ შეაჩერეს და რაქიდან ლელოში ბურთი საბა ფესვიანიძემ გადადო. გარდასახვა არაზუსტი იყო და "იუნკერებს" ტაიმის მოგება შეეძლოთ, მაგრამ ხარაზიშვილს ჯარიმა გაუცუდდა. მან თავისიანები 56-ე წუთზე მაინც დააწინაურა, თუმცა დავით მოძღვრიშვილმა 68-ეზე ჯარიმითვე უპასუხა და "აკადემიამ" 8:6 იმარჯვა.

Sportall.Ge

ჯიქი 25:14 ყოჩები

ტური გორში, "ჭალის" სტადიონზე ადგილობრივი "ჯიქისა" და ბოლნისის "ყოჩების" შეხვედრით დასრულდა. სტუმრები პირველი ტაიმის ბოლოს 14 ქულით იგებდნენ, მაგრამ მერე 25 უპასუხო ქულა მიიღეს და ბონუსიც ვერ აიღეს.

თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე კობა ტატულაშვილმა ლელოთი ანგარიში გახსნა. მასპინძლებს დისციპლინაში პრობლემები ჰქონდათ და 27-ე წუთამდე თემურ სოხაძემ კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა - 14:0.

"ჯიქმა" პირველი ხიფათი ტაიმის მიწურულს შექმნა, კარის წინ ჯარიმა გამოიმუშავა და ის ბექა წიკლაურმა 3 ქულად გარდასახა. მანვე 49-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 8 ქულამდე დავიდა. 63-ე წუთზე მასპინძლებმა დერეფანში საინტერესო კომბინაცია გაითამაშეს, გუგა ხანთაძემ ხაზი გაჭრა და ლევან ჭავჭავაძემ ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო. რამდენიმე წუთში "ჯიქმა" კონტრშეტევა წამოიწყო და ამჯერად ლელო ხანთაძემ თავად გაიტანა, რითაც გუნდი დააწინაურა, წიკლაურმა კი გარდასახა.

75-ე წუთზე კოტე მარჯანიშვილმა მცველების შეცდომით ისარგებლა და მასპინძლების მესამე ლელო გაიტანა, წიკლაურმა კი გარდასახვით წერტილი დასვა - 25:14.

"ჯიქი" 9 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო "ყოჩები" 7 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილს იკავებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული