© რაგბის კლუბი ბათუმი
დიდი 10-ის მეორე წრის პირველ მატჩში, საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დებიუტანტ ‘იუნკერებს’ უმასპინძლა და 20:8 იმარჯვა.
მაყურებელმა კარგი პირველი ტაიმი იხილა. ორივე გუნდი ახერხებდა ფაზების აკინძვას და ხელდახელ კარგად უტევდნენ. ამ პერიოდში ‘იუნკერებმა’ 5 ქულით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ბათუმმა’ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.
‘იუნკერებმა’ უფრო აქტიურად დაიწყო თამაში, ორჯერ მაღალ ტემპში შეუტიეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და რამაზ ხარაზიშვილმა ის 3 ქულად გარდასახა. სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს, ჯარიმა კარში უკვე აღარ დაარტყეს, მე-19 წუთზე მოლი ააგორეს და ლევან
მეორე ტაიმის დასაწყისში კობა ჯიმშელეიშვილმა თავის ნახევარზე გაარღვია დაცვის ხაზი და დიდი მანძილი მოიგო, ხელდახელ შეტევაში თითქმის მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ალეკო შამილიშვილმა ბურთი ლელომდე მიიტანა, ხაზი კი სანდრო ქოიავამ გადაკვეთა და წონასწორობა აღადგინა. ურჯუკაშვილმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.
54-ე წუთზე ‘ბათუმმა’ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მათ ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევით მეტოქის 22-ის სიღრმეში შეაღწიეს, ზურა თუთბერიძემ ბურთი ზურგს უკან, საოცარი ტრაექტორიით გადაკიდა, ის დავით ტრაპაიძემ ჰაერში მოხსნა და ლელოში დაამიწა, ურჯუკაშვილმა კი გარდასახა. მატჩის მიწურულს მან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 20:8.
‘ბათუმს’ ამ გამარჯვების შემდეგ 32 ქულა მოუგროვდა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ცხრილის სათავეშია. ‘იუნკერებმა’ დიდი 10-ის მეათე მატჩში პირველად ვერ მოახერხა ქულის აღება და ჯამში 15 ქულით ჯერჯერობით მერვე ადგილზეა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით