BBC-ი მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - ქართული რაგბი "პრო 14"-თან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირზე თავისი გუნდის მიღებას მიაღწიოს.
"ლელოელები" ევროპის მეორე დონის რანგის საუკეთესო გუნდია, მაგრამ რეგულარულად არა აქვთ უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალება. "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა BBC Sport-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი მაღალი დონის საკლუბო ტურნირში ქართული გუნდის დაშვების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
"სხვადასხვა შეჯიბრებებში ჩვენი გუნდების მონაწილეობაზე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას", - ამბობს ჰეიგი. "პრო 14" ხშირად აცხადებს გაფართოების სურვილს და ჰეიგს იმედი აქვს, რომ უახლოეს ორ წელიწადში ქართული
გუნდი მისი წევრი გახდება. "შემდეგი ნაბიჯი ფრანჩიზის შექმნაა, რომელიც უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. ეს შესაძლოა "ქარი ქაფი" ან "პრო 14" იყოს, ან "ზე რაგბი". იმისათვის, რათა ვიყოთ წარმატებულნი, ტრამპლინი გვჭირდება და სასურველია ეს ევროპული ტურნირი იყოს, რადგან ეკონომიკურად მომგებიანია", - ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ბენ მორელი ტურნირის სტრუქტურაში ნებისმიერ ცვლილებას გამორიცხავს.
"ეს განცხადება იმედგამაცრუებელია. იმედია, ერთ დღესაც გარისკავენ და კარს გაგვიღებენ. ფინანსური თვალსაზრისით მათ რაღაც ასპექტში შემიძლია გავუგო, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მიზნის მისაღწევად", - იმედოვნებს "ბორჯღალოსანთა" დამრიგებელი.
საქართველოს ნაკრები ამჟამად ოქსფორდში ინგლისის ეროვნულ გუნდთან ერთად მისი თავკაცის ედი ჯონსის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.
"ზედიზედ მეორედ ვვარჯიშობთ ინგლისში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ედის, მის გუნდს და ინგლისის რაგბის ფედერაციას. ეს გამოცდილების მიღების უზარმაზარი შესაძლებლობაა", - დასძინა ჰეიგმა".
ყველაზე ღირებული ამ 30 წლის მანძილზე რაც ევროპამ ჩვენთვის, საქართელოსთვის გაიმეტა ეს არის დამოუკიდებლობის აღიარება, უვიზო მიმოსვლა და პრო -14