ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნები" 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის "შევარდენზე" ემზადებიან და დღეს ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს.

შეგახსენებთ, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა გერმანიის 52:3 ძლევით ტიტული მე-11-ედ მოიპოვეს. ჩვენი გუნდი 17 მარტს სტუმრად კრასნოდარში, საქართველოს დროით 16:00 საათზე ტრადიციულ მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს ეთამაშება და მისი ძლევით მერვე სლემის (ყველა თამაშის მოგება) შესრულებას ეცდება.

წვრთნა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხაზი და შერკინება ცალ-ცალკე გახურდა, მერე კი ბიჭები ორ გუნდად გაიყვნენ და სხვადასხვა სტატიკური ფაზიდან შეტევასა და დაცვაში ივარჯიშეს.

მწვრთნელები და მოთამაშეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ტიტულის ნაადრევად დაუფლების მიუხედავად, კარგად ესმით მომავალი მატჩის მნიშვნელობა და კრასნოდარში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

მილტონ ჰეიგი: "დღეს ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა. ხვალ ბიჭებს დავასვენებთ და ზეგ, კრასნოდარში გაფრენამდე კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება. რამდენიმე მცირე ტრავმა გვაქვს, სერიოზული არაფერია, თუმცა პარასკევს მათ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გადავხედავთ და შემადგენლობასაც ამის შემდეგ დავასახელებთ.

ქართველებისთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატში რუსეთთან თამაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა და ვფიქრობთ, გულშემატკივარს კვირას კარგ წარმოდგენას ვაჩვენებთ. რუსეთის ნაკრები უწინდელთან შედარებით უფრო სწრაფი და ათლეტური გუნდია. მათ ყველა კომპონენტში ეტყობათ გაუმჯობესება და ბურთსაც სწრაფად ათამაშებენ. ახლა რუსეთის ნაკრებს უფრო ბევრი იარაღი აქვს, თუმცა ჩვენ მზად ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ".

ზურაბ ჟვანია: "მართალია, რაგბი ევროპის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე ჩემპიონობა გავინაღდეთ, მაგრამ რუსეთთან თამაში, მათი სტუმრად დამარცხება, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. მე მჯერა ჩემი ნაკრების, ჩვენი ბიჭების და საქართველოში აუცილებლად გახარებულები დავბრუნდებით. ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს მივუძღვნით!"

ლაშა ხმალაძე: "მეტოქე ნამდვილად გაზრდილია. რუსული კლუბები, მათი ნაკრების მოთამაშეები, რეგულარულად თამაშობენ ჩელენჯ ქაფზე და ეს მათ გაზრდაში დაეხმარა. ფიზიკურად და ტექნიკურად ახლა ისინი უკეთ გამოიყურებიან, თუმცა ჩვენც გავიზარდეთ, ახალგაზრდული ნაკრებებიდან ძალიან კარგი, ტექნიკური და სხარტი ბიჭები ამოდიან.

როგორც ყოველთვის, ეს თამაში ახლაც მნიშვნელოვანია. არა აქვს მნიშვნელობა, ჩემპიონები გავხდით თუ არა, რუსეთთან მატჩი ყოველთვის პრინციპული იქნება და ასეა ახლაც. მეტოქეს რის საშუალებასაც მისცემ, იმას მოიმოქმედებს. ვეცდებით, რომ რუსებს პირველივე წუთებიდან გავუქროთ მოგებაზე ფიქრის საშუალება".

alt"ბორჯღალოსნების" საჩუქარი პატარა ქომაგს და სიმღერა - მილტონ ჰეიგი ვიდეოს ავრცელებს [VIDEO]


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
მეტოქის არ დაფასება ძვირად უჯდებათ გუნდებს კი იცით, ამიტომ სერიოზულად მიუდექით საქმეს, თითეული სანტიმეტრისთვის იბრძოლეთ და თითეული წუთი სწორად წარმართედ ჩვენს სასიკეთოდ. წარმატებები ბიჭებო!
ლაშა
18:03 13-03-2019
1
ხო რაღაც აბლატავდნენ რუსები და ჭკუა უნდა ვასწავლოთ გადავურბინოთ სრული წმ სიტყვის მნიშვნელობით და ზელანდიასთან რო უნდათ გათანაბრება იქნებ გაუნელდეთ:)
გოგა
22:43 13-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული