მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან მეორე მატჩისთვის ცვლილებები განახორციელა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

6 სექტემბერს შოტლანდიის ნაკრებს ედინბურგში, ქვეყნის მთავარ სარაგბო არენა "მერიფილდზე" ვერკინებით და ეს ჩვენი გუნდისთვის იაპონიაში გამგზავრებამდე უკანასკნელი რეპეტიციაა. ამავდროულად, წელს პირველად ხდება, რომ ერთ კვირაში ტიერ1-ის გუნდს ზედიზედ მეორედ ვეთამაშებით.

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს შოტლანდიას "დინამო არენაზე" დავუხვდით და მეტოქემ 44:10 იმარჯვა, ახლა კი იმავე გუნდს სტუმრად, საქართველოს დროით 22:30 საათზე ვეთამაშებით.

ერთი კვირის წინანდელი მატჩის შემდეგ ჰეიგმა სასტარტო 15-ში სულ სამი ცვლილება განახორციელა, თუმცა არის გარკვეული
გადაადგილებები. ღერძი უცვლელი დარჩა და 9 ნომერი - ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავი თედო აბჟანდაძე იქნება. ფულბეკად იწყებს თამაშს იოსებ მათიაშვილი. ცენტრში დავით კაჭარავას ამჯერად ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. აღსანიშნავია, რომ ცენტურიონ კაჭარავასთვის ეს 116-ე სანაკრებო შეხვედრაა და ის ამ კუთხით ერთპიროვნულად დაწინაურდება. ფრთაზე გადაინაცვლა ზურაბ ძნელაძემ, რომელიც სანდრო თოდუას შეცვლის, ხოლო მეორე ფრთა კვლავ მირიან მოდებაძე იქნება.

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს გუნდის კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი იწყებენ. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს ამჯერად გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში გადაინაცვლა შალვა სუთიაშვილმა, რომელიც ოთარ გიორგაძის ადგილს დაიკავებს, ხოლო მეორე ფლანკერად ბექა საღინაძეს გიორგი თხილაიშვილი შეცვლის. შერკინების შემკვრელი კვლავ ბექა გორგაძე იქნება.

ცვლილებებია მარქაფაშიც და კვაჭად თამაშში 19 წლის ვანო კარკაძე ჩაერთვება, ბურჯებად კი გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე შევლენ. მეორე ხაზში შეცვლაზე - ლაშა ლომიძე, ხოლო მესამეში საღინაძე შევა. 9 ნომრის მარქაფა კვლავ გელა აფრასიძეა. ასევე ცვლილებაზე რჩება თამაზ მჭედლიძე, ხოლო ხაზის კიდევ ერთი შემცვლელი გიორგი კვესელაძეა, რომელმაც ხელის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია დაასრულა და მოსამზადებელ მატჩებში პირველად ითამაშებს.

უკანა ხაზი: სოსო მათიაშვილი, ზურაბ ძნელაძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე, მირიან მოდებაძე, ლაშა მალაღურაძე, დავით კაჭარავა

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ბექა გორგაძე

თადარიგი:
გიორგი კვესელაძე, ვანო კარკაძე, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი მელიქიძე, ლაშა ლომიძე, ბექა საღინაძე, გელა აფრასიძე, თამაზ მჭედლიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
მგონია რომ უკეთ ვითამაშებთ ვიდრე თბილისში. რა თქმა უნდა არ ვფიქრობ რომ მოვიგებთ უბრალოდ უკეთ ვითამაშებთ. წარმატებებს და იღბალს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. ეს უკანასკნელი ძალიან დაგვჭირდება შოტლანდიასთან
irakli81
23:23 04-09-2019
0
ნამდვილად უკეთ ვითამაშებთ! შარიქაძის არყოფნაში, მალაღურას დაყენება ოპტიმალური მგონია. ხაზში მეორე 10-იანის ყოლა ნამდვილად დაგვეხმარება შეტევაში.
ჭია
01:02 05-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული