ფოტო: Hagiwara Yasuo
დღეს, 20 სექტემბერს, იაპონიაში 2019 წლის მსოფლიო თასი დაიწყო. სამ დღეში კი მასში "ბორჯღალოსნები" ჩაერთვება და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.
ჩვენი გუნდი 9 სექტემბრიდან ამომავალი მზის ქვეყანაში იმყოფება და მზადების დასკვნითი ეტაპი ტოკუშიმაში გაიარა, სადაც იაპონიის ტოპ-ლიგის ადგილობრივ კლუბ "ჰონდა ჰითთან" ერთობლივი ვარჯიშიც გამართა.
"დიდი შეკრების ბოლო ეტაპი იაპონიაში, ტოკუშიმას პრეფექტურაში გავიარეთ. ეს იყო მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო ეტაპი. აქ ნაკლებად გვქონდა დამღლელი ვარჯიშები. აქცენტი ტექნიკური და ტაქტიკური ელემენტების დახვეწაზე კეთდებოდა და საკმაოდ შედეგიანი, ნაყოფიერი პერიოდი გავიარეთ.
35 წლის მორაგბე, რომელსაც 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე უთამაშია, თვლის, რომ ხანგრძლივი, 3-თვიანი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ გუნდი სასურველ კონდიციაშია და უელსთან მატჩს მომზადებული ხვდება:
"ამდენი შრომის შემდეგ, ვფიქრობთ, იმ ფორმაში ვართ, როგორშიც გვსურდა, უელსთან მატჩისთვის ვყოფილიყავით. თავს ყველა კარგად გრძნობს და შედარებაც არაა იმ პერიოდთან, როდესაც "საუზერნ კინგსთან" და ორჯერ შოტლანდიის ნაკრებთან მოსამზადებელი თამაშები გვქონდა. ხანგრძლივი ფიზმომზადების შემდეგ ამ მატჩებს დაღლილები შევხვდით, რაც იმ პერიოდისთვის ნორმალური იყო. მას შემდეგ აღდგენის პერიოდი გავიარეთ და ახლა ყველა იმ ენერგიაზე ვართ, რაც გათვალისწინებული იყო."
სუთიაშვილი დარწმუნებულია, რომ უელსი საქართველოს ნაკრებთან თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადება, მით უმეტეს, რომ მათ კარგად ახსოვთ "ბორჯღალოსნებთან" პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი რკენა კარდიფში, 2017 წელს, სადაც გაწითლებულ დროზე გაშვებულ ლელოს გადაურჩნენ და 13:6 იმარჯვეს, თუმცა სარაგბო სამყაროსგან კრიტიკის ობიექტები გახდნენ:
"აღარ ვართ ისეთი პატარა გუნდი, რომ უელსმა არ გაგვითვალისწინოს. როგორც ვიცით, ისინი ისევე სერიოზულად ემზადებიან ჩვენთან სათამაშოდ, როგორც შოტლანდია ემზადებოდა. უიმედოდ არც ჩვენ ვართ, მით უმეტეს, რომ 2017 წელს კარდიფში საკმაოდ დრამატული თამაში გვქონდა. ვფიქრობ, ეს შეხვედრა უელსელთა მეხსიერებაშიცაა ჩარჩენილი, რადგან ისინი ყველამ გააკრიტიკა, განსაკუთრებით, მწვრთნელები. ველოდებით აგრესიულ, დაძაბულ თამაშს, სადაც ორივე გუნდი მაქსიმალურად მონდომებული იქნება. უელსელები ეცდებიან, ორი წლის წინანდელი კრიტიკის შემდეგ მსოფლიოს დაანახონ, რომ მეტი შეუძლიათ, თუმცა იოლად არაფერს დავთმობთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ."
"ბორჯღალოსნები" უელსის ნაკრებს 23 სექტემბერს, ქალაქ ტოიოტაში, თბილისის დროით 14:15 საათზე ეთამაშება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით