5 დებიუტანტით შოტლანდიასა და რუსეთთან - მაისაშვილმა "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1-ელ ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა.

14 ნოემბრიდან "ბორჯღალოსნები" „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაერთვება, სადაც 14 ნოემბერს ინგლისს, 21 ნოემბერს უელსს, 29 ნოემბერს ირლანდიას და 5 დეკემბერს მეორე ჯგუფის ერთ-ერთ გუნდს (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) ეთამაშება.

„გამოძახებულია ყველა, ვინც ამ ეტაპისთვის მზა
დაა და ვისი საქმეში ხილვაც მინდა. რეგულაციებიდან გამომდინარე, შოტლანდიასთან მატჩამდე ეს სია შემცირდება და საფრანგეთში შეკრებაზე 32-33 მორაგბე გვეყოლება. არის პოზიციები, სადაც ჯერ კიდევ არ ჩამოვყალიბებულვართ, ვინ მიიღებს მონაწილეობას პირველ ორ თამაშში. „შემოდგომის ერთა თასისთვის“ გაფართოებული შემადგენლობის ბირთვი იგივე იქნება. შესაძლოა, იყოს მცირე ცვლილებები“ – განაცხადა შემადგენლობასთან დაკავშირებით ლევან მაისაშვილმა.

ხუთი დებიუტანტი

გაფართოებულ რაზმში ხუთი დებიუტანტია: "ბორდოს" 28 წლის ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, "ბაიონის" ახალგაზრდა მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი, "ორიაკის" 9 ნომერი მიხეილ ალანია, რომელსაც პრო დე 2-ში ახლახან შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა, 20-წლამდელთა ნაკრების შუამარბი სანდრო სვანიძე და დავით ნინიაშვილი, "ხვამლის" ფულბეკი, რომელსაც აქამდე მხოლოდ 18-წლამდელთა ნაკრებში და საქართველოს რეგიონალ ლიგაში უთამაშია.

მაისაშვილმა დებიუტანტები სათითაოდ დაახასიათა:

„ლექსო ყაულაშვილს დავურეკე და მან მითხრა, რომ სურს საქართველოს ნაკრებში თამაში. მე მას დიდი ხანია ვაკვირდები. მართალია, საფრანგეთში ჯერ ბევრი ტური არ ჩატარებულა, მაგრამ ის ხშირად თამაშობდა და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ფიზიკურად კარგადაა და შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ბურჯად თამაში. ჩვენ მას დავაკვირდებით და თუ ჩაჯდება გუნდის შემადგენლობაში, შოტლანდიასთან ან რუსეთთან ითამაშებს“.

„მიხეილ ალანიას კარგად ვიცნობ, ის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მსოფლიო თასის წინაც გვყავდა. მუდმივად ვაკვირდებოდი მის დინამიკას და კარგად ვითარდება. ალანია პერსპექტიული მოთამაშეა და ჩავთვალეთ, რომ დროა ეროვნულ ნაკრებშიც თქვას თავის სიტყვა. დარწმუნებული ვარ, ის მისი პოზიციის მოთამაშეებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს“.

„იგივე ითქმის იოანე იაშაღაშვილზე, რომელსაც კარგად ვიცნობთ 20-წლამდელთა ნაკრებიდან. საფრანგეთში, კლუბში დაბრუნებამდე, ის მაისიდან ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და დარწმუნებული ვარ, თავს ძალიან კარგად წარმოაჩენს“.

„კარგად ვიცნობ სანდრო სვანიძის შესაძლებლობებსაც, რომელმაც 20-წლამდელთა ნაკრებში კარგი თამაშები ჩაატარა და ეროვნულშიც გვყავდა შეკრებაზე“.

„რაც შეეხება დავით ნინიაშვილს, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ითამაშა მხოლოდ 18-წლამდელთა ნაკრებში, ასევე, "ხვამლის" შემადგენლობაში რეგიონალ ლიგაში და გამოცდილება აკლია. ის არის პერსპექტიული, კარგი უნარ-ჩვევების მქონე მორაგბე. ნინიაშვილი ნაკრებთან ერთად მაისიდან ვარჯიშობს და ფიზიკურადაც კარგ ფორმაშია. არის მეორე მომენტიც – ამ პოზიციის მორაგბეებით განებივრებულნი არ ვართ და მნიშვნელოვანია სიღრმეების გაზრდა. დარწმუნებული ვარ, გონიერი მოთამაშე ამ ტიპის გამოცდილებას გამოიყენებს და გამოცდილების მიღების შანსიც ექნება. რამდენად მოუწევს მას შოტლანდიასთან ან რუსეთთან თამაშის შესაძლებლობა, მომავალში გამოჩნდება“.

ყველანი მეორე ხაზში

გამოცდილი მორაგბეების – გიორგი ნემსაძისა და შალვა სუთიაშვილის ნაკრებიდან წასვლის ფონზე, მაისაშვილმა მეორე ხაზში ექვსი მორაგბე გამოიძახა. მათ შორისაა "ორიაკის" მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, რომელსაც "ბორჯღალოსანთა" კვართით ერთხელ, შარშან ესპანეთის წინააღმდეგ უთამაშია:

„მაშინ მან ნაკრებში მესამე ხაზში ითამაშა, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ძირითადი პოზიცია მეორე ხაზია. ეს ჩვენთვის პრობლემური პოზიციაა და მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა გამოვიძახეთ. საფრანგეთში შეკრებაზე ყველა გვეყოლება, დავაკვირდებით და შერკინებისა და დერეფნის მწვრთნელებთან ერთად გადავწყვეტთ, ვინ გვეყოლება თამაშებზე“.

9 დღე საფრანგეთში

ის "ბორჯღალოსნები", რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ ან უკვე საქართველოში არიან, 21სექტემბრიდან შეკრებაზე „შევარდენზე“ შევიდნენ. ისინი იქ თვითიზოლაციის პირობებში 11 ოქტომბრამდე დარჩებიან, მერე კი საფრანგეთში გაემგზავრებიან.

მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, "ბორჯღალოსნებს" სამი დღით ლეგიონერებიც შეუერთდებიან და მანდელიუში ივარჯიშებენ, მერე კი თამაშებისთვის კლუბებს დაუბრუნდებიან და ორშაბათს კვლავ საწვრთნელ ბანაკში გამოცხადდებიან.

ედინბურგში საქართველოს ნაკრები თამაშამდე სამი დღით ადრე ჩავა.

გაფართოებული რაზმი შოტლანდიასთან და რუსეთთან:

შერკინება

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (61 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), ლექსო ყაულაშვილი, შალვა მამუკაშვილი (74 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (58 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), ლევან ჩილაჩავა (54 კეპი, 50 ქულა), ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (19 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი:
კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (25 კეპი), დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (1 კეპი);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (27 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (12 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (25 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (57 კეპი, 60 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი), იოანე იაშაღაშვილი;

ხაზი

9: ვასილ ლობჟანიძე (51 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (25 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია;

10: თედო აბჟანდაძე (15 კეპი, 102 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (66 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (24 კეპი, 20 ქულა), დემე თაფლაძე (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა მალაღურაძე (99 კეპი, 198 ქულა), თამაზ მჭედლიძე (57 კეპი, 35 ქულა), სანდრო სვანიძე;

11-14: აკაკი ტაბუცაძე (2 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (85 კეპი, 70 ქულა), ზურაბ ძნელაძე (11 კეპი, 15 ქულა);

15: სოსო მათიაშვილი (27 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
რუსეთთან თამაში რომ გადაიდოს, ხომ არ სჯობს?
გიორგი
09 ოქტომბერი 2020 00:21
0
მათიაშვილი ძალიან სუსტია. ცუცქირიძე და მოდებაძე ძალიან დააკლდება გუნდს. ორივეს ტრამვა აქვს?
გიორგი
09 ოქტომბერი 2020 00:18
0
მოკლედ რაგბის კავშირში არის ,,ვიღაც" მოკალათებული,რომელსაც ცოცხალი თავით არ სურს ზურა ჟვანია ნაკრებში... ასეა ეს
სიმართლე
05 ოქტომბერი 2020 09:33
0
შეიძლება სუბიექტური ვარ მაგრამ მგონია, რომ ჟვანია უნდა იყოს ნაკრებში. დინამიკაში ძალიან კარგია ჩემი აზრით და ბრიტანულ გუნდებთან თამაშის გამოცდილებასაც აქვს ჩემი აზრით მნიშვნელობა.
---
01 ოქტომბერი 2020 15:46
0
ამ შემადგენლობით რუსეთთან უნდა გვეთამაშა
მთ
01 ოქტომბერი 2020 12:23
0
ჟვანიამ "აცრილებში" გადაინაცვლა??? სამწუხაროა!!!
ემიგრანტი ქაქუცა
01 ოქტომბერი 2020 09:01
1
ძალიან სუსტი უკანა ხაზი გვყავს, გაგვხევენ გრანდები
ტყეშელაანთ გიჟი
01 ოქტომბერი 2020 02:25
4
ჩანს,ჭკვიანი უფრო ხარ,ვიდრე გიჟი...
....
01 ოქტომბერი 2020 08:37
0
იქნებ დაწეროთ მოდებაძე და ცუცქირიძე რატომ არ არიან? მადლობა
პაატა
01 ოქტომბერი 2020 02:02
1
ჟვანიას ესეც არ იძახებს?
ddgfdf
30 სექტემბერი 2020 23:09
0
ცუცქირიძე სად არის ?
გიორგი
30 სექტემბერი 2020 22:40
1
ტრავმირებულია
: )))))))
30 სექტემბერი 2020 22:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული