9 ნოემბრის ონლაინპრესკონფერენციის დროს, The Telegraph-ის, The Times-ისა და The Guardian-ის ჟურნალისტებმა 27 წლის კაპიტანს "ჰართპურში" გატარებული პერიოდი გაახსენეს.
შარიქაძის წინასწარმატყველება
გენჯი ინგლისის ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს და 19 კეპი მოიხვეჭა. მან ორჯერ ითამაშა 2019 წლის მსოფლიო თასზე, ჰილის სანაკრებო დებიუტი კი რამდენიმე დღის წინ, იტალიის ნაკრებთან შედგა. შარიქაძემ გაიხსენა ის დრო, როდესაც ჰილს დიდი რაგბის თამაში უწინასწარმეტყველა:
„მათთან რამდენიმე შესანიშნავი წელი გავატარე და ბევრი რამ ვისწავლე. ჯონს ალბათ არ ემახსოვრება, თუმცა მე კარგად მახსოვს დღე, როდესაც ის რატომღაც იმედგაცრუებული იყო და ამბობდა, რომ უმაღლეს დონეზე ვერასდროს ითამაშებდა. მე მას შევხედე და ვუთხარი: "ნუ განიცდი, მოვა დრო და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდები". ახლა ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს დაიმსახურა. გენჯთან და ჰილთან მოედანზე შეხვედრა საინტერესო იქნება".
"ბევრმა ადამიანმა იშრომა, რათა ჩვენ აქ გვეთამაშა"
"ძალიან ბევრმა ადამიანმა იშრომა იმისთვის, რომ ჩვენ მსგავსი დონის ტურნირში მიგვეღო მონაწილეობა. წინა თაობების მორაგბეები, რაგბის კავშირის თანამშრომლები, წლების განმავლობაში შრომობდნენ, რათა ეს შესაძლებლობა მიგვეღო. გულშემატკივრები ჩვენგან კარგ თამაშს ელოდებიან და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. უნდა ვაჩვენოთ, რომ მომავალშიც ვიმსახურებთ ამას".
"გულშემატკივრებს მოსწონთ ჩვენი თავდადება, ბოლომდე ბრძოლა და ისინი კარგი თამაშის მოლოდინში არიან. კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ და გამარჯვება ურთულესი იქნება, თუმცა გვსურს, რომ მათ წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო ვერსიით წარვდგეთ. და როდესაც ტურნირი დასრულდება, თუ იმაზე უკეთესი გუნდი ვიქნებით, ვიდრე მის დაწყებამდე ვიყავით, ვიტყვით, რომ წარმატებული "რვა ერი" გვქონდა. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ".
rugby.ge