გიორგი ნემსაძე: მეორე ხაზში "ჭყინტები" გვყავდნენ - "ბორჯღალოსნების" პროგრესი გაგრძელდება

AutoSharing Option
ვეტერანი "ბორჯღალოსანი" გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ "შემოდგომის ერთა თასზე" გუნდმა დიდი გამოცდილება შეიძინა და იმედოვნებს, რომ პროგრესი გაგრძელდება.

"ყველა ასეთი ტურნირი, ასეთი მაღალი დონის თამაში გვაჩვენებს, თუ სად ვართ და რამდენით ჩამოვრჩებით ტიერ1-ის გუნდებს, საითაც ჩვენ მივისწრაფვით. ასევე გვაჩვენებს, თუ რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. ტურნირის დადებითად შეფასება ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ არც უარყოფითად უნდა შეფასდეს", - ამბობს 36 წლის ვეტერანი, რომელსაც 2005-19 წლებში "ბორჯღალოსნების" კვართით 95-ჯერ უთამაშია.

საქართველომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შოტლანდიასთან "მარიფილდზე" ტესტ-მატჩი გამართა, 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის
ჩათვლით კი, "შემოდგომის ერთა თასზე" ინგლისს, უელსს, ირლანდიას და ფიჯის ეთამაშა:

„შოტლანდიასთან მატჩით დაწყებული, თამაშიდან თამაშამდე იყო გაუმჯობესება. თუ არ ჩავთვლით ფიჯისთან შეხვედრას, გვქონდა დიდი წინსვლა. შოტლანდიასთან შეხვედრით გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ პანდემიის შემდეგ პირველი თამაში იყო, მორაგბეთა უმეტესობას რვა თვე არ ჰქონდა ნათამაშები და იმედს ვიტოვებდი, რომ გაუმჯობესება იქნებოდა.

ინგლისთან თამაშს კარგს ვერ დავარქმევ, მაგრამ აშკარად იყო უკეთესობა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ინგლისი ტურნირის გამარჯვებული გახდა და ჩვენ წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობით, მაქსიმალური მობილიზებით ითამაშა.

მერე იყო უელსთან შეხვედრა, რომელმაც გადახალისებული შემადგენლობა დაგვიყენა და ჩემი აზრით, გამარჯვებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს სათქმელად ადვილია, შესასრულებლად კი - ძნელი. უელსის შემადგენლობას რომ ვუყურებდი, ყველა მოთამაშეს ვცნობდი, ზოგი ჩემი თანაგუნდელი იყო და ყველა მათგანს ზურგს უმაგრებს პრო 14-ში თამაშის გამოცდილება. ამ დროს ჩვენი მოთამაშეების უმრავლესობა კლუბში დიდი ხნის უთამაშებელი იყო. სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სათამაშო ხარისხი ბევრად მაღალი იქნებოდა, მაგრამ როდესაც დიდი 10-იდან ამ დონეზე ხვდები, ძალიან რთულია ქულების აღების შანსი, რომლებიც გეძლევა, სათანადოდ გამოიყენო.

ყველაზე მეტად კმაყოფილი ირლანდიასთან მატჩით დავრჩი, იმიტომ, რომ შევუტიეთ. გვქონდა გადაბმული ფაზები, რაც ასეთი დონის გუნდებთან რთული შესასრულებელია. მე წლები ვთამაშობდი ამ დონეზე და ვიცი, როგორ აგრესიულ დაცვას თამაშობენ, როგორ სწრაფად სწევენ ხაზს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ფაზების გადაბმა და კვესელაძემ გაიტანა ტურის და ჩემპიონატის საუკეთესო ლელო.

სამწუხარო იყო ფიჯისთან თამაში. მეტოქემ ფიზიკურად დაგვჩაგრა და როდესაც ჩვენ ფიზიკურად ვიჩაგრებით, ჩვენი პლუსები ქრება".

მეტი წინსვლისთვის

ნემსაძე ამბობს, რომ "ბორჯღალოსნებს" ბოლო წლებში მუდმივად აქვს პროგრესი და წინსვლა, მაგრამ ტიერ1-ის გუნდები კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით ვითარდებიან და მათთან გათანაბრება ამის გამო ჭირს:

"2015-17 წლები, ალბათ, იყო ჩვენი ნაკრების პიკი. ამის შემდეგ გუნდს გამოაკლდა რამდენიმე ლიდერი, დაიწყო თაობათა ცვლა, რომელიც მძიმედ განვითარდა და გუნდის თამაშზე აისახა. გარდა ამისა, ჩვენ კი განვვითარდით, თითქოს მივუახლოვდით ამ დონის გუნდებს, მაგრამ ტიერ1-ის გუნდები კიდევ უფრო სწრაფად წავიდნენ წინ.

იმისათვის, რომ ჩვენი განვითარების ტემპები კიდევ უფრო მაღალი იყოს, აუცილებელია რაღაც შევცვალოთ. არ ვამბობ, რომ ამ ფინანსებით დიდი 10 პრო 14-ის დონეს გაუტოლდება, მაგრამ თუ პანდემიის გამო ჯერ ვერ გვეყოლება ფრანჩაიზი, აუცილებლად უნდა გავზარდოთ დიდი 10-ის დონე. ჩვენ ნამდვილად წინ მივდივართ, რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აშკარად ჩანს, მაგრამ არა საკმარისი ტემპებით ტიერ1-ის გუნდებთან დასაწევად".

საკუთარ თავზე მუშაობით

მაშინ, როდესაც ნემსაძე ნაკრების შეუცვლელ წევრად იქცა, საქართველოს მხოლოდ ტიერ1-ის ქვეყნების "ა" ნაკრებებთან უწევდა თამაში, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კი მაღალი დონის თამაშების რაოდენობამ იმატა.

გარდა ამისა, ნემსაძე 2007 წლიდან საფრანგეთში, ინგლისსა და პრო 14-ში თამაშობდა და გამოცდილებას კლუბებშიც აგროვებდა:

"მოედანზე რომ გავდიოდი, ვხვდებოდი, რა კუთხით უნდა მემუშავა, რაში ვიჩაგრებოდი მოწინააღმდეგესთან ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში. მერე ვარჯიშებზე ვცდილობდი ყველა ამ კომპონენტის გამოსწორებას, რათა მეც ამ დონის მოთამაშე გავმხდარიყავი.

ვფიქრობ, ზუსტად ეს უნდა დაენახათ ბიჭებს ამ შეხვედრებში - რაში გვჯობნიდნენ ინდივიდუალურად მოწინააღმდეგეები, რას და რატომ აკეთებდნენ უკეთ. ამ დეტალებზე მუდმივი მუშაობით არიან ისინი სხვებზე უკეთესი მოთამაშეები და ეს უნდა გახდეს მაგალითი. რომელ კლუბშიც უნდა ვყოფილიყავი, ყოველი ვარჯიშის შემდეგ მოთამაშეები მოედანზე ვრჩებოდით და 10-15 წუთი იმ დეტალების გაუმჯობესებაზე ვმუშაობდით, რაშიც გვიჭირდა. მწვრთნელები ყოველთვის ცდილობენ ამ დეტალების გაუმჯობესებაზე მუშაობას, მაგრამ პირველ რიგში, ეს შენი, მოთამაშის გასაკეთებელია".

"შემოდგომის ერთა თასზე" "ბორჯღალოსნები" პრაქტიკულად განახლებული მეორე ხაზით წარდგა. ექვსიდან ხუთ მოთამაშეს თითებზე ჩამოსათვლელი სანაკრებო მატჩები ჰქონდა ჩატარებული. ნემსაძე წლების განმავლობაში თავად ამაგრებდა საქართველოს ნაკრების მეორე ხაზს და დარწმუნებულია, რომ ეს ბიჭებიც შეძლებენ უმაღლეს დონეზე თამაშს:

"თაობათა ცვლა ყოველთვის იყო, მაგრამ ასე ერთიანად ნაკრებს ბირთვი არასდროს გამოსცლია. დიდი დანაკლისი იყო მეორე ხაზში, განსაკუთრებით, კოტე მიქაუტაძის ტრავმის ფონზე. ის ბიჭები, ვინც ამ პოზიციაზე გვყავდა, "ჭყინტები" არიან და ასეთ დროს "ჭყინტი" ყოველთვის იჩაგრება. მეორე ხაზში ასეთ დონეზე თამაშს დიდი გამოცდილება სჭირდება. ამ ბიჭებმა მაქსიმალურად იბრძოლეს, მაგრამ გამოცდილება და პატარ-პატარა ეშმაკობები დააკლდათ - როგორ უნდა მოიქცე რაქში, მოლის დაშლისას და ა.შ. ეს დროსთან ერთად მოდის. ყველა მათგანს ჰქონდა პროგრესი, მაგრამ დეტალების სწავლაა მნიშვნელოვანი, რაზეც ზევით ვისაუბრეთ. უნდა უყურო დეტალებს და ისწავლო, რათა გქონდეს მეტი პროგრესი და სწრაფად მოხდეს შენი განვითარება, რაც მერე მთელ გუნდზე აისახება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
უნდა ჩამოყალიბდეს ორი გუნდი, ერთი რომელიც ერთა ლიგაში ითამაშებს და მეორე ლეგიონერების ნაკრები, რომელიც მასეთ გუნდებს ეთამაშება.
ddgfdf
19:49 22-12-2020
1
ნემსაძე კიდევ საჭიროა ნაკრებისათვის, ბიჭებსაც გამოცდილებას გაუზიარებს, განსაკუთრებით მე-2-ე ხაზელებს ...
გლახუნა
18:58 22-12-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული