დღეს, 14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის ევროპის გათამაშების ფარგლებში გასვლაზე ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 25:19.
შეხვედრა ჩვენი ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ჯალაღონიამ მასპინძელთა ჩათვლის მოედანი დაალელოვა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 0:7.
მალე კი ესპნალებმა გაგვითანაბრეს - ლელო ლინკლაითერმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად გუემესმა დაარტყა - 7:7.
საქართველოს გუნდი მე-17 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გუემესმა ჯარიმითვე გვიპასუხა და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა - 10:10.
მეორე ნახევარი აქტიურად ესპანელებმა დაიწყეს და გუემესმა მეორე ჯარიმა გაიტანა - 13:10.
თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა მალევე მოახერხეს დაწინაურება - შარიქაძემ კარგად გაჭრა ხაზი და ტაბუცაძემ ლელო დადო. ამჯერად აბჟანდაძე არაზუსტი იყო - 13:15.
მალე ჩვენი ნაკრების შეტევას მასპინძელთა მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა და აბჟანდაძემ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 13:18.
მაგრამ, შორს ესპანელებმა ისევ არ გაგვიშვეს და 66-ე წუთზე მათი მხრიდან ლელოს ავტორმა ლინკლაითერმა ჯარიმა გაგვიტანა - 16:18.
67-ე წუთზე კი ბორჯღალოსნებმა კარგი მოლი დააყენეს, რომელიც ლელოთი ჯაბა ბრეგვაძემ დაასრულა, აბჟანდაძე გარდასახვაზე ზუსტი იყო - 16:25.
ბრძოლისუნარიანობა ამ შეხვედრაში მასპინძლებს არ დაეწუნებოდა - მალანიას დაუფარეს, აბჟანდაძეზე 3 კაცი მივიდა და დავჯარიმდით. ჯარიმა ზუსტად ლინკლაითერმა დაარტყა - 19:25.
ამის შემდეგ ქულები არცერთ გუნდს არ მოუპოვებია და საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მოიგო.
"ბორჯღალოსნებს" 2 ტურის შემდეგ აქტივში 2 გამარჯვება აქვთ და მომავალ კვირას, 21 მარტს გასვლაზე, სოჭში რუსეთის გუნდს დაუპირისპიდება.