მეტოქეები | სამოა ოთხი წლის შემდეგ ბრუნდება

AutoSharing Option
მანუ სამოა საქართველოს მეოთხედ ეწვევა და 12 ნოემბერს "ბორჯღალოსნებთან" ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს.

წლის ბოლო საშინაო შეხვედრა „დინამო არენაზე“ 18 საათზე დაიწყება.

სამოას კუნძულებზე რაგბის თამაში 1920 წელს დაიწყეს. მალე ნაკრებიც შეიქმნა და 1924 წელს ფიჯისთან პირველი შეხვედრა გამართა. სამოელებმა ყველაზე დიდი სხვაობით 2009 წელს პაპუა-ახალ გვინეასთან მოიგეს (115:7), თავად კი ერთი წლით ადრე ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ (14:101).

სიძლიერიდან გამომდინარე, მათ ხშირად უწევდათ წამყვან სარაგბო ქვეყნებთან თამაში და 1991-2014 წლებში რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვებაც მოიპოვეს – 5-ჯერ იტალიასთან (7 თამაშიდან), 4-ჯერ უელსთან
(10 თამაშიდან), 3-ჯერ არგენტინასთან (4 თამაშიდან), თითო-თითოჯერ ავსტრალიასთან, ირლანდიასა და შოტლანდიასთან.

1991 წლიდან დღემდე, სამოამ ყველა – 8-ვე მსოფლიო თასზე ითამაშა და ორჯერ მეოთხედფინალშიც გავიდა (1991, 1995). 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური კუნძულელებმა ოკეანეთი1-ის სახელით მოიპოვეს და საფრანგეთში "დ" ჯგუფში, ინგლისთან, იაპონიასთან, არგენტინასა და ჩილესთან მოხვდნენ.

ზაფხულში სამოელებმა წყნარი ოკეანის თასზე ავსტრალია "ბ", ტონგა და ფიჯი დაამარცხეს და ტიტულის მფლობელები გახდნენ. საქართველოში ჩამოსვლამდე ისინი იტალიას ეწვივნენ და 17:49 დამარცხდნენ. შედეგად, სამოა მსოფლიო რეიტინგში 74,33 ქულით მე-14 ადგილზე დაქვეითდა. საქართველო 74,51 ქულით მე-13 პოზიციაზეა. მას 0,20 ქულით უსწრებს იტალია და 0,33-ით ფიჯი. ამრიგად, თუ "ბორჯღალოსნები" 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ მოიგებს, ხოლო იტალია (ავსტრალიასთან) და ფიჯი (ირლანდიასთან) დამარცხდებიან, "ბორჯღალოსნები" სარეკორდო, მე-11 ადგილზე დაწინაურდება.

ტრადიციულად, სამოელები თამაშის წინ ასრულებენ საბრძოლა ცეკვა სივა-ტაუ-ს, რაც მეტოქის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.

ჩვენ და სამოა

"ბორჯღალოსნებს" სამოას წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია და მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვს – 3 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი, ისიც 19 წლის წინ, 2003 წლის სადებიუტო მსოფლიო თასზე პერთში 9:46. მას შემდეგ 10 წელი ველოდით კუნძულელებთან ტესტ-მატჩს და 2013 წელს, იმ დროისთვის უძლიერეს სამოას თბილისში 16:15 ვაჯობეთ.

2016 წელს წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტურნეზე მყოფმა "ბორჯღალოსნებმა" მეტოქესთან ფრედ, 19:19 ითამაშა. იმავე წელს სამოა თბილისში მივიღეთ და 20:16 დავამარცხეთ, ბოლოს კი 2018 წელს „ავჭალაზე“ ვუმასპინძლეთ და დიდი ჩამორჩენის მიუხედავად, საბოლოოდ 27:19 გავიმარჯვეთ. სამოელებს 3-ჯერ ვეთამაშეთ თბილისში – ორჯერ ვაკეში და ერთხელ ავჭალაში, წელს კი პირველად ვერკინებით „დინამო არენაზე“.

2003 წლის მატჩის შედეგად, გატანილ და გაშვებულ ლელოებსა და ქულებში მეტოქე ლიდერობს. სამოასთვის საქართველოს გატანილი აქვს 7 ლელო და მიღებული 13, ხოლო ქულების თანაფარდობა 91:115-ზეა.

მსოფლიო რაგბის მიერ წესებში შეტანილი ცვლილების შემდეგ თბილისში ორი სამოელი „ოლ ბლექსი“ მოდის – სტევენ ლუატუა, რომლის ანგარიშზე ახალი ზელანდიის კვართით 15 მატჩია და ჯეფრი ტოომაგა-ალენი (1 კეპი). გუნდშია დუნკან პაია’აუა, რომელიც ავსტრალიის ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა დებიუტი არ მოუწია.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ის სამოა 2010-13 წლებში რო იყო ავსტრალიას უგებდა. იმაზე ძლიერ არა, მაგრამ რაც ვნახეთ ბოლო თითქმის 10 წლის განმავლობაში შედარებით გაძლიერებული და მობილიზებულია ძალიან მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილების მქონე მორაგბეებით. ერთი შეთამაშებულები არ არიან და ღმერთმა არ ქნან ჩვენთან შეთამაშდნენ მაინც და მაინც.
0
საკმაოდ ძლიერი გუნდი მოდის, რომელიც თუ უკეთესი არ არის, არც ჩამორჩება 2013 წელს ჩვენს მიერ დამარცხებულს. ნამდვილად საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გველის
: )))))))
10:13 09-11-2022
0

სიახლეები პოპულარული