"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები

AutoSharing Option
დღეს, მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ბოლო ტესტ-მატჩს ედინბურგში შოტლანდიასთან ჩაატარებს. მასპინძლები ჩვენს გუნდს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან. შეხვედრამდე კომენტარი "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი: "ჩემი შეფასება ამ გუნდს არ სჭირდება. ნახეთ, როგორი მოსამზადებელი თამაშები ჩაატარა. აბსოლუტურად დაბალანსებულია, მაღალი კვალიფიკაციის მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს დიდი შესაძლებლობა და გამოწვევაა, რასაც ვაფასებთ. პირველი გუნდი დაგვიყენეს და საუკეთესო შემადგენლობა. მახსოვს, ბოლოს, როდესაც მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ, ეს ტრიბუნა ცარიელი და უჩვეულოდ
დადუმებული იყო. ხვალინდელ მატჩს ყველანი მოუთმენლად ველოდებით. ეს სტადიონი გაივსება და აქ ისეთი ატმოსფეროა, ნებისმიერი ადამიანი ინატრებდა ხვალ ჩვენს ადგილზე ყოფნას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დიდი მოლოდინი გვაქვს და ვნახოთ. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა".

მერაბ შარიქაძე: "მეტოქე ნამდვილად საუკეთესო ფორმაში ხვდება ჩვენთან შეხვედრას, ფანტასტიკურად თამაშობენ. ერთი მატჩი საფრანგეთს მოუგეს, მეორე პატარა ანგარიშით წააგეს, ბოლოს კინაღამ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. რამდენიმე წელია მაგრად გამოიყურებიან. ვიტყოდი, რომ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ. 2022 ძალიან დასამახსოვრებელი წელი გვქონდა. 2023 წელსაც შევძელით არაერთი გამარჯვების მოპოვება, თუმცა ისეთ ძლიერ მეტოქესთან არ გვითამაშია, როგორიც შოტლანდიაა და ამაშია ამ დაპირისპირების მთელი შინაარსი, რომ გამოვცადოთ საკუთარი თავი, ვნახოთ, სად ვართ და თუ რაიმე პრობლემა იქნება, სჯობია ამან ახლა იჩინოს თავი, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე".

"მარიფილდზე" მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რაგბი ისეთი სპორტია, სადაც ყველა თამაშში ბოლომდე უნდა დაიხარჯო. სამწუხაროდ ტრავმა თანმდევია ამ საოცრად ვაჟკაცური სპორტისა, თუმცა ამის შიშით ბოლომდე არ დახარჯვა, ან ძლიერ გუნდთან ნანატრ ტესტზე უარის თქმა არ არის სწორი.
ბილომდეც დაიხარჯებიან, თავსაც შეაკლავენ და მოედანს თავაწეულები დატოვებენ, როგორც ყოველთვის!

თქვენი ჭირიმე, არ შედრკეთ,
ბიჭებო, ქართვლის შვილებო,
გული ჩაიდეთ მაგარი,
ბრძოლაში გამოცდილებო!!!
გულ-შემატკივარი
11:40 26-08-2023
0
გულანთებულო, ნაღდო პატრიოტებო! თქვენით ვამაყოფთ მუდამ. თქვენ რომ მინდორზე ხართ, ვიცით - ყველაფერს დებთ ბრძოლაში. არასოდეს არ გვრცხვენია თქვენი გულშემატკივრობა, თქვენი სიყვარული. გაიხარეთ. წარმატებებს გისურვებთ ერის და ქვეყნის გასახარებლად.
alexandre
11:14 26-08-2023
0

სიახლეები პოპულარული