ჩემპიონთა თასი
ყველაზე პრესტიჟულ "ჩემპიონთა თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ხუთი ფრანგული გუნდი ასპარეზობს. A ჯგუფიდან პლეი ოფში გაღწევას შეეცდება ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი". თუმცა, საამისოდ მას დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს, რადგან მეტოქედ ორი ინგლისური კლუბი "ვოსფსი" და "ჰარლიქვინზი", ასევე ირლანდიური "ალსტერი" ერგო. პირველ ტურში ჩვენებურთა გუნდი სტუმრად ეთამაშება "ჰარლიქვინზს".
B ჯგუფში ითამაშებს დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილის, ოთარ გიორგაძისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონი". მისი მეტოქეების სია კიდევ უფრო შთამბეჭდავია. "ვულკანების" მეტოქე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, ინგლისური "სარასენზი",
ვერაფრით ვიტყვით, რომ გაუმართლა C ჯგუფში მოასპარეზე მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიეს". მას აქ მეტოქეობას ინგლისის ჩემპიონი "ექსეტერი", საუკეთესო ირლანდიური გუნდი "ლენსტერი" და ასევე საუკეთესო შოტლანდიური გუნდი "გლაზგო უორიორსი" გაუწევენ. პირველ მატჩს "მონპელიე" სტუმრად გამართავს "ლენსტერთან.
D ჯგუფში ვასილ კაკოვინის "მეტრო რასინგი" ფავორიტად გამოიყურება. აქ მას კონკურენციას გაუწევენ, ირლანდიური "მანსტერი", ინგლისური "ლესტერ ტაიგერზი" და ფრანგული "კასტრი". პირველ შეხვედრას პარიზელები შინ გამართავენ "ლესტერ ტაიგერზთან".
E ჯგუფში, სადაც მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონი" იასპარეზებს, გამოკვეთილი აუტსაიდერი იტალიური "ბენეტონია". ჩვენებურთა გუნდს ამის გარდა უელსური "ჰლანეჰლისა" და ინგლისური "ბასის" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ტულონელები პირველ მატჩს შინ გამართავენ "ჰლანეჰლისთან".
ჩელენჯ კაპი
"ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ხუთ ჯგუფში ქართველ მორაგბეთა კლუბები ორჯერ მეტია, ვიდრე "ჩემპიონთა თასზე". ამასთან ერთად ყველა ფრანგული არაა. ისე მოხდა, რომ D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ერთბაშად სამი გუნდი იასპარეზებს. ესენია: ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" (საფრანგეთი), რომელიც ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია, ლაშა ლომიძის "ლონდონ აირიში" (ინგლისი) და ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის "კრასნი იარი" (რუსეთი). მათ მეტოქეობას შოტლანდიური "ედინბურგი" გაუწევს.
B ჯგუფში თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის "ლიონთან" ერთად ანტონ ფეიქრიშვილის უელსური "კარდიფ ბლუზი" ითამაშებს. მათ კონკურენციას "ტულუზი" (საფრანგეთი) და "სეილ შარქსი" (ინგლისი) გაუწევენ.
ორი "ქართული გუნდია" A ჯგუფშიც. ლაშა ტაბიძის "ბორდო" (საფრანგეთი) პირველ შეხვედრას კრასნოიარსკში გამართავს, სადაც ადგილობრივი "ენისეის" ღირსებას დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე იცავენ.
ორი გუნდია E ჯგუფშიც, ორივე ფრანგულია - კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი" და ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსი". ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ამ გათამაშებაში გამარჯვებაზე ჰქონდეთ პრეტენზია.
C ჯგუფში ითამაშებს თამაზ მჭედლიძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "აჟენი". მასთან ერთად აქ იასპარეზებენ - "პო" (საფრანგეთი), "ზებრე" (იტალია) და "გლოსტერი" (ინგლისი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"