ქართული რაგბის მხარდაჭერა უკრაინას

AutoSharing Option
ქართული რაგბის კლუბების, რაგბის გულშემატკივრების, რაგბის კავშირის და მისი მეგობარი კომპანიების მიერ უკრაინელი ხალხისთვის შეგროვილი დახმარება კიევში, ნიკოლაევსა და ოდესაში დარიგდა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის რაგბის კავშირმა საკვებისა და პირველადი საჭიროებების ნივთების შეგროვება დაიწყო. რაგბის კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძე "ბორჯღალოსან" დიმიტრი ბასილაიას (38 კეპი, 5 ლელო) დაუკავშირდა, რომელიც ბოლო წლები უკრაინაში მოღვაწეობს და ადგილობრივ გუნდს, "პოლიტექნიკს" ავარჯიშებს.

ომის დაწყების შემდეგ მისი გუნდის ნახევარი, ვისაც სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, ფრონტის ხაზზე წავიდა, მეორე ნაწილი კი
ადგილზე დარჩა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებასა და პატრულირებაში ჩაერთო.

„უკრაინაში ჩემს მეგობარ ბექა ყალიჩავასთან ერთად ჩამოვედი და საქმე წამოვიწყე, პარალელურად კი კიევის "პოლიტექნიკის" მთავარი მწვრთნელი ვარ. ომი რომ დაიწყო, გუნდის ნახევარი ფრონტის ხაზზე მოხალისედ წავიდა, მეორე ნახევარი კი ჩემს რესტორანში შევიკრიბეთ, საჭმელს ვამზადებდით და ქალაქის დამცველებთან ერთად მოქალაქეებსაც უფასოდ ვკვებავდით. 2-3 დღეში ამას დაემატა ჰუმანიტარული დახმარების განაწილება ბავშვებისა და მოხუცებისთვის“ – გვიყვება ბასილაია.

ამასობაში მეგობარი ერის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება საქართველოშიც დაიწყო და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოს რაგბის კავშირი.

„ამ საგმირო საქმეში ჩვენი "ბორჯღალოსნის", დიმას გვერდში უნდა ვყოფილიყავით და დავუკავშირდით როგორც კლუბებს, ასევე მეგობარ კომპანიებს. მინდა გამოვყო „კავკასიის მედიცინის ცენტრი“,. „ემერჯენსი სერვისი“, რაგბი TV და „სუთი ფაუერი“, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს. ქართული კლუბების დიდი ნაწილიც აქტიურად ჩაერთო ამ კამპანიაში. მოცულობითი ტვირთი შეგროვდა. აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეობა მიიღეს ცალკეულმა გულშემატკივრებმაც. მათი ნაწილი „შევარდენზე“ მიდიოდა და ტვირთს ისე ტოვებდა, სახელი და გვარიც არ ვიცით. მინდა ყველა მათგანს, ასევე კომპანიებს და კლუბებს, რაგბის კავშირის სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადო“ – ამბობს ნონო ანდღულაძე.

აქცენტი გაკეთდა ჩურჩხელაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინახება და კალორიულობით გამოირჩევა. ასევე შეგროვდა მედიკამენტები, ბავშვთა კვება, დიდების და პატარების ჰიგიენური საშუალებები, პამპერსი, ნაბეღლავი, მშრალი კვება და ა.შ.

ტვირთის ადგილზე ჩასვლის შემდეგ ის დიმიტრი ბასილაიას დახმარებით საჭიროების მიხედვით განაწილდა:

„ნონო ანდღულაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ რაგბის კლუბებს, მორაგბეებს და გულშემატკივრებს ჩვენი დახმარება სურდათ და გროვდებოდა ჰუმანიტარული ტვირთი, რისთვისაც მინდა ყველა მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო. საწყობი თითქმის ცარიელი იყო, როდესაც ეს დახმარება მივიღეთ. ამ დროს ირპენი და ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა და ბევრი ლტოლვილი გვყავდა, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ. სამწუხაროდ, პრობლემები სრულად ჯერ არ აღმოფხვრილა და მედიკამენტების, ბავშვთა კვების, პამპერსების და სხვა საჭირო ნივთების აუცილებლობა ჯერ კიდევ გვაქვს. ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის დახმარებას, სანამ ამის საჭიროება იქნება“ – ამბობს დიმიტრი ბასილაია.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული