თბილისის 7-კაცა "აკადემიამ" მოიგო

AutoSharing Option
თბილისის 7-კაცას გამარჯვებული "აკადემია" გახდა, რომელმაც ორდღიანი ტურნირის ფინალში "ტაოს" 21:12 სძლია.

7-კაცას ტურნირს „რაგბი პლატომ“ უმასპინძლა და მასში 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სამ ჯგუფში იყვნენ განაწილებული. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართა და 8 მოწინავე თასის მეოთხედფინალში გავიდა, დანარჩენმა ოთხმა კი მე-9 ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა.

თასის 1/4-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: აკადემია (1) – ლოკომოტივი (8), ტაო (2) – წიქარა (7), არმია (3) – ლელო (6), ყოჩები (4) – იუნკერები (5). ნახევარფინალში "აკადემიამ" "იუნკერები" 26:14, ხოლო "ტაომ" "ლელო" 24:21
დაამარცხა.

ტურნირში ყველა ადგილი გათამაშდა. მე-11 ადგილი "გარდასახვამ" დაიკავა, რომელმაც "არაგველებს" 20:14 მოუგო; მე-9 ადგილისთვის ""ვეფხვებმა" "ჯანი" 26:5 დაამარცხა. "წიქარამ" "ლოკომოტივს" 36:12 სძლია და მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო "ყოჩებმა" მე-5 ადგილი დაიკავა – "არმია" 26:19 დაამარცხა.

მე-3 ადგილისთვის "ლელომ" "იუნკერებს" 31:21 სძლია და სანახაობრივი ტურნირის გადამწყვეტი მატჩის დრო დადგა. "აკადემიასა" და ფიჯელების "ტაოს" დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. "აკადემიამ" სამი გარდასახული ლელო გაიტანა და 21:12 გაიმარჯვა.

გუნდები საქართველოს 7-კაცას მწვრთნელმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა გია ლაბაძემ და 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ დააჯილდოეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, მიხეილ ახობაძეს (აკადემია), კუთვნილი ჯილდო ბორჯღალოსანთა საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილმა გადასცა, ხოლო საუკეთესო მელელოვე გიორგი ბოლქვაძე (აკადემია) ბესიკ ჩინჩალაძემ დააჯილდოვა.

17-18 ივნისს ქუთაისის 7-კაცა გაიმართება.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული