"უმცროსი ბურჯღალოსნების" შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" (18 წ.) სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 11-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონის ზედიზედ მეხუთე ტიტულის მოპოვებას ეცდებიან.

საქართველომ 18-წლამდელთა ასაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად 2018 წელს, საფრანგეთის ძლევით მოიპოვა (8:3); 2019 წელს ესპანეთი 20:10 დაამარცხა; 2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატრდა, შარშანწინ და შარშან კი ფინალში პორტუგალიას ჯერ 27:0 და მერე 34:10 მოუგო.

წლევანდელ 26-კაციან სატურნირო რაზმში 14 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. ჩეხეთში წამსვლელ მოთამაშეთა შორის 6 ლეგიონერია, რომელთაგან 5 საფრანგეთში, ერთი
კი ინგლისში თამაშობს. დანარჩენი 20 მოთამაშე 7 სხვადასხვა ქართულ კლუბს წარმოადგენს.

„ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. საფრანგეთიდან კიდევ სამი ლეგიონერი დაგვემატა. სამწუხაროდ, მათ ჩვენთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლიათ, თუმცა დერეფნებსა თუ სხვა დეტალებზე სრული ინფორმაცია აქვთ და ინდივიდუალურად ემზადებიან. ჩეხეთში პირველ თამაშამდე სამი დღით ადრე ჩავდივართ და ვეცდებით ამ პერიოდში შეთამაშების პრობლემა აღმოვფხვრათ. სასიამოვნოა, რომ გეოგრაფია გაიზარდა და ამჯერად 18-წლამდელთა ნაკრებში რეგიონებიდან უფრო მეტი მოთამაშეა წარმოდგენილი“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ თამაშს 11 ნოემბერს გამართავს და 1/4-ფინალში ტურნირის დებიუტანტ შვეიცარიას შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება.

„შვეიცარიისგან სიურპრიზებს არ ველოდებით და უფრო მომდევნო მეტოქეებზე ვართ ფოკუსირებული. ბელგიას და ნიდერლანდებს განაცხადში მრავლად ჰყავს ლეგიონერები საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან. ვფიქრობ, მათთან თამაში საინტერესო იქნება. რაც შეეხება ესპანეთსა და პორტუგალიას, ფინალამდე ორ-ორი თამაში გვიწევს და მათ ადგილზე დავაკვირდებით. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე კარგად დაბალანსებული, მოძრავი გუნდია და ჩვენთვის უხერხული მეტოქეები არიან“ – აღნიშნავს ამონაშვილი.

18-წლამდელები დასკვნით შეკრებას ხვალ ასრულებენ, რის შემდეგაც ერთად უგულშემატკივრებენ "შავ ,ლომს" ესპანურ "იბერიანსთან", ჩეხეთში კი 7 ნოემბერს, გამთენიისას გაემგზავრებიან. რაზმში 9 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული შარშან მოიპოვა, 6 მორაგბე კი ერთი წლით უმცროსია და ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაისადაც ეკუთვნით.

18-წლამდელთა შემადგენლობა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე

შერკინება: გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), მიხეილ ხახუბია (ლელო), შოთა ხელაძე (ლელო), კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), ნიკოლოზ ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), მათე ღურწკაია (ყოჩები), გიორგი მესხიძე (ხვამლი), თემო წულუკიძე (იუნკერები), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), ნიკა აბესაძე (ლელო), ანდრო დვალი (ლელო), მიხეილ შიოშვილი (ლელო):

ხაზი: გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), გიორგი ჯაში (არმია), გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), გიორგი ხაინდრავა (ლელო), ნუგი ქევხიშვილი (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), სანდრო სესიაშვილი (არმია), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), ბუბა ნოზაძე (ბათუმი).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული