მადლობა და წარმატებები - ტარიელ ხეჩიკაშვილი "უმცროს ბორჯღალოსნებს" შეხვდა

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებს შეხვდა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინათ ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საფრანგეთში, დაბა ბრეტანში გამართულ "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე" ქართველმა მორაგბეებმა კანადისა და იაპონიიის ნაკრებები დაამარცხეს, ფინალში კი მასპინძელ ფრანგებს დაუპირისპირდნენ და 18:36 დათმეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები კი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის სწორედ "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ემზადება. შეგახსენებთ, რომ ამ შეჯიბრებას, 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ.

მინისტრმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრებს მადლობა
გადაუხადა "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე" თავდადებული თამაშისთვის, მწვრთნელთა შტაბს კი საქართველოს მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა მორაგბეებს ამცნო, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყების წინ ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელშიც ვეტერანი მორაგბეები და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ითამაშებენ. მათ შორის იქნება ყოფილი მორაგბე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
"კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე" ნაჩვენები შედეგისთვის. მოთამაშეებმა და სამწვრთნელო შტაბმა მართლაც ყველაფერი გააკეთეს და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს კი წინ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ელოდება და დღეს მათი გამხნევება მსურდა. დარწმუნებული ვარ, შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, ქართული რაგბის განვითარებას ძალიან წაადგება. ჩემი ღრმა რწმენით, ის ხუთი სათამაშო დღე, როდესაც თბილისის და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე მსოფლიო რაგბის ამომავალი ვარსკვლავები ითამაშებენ, გულშემატკივართა მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც ჩვენთან ტარდება, ბევრი ფაქტის გამოა მნიშვნელოვანი. თუნდაც ის რად ღირს, რომ ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებას პირველად მასპინძლობს სარაგბო თვალსაზრისით მეორე ეშელონის ქვეყანა.

ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ მსოფლიოს სარაგბო ოჯახში საქართველომ ჯეროვანი ყურადღება მიიქცია და ნელ-ნელა იმკვიდრებს კუთვნილ ადგილს.

ეს იმ რეფორმების დამსახურებაცაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა სპორტის კუთხით ახორციელებს. ვგულისხმობ რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ეგიდით ფონდმა "ქართუმ" უკვე დაასრულა 11 პროექტი. საერთო ჯამში, ამ დიდი და საშვილიშვილო პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს 21 სარაგბო ბაზა ექნება, რაც მართლაც შთამბეჭდავი რიცხვია".

გელა აფრასიძე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ცხრა ნომერი:
"მოსამზადებელ ეტაპზე მაქსიმალურად ვართ მობილიზებულნი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ შეჯიბრებაში შესაბამის შედეგს მივიღებთ. ფიზმომზადების ეტაპი დასრულდა და გადავედით სარაგბო ელემენტების დახვეწაზე. სამი თამაში გვექნება სამხრეთაფრიკულ "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან. ეს შეხვედრები ტაქტიკის დახვეწაში, ხელდახელ ბურთაობასა და შეთამაშებაში დაგვეხმარება".

ილია სპანდერაშვილი, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი:
"ტურნირს საბრძოლო განწყობით ვხვდებით. მეტოქეებთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ვეცდებით, მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ და გვწამს, რომ ეს შეგვიძლია. კარგად ვართ შეთამაშებულნი და, ვფიქრობთ, ჩვენი გუნდურობით წარმატებას მივაღწიოთ. ვემზადებით სამხრეთაფრიკელებთან საწვრთნელი შეხვედრებისთვის, სადაც დავხვეწთ ტაქტიკას და კიდევ უკეთ შევთამაშდებით".

ზურა ამონაშვილი, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:
"29 აპრილს, 3 და 6 მაისს "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან სამი საწვრთნელი თამაში გვექნება. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ეს თამაშები დაგვანახვებს, რა ეტაპზე ვართ და რის გამოსწორებაზე მოგვიწევს მუშაობა დარჩენილ დროში".

თედო აბჟანდაძე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მგეზავი:
"18-წლამდელთა ნაკრებში უცხოელებთან თამაშის გამოცდილება მივიღე, რაც ზრდის წინაპირობაა და მომავალში აუცილებლად გამომადგება. ფინალში მაქსიმუმი გავიღეთ, თუმცა გვქონდა შეცდომები და ჩემპიონები ფრანგები გახდნენ. მნიშვნელოვანია, რომ წინა ორი ფინალისგან განსხვავებით, ამჯერად ქულების აღება მოვახერხეთ. 18-წლამდელთა ნაკრებიდან ორნი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში მიგვიწვიეს და ახლა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვემზადებით".

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განაგრძობს მოგზაურობას. დღეს ჩემპიონატის მთავარ ჯილდოს ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში, უშგულში ჩაიტანენ. ამ აქციაში ვეტერანი მორაგბეები - ნონო ანდღულაძე და ლექსო გუგავა მონაწილეობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენი იმედი გვაქვს ბიჭებო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული