ხანგრძლივი სეზონის სირთულეებიდან გამომდინარე, "არმაზის" მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართანიანმა როტაციას მიმართა და გუნდის ლიდერები: ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი აბუსერიძე, მიხეილ არჩუაშვილი და ვილი კაიფაჯიანი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. სერიოზული საკადრო პრობლემები გააჩნდა "ჯიქებსაც". გუნდს ორი წამყვანი მოთამაშე შვიდკაცა ნაკრებში ჰყავს
"ჯიქებმა" შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებიდან დაეუფლა როგორც ტერიტორიულ, ასევე სათამაშო უპირატესობას, რაც მალევე მათმა მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ მეტოქის კარში ზუსტად გატანილ სამ საჯარიმო დარტყმად აქცია - 9:0.
"არმაზი" ნელ-ნელა გამოფხიზლდა და მასირებული შეტევებიც წამოიწყო. ერთ მომენტში მასპინძლებმა თითქოს მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი წესების სრული დაცვით დაამიწეს, მაგრამ მსაჯმა მხოლოდ ჯარიმა დააფიქსირა მათ სასარგებლოდ, რომელიც დავით კიკნაძემ კარში ზუსტად დაარტყა - 3:9.
"არმაზი" კიდევ უფრო გააქტიურდა. ის რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო ლელოსთან, თუმცა ტექნიკური წუნი არ აძლევდა ამის საშუალებას. "ჯიქებმა" წარმატებით დაიცვა თავი და საპასუხოდ მშვენიერი კონტრშეტევაც წამოიწყო. ვეფხია ტუჩაშვილმა ძალისმიერი კონტაქტით ძირს დასცა მეტოქის ბურჯი, გაჭრა ხაზი და გადამწყვეტ მომენტში დროულად გადააწოდა ნიკოლოზ სუხაშვილს, რომელსაც აღარ გასჭირვებია ლელოს გატანა. გიორგაძემ გარდასახა და კიდევ უფრო სოლიდური გახადა საკუთარი გუნდის უპირატესობა - 16:3.
მასპინძლებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და უფრო დიდი მონდომებით შეუტიეს "ჯიქებს". 33-ე წუთზე სტუმართა შუამარბმა ვლადიმერ კუპრეიშვილმა უხეში ბოჭვით შეაჩერა დავით კიკნაძე. მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა, რომელიც დაზარალებულმავე აქცია სამ ქულად - 6:16.
ორიოდე წუთში "ჯიქების" მგეზავმა კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით კვლავ აღადგინა საკუთარი გუნდის 13-ქულიანი უპირატესობა - 6:19.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე "არმაზმა" მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში მშვენივრად მოიგო აუტი, მაგრამ სტუმართა მარბიელმა ტუჩაშვილმა ჰაერში თამაშისას წესები დაარღვია, რისთვისაც არბიტრმა იგი სინბინში გაუშვა. არმაზელებმა მშვენივრად გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა. ჰავბეკმა გიორგი მისრიაშვილმა რაკიდან ბურთი აიტაცა და ჩათვლის მოედანში დაამიწა, კიკნაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა - 13:19. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.
შესვენების შემდეგ ვართანიანმა სათადარიგოთა სკამზე გამწესებული ლიდერები შეხვედრაში ჩართო, რამაც დადებითი შედეგი მყისიერად მოიტანა. კიკნაძემ 48 მეტრიდან ზუსტად დაარტყა საჯარიმო - 16:19.
თამაშში დაძაბულობამ იმატა. მოთამაშეებმა ერთმანეთზე რამდენიმეჯერ გაიწიეს. 45-ე წუთზე კაიფაჯიანმა ისარგებლა მოედანზე შექმნილი სიტუაციით, ადვილად გაჭრა მეტოქის თავდაცვითი ბარიერი, თუმცა 22-მეტრიან ზონასთან შებოჭეს. ირაკლი აბუსერიძე თითქოს მარჯვენა ფლანგზე აპირებდა შეტევის გაშლას, თუმცა მოულოდნელად დაფარული, მოკლე პასით რაკთან ახლოს არჩუაშვილი მოძებნა, რომელსაც აღარ გაძნელებია ლელოს გატანა. კიკნაძემ ამჯერადაც გარდასახა - 23:19.
შეხვედრის დასკვნით ფაზაში "ჯიქების" პირველმა ხაზმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი ძლიერი მხარე, დაჯაბნა რა მეტოქე როგორც სტატიკურ, ასევე ხელდახელ თამაშში, რის შედეგადაც გიორგაძემ 70-ე წუთზე ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი ჯერ მინიმუმამდე დაიყვანა საკუთარი გუნდის ჩამორჩენა, ხოლო 77-ე წუთზე უკვე წინ გაიყვანა "ჯიქები" - 25:23.
არმაზელებმა საკუთარი ძალების სრული მობილიზება შეძლეს, მეტოქის ნახევარზე 7-ფაზიანი შეტევა აკინძეს და უმნიშვნელოვანესი საჯარიმოც მოიპოვეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში უზადოდ მოასპარეზე დავით კიკნაძეს გადამწყვეტ მომენტში ნერვებმა უმტყუნა და ხელსაყრელი პოზიციიდან ვეღარ შეძლო ბურთის ძელებს შუა გატარება. მსაჯის საფინალო სასტვენიც მალე გაისმა. "ჯიქებმა" რევანში აიღო.
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
არმაზი-ჯიქები 23:25
არმაზი (15-9) ჩხაიძე, ხუციშვილი (მაჩხანელი 41), ლიპარტელიანი, ბროძელი (კაიფაჯიანი 41), პინაიშვილი, კიკნაძე, მისრიაშვილი; (1-8) ჯიბლაძე (მარგველიანი 41), თაგაური, ბუკია (ბეჟიაშვილი 41), კანდელაკი (არჩუაშვილი 41), ჭელიძე, ბარბაქაძე, გიგაური (მინაშვილი 41), სოსელია
2ლ: მისრიაშვილი, არჩუაშვილი; 2გ3ს: კიკნაძე
ჯიქები (15-9) სვანიძე, დევსურაშვილი (დიმ. კიკნაძე 58), ბერძული, კუპრეიშვილი (შარმაზანაშვილი 69), ბიწაძე, გიორგაძე, ნადირაძე (ჭინჭარაული 58); (1-8) ჯინჭარაძე, მამრიკიშვილი, ხატიაშვილი; გოგოლაძე (ტრაპაიძე 67), მჭედლიშვილი, ტუჩაშვილი, მოგელაშვილი (ოქრომელიძე 50), სუხაშვილი;
ლ: სუხაშვილი; 6ს,გ: გიორგაძე
სინბინი: ტუჩაშვილი
მსაჯი: გ. ჩიხლაძე
გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"