მატჩი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიმართა და სტადიონზე მისული გულშემატკივარი უაღრესად დაძაბული ბრძოლის მოწმეც გახდა.
"აია" მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდა, რადგან სხვადასხვა სახის ტრავმების გამო გუნდის ორი ლიდერი, მხტომელი თორნიკე ძაგნიძე და შუამარბი დავით ლოსაბერიძე აკლდა.
"ჯიქებს" კი შვიდკაცა ნაკრებიდან დაშავებულები დაუბრუნდნენ რამაზ ხარაზიშვილი და დიმიტრი კალანდაძე.
ქუთათურებმა შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და რამდენჯერმე ჰქონდათ ანგარიშის გახსნის მშვენიერი შესაძლებლობა, თუმცა ტექნიკური
"ჯიქები", თავის მხრივ, ძალიან კარგად თამაშობენ მოლსა და რაკში, რის ხარჯზეც მათ მთელი შეხვედრის განმავლობაში 18-ჯერ(!) დააჯარიმებინეს მთავარ მსაჯს მეტოქე.
მე-14 წუთზე მასპინძელთა მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ მორიგი მოპოვებული საჯარიმო ზუსტად დაარტყა მეტოქის კარში და ანგარიშიც გაიხსნა - 3:0.
ქუთაისელები დროულად გამოფხიზლდნენ. ექვს წუთში მათ მიერ მეტოქის ზურგში დაკიდებული ბურთი "ჯიქების" გარემარბმა აუტში არ დაარტყა და ხელდახელ შეუტია.
ქუთაისელებმა იგი დროულად შებოჭეს, ბურთი აართვეს, სწრაფი შეტევა გაშალეს ფლანგზე, თემურ ირემაძემ დროულად გადააწოდა გიორგი ფრუიძეს, რომელსაც აღარ გასჭირვებია ლელოს გატანა - 5:3.
"ჯიქებმა" თამაშის ტემპს უმატეს და გააძლიერეს ზეწოლა, რამაც შედეგი ათიოდე წუთში გამოიღო. მასპინძლებმა მეორე საჯარიმო გაიტანეს და ანგარიშში კვლავ დაწინაურდნენ - 6:5.
მეორე ტაიმის სტარტზე ამჯერად სტუმართა ფეხჩუბინ გაგა სინაურიძის დრო დადგა, რომელმაც რთული პოზიციიდან გაატარა ბურთი მეტოქის კარის ძელებს შუა და საკუთარ გუნდს 2-ქულიანი უპირატესობა მოუტანა - 6:8.
შეხვედრა უაღრესად დაიძაბა, ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა მატჩის სადავეების ხელში ჩაგდებას, თუმცა მესამოცე წუთზე კვანძი გაიხსნა.
ქუთაისელებმა საკუთარ ნახევარზე მშვენივრად მოიგეს აუტი. მოძრავი მოლიდან მათმა ცხრა ნომერმა მოულოდნელად გამოიტანა ბურთი, სერგო კვერნაძემ ცენტრში გაჭრა მეტოქის ხაზი, ათიოდე მეტრი ირბინა და ბრწყინვალედ გადააწოდა გიორგი აბრამიძეს, რომელმაც დაუბრკოლებლივ ირბინა ლელოს ხაზამდე და ძელებშუაც დაამიწა ბურთი. სინაურიძემ გარდასახა - 15:6.
მასპინძლებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და უდიდესი მონდომებით განაგრძეს ბრძოლა. ხელსაყრელი პოზიციებიდან საჯარიმო ჯერ გიორგაძემ ვერ გაიტანა, ხოლო შემდეგ ლადო კუპრეიშვილმა.
"ჯიქებმა" ტაქტიკა შეცვალეს და ძირითადი აქცენტი ლელოზე გააკეთეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბექა მამრიკიშვილმა ბურთთან ერთად მოახერხა მეტოქის ჩათვლის მოედანში შეღწევა. კუპრეიშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა გარდასახვა და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა - 13:15.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სათამაშო დისციპლინა, მეტოქეთა შორის გაწევ-გამოწევა და სიტყვიერი კამათი, რაც საბოლოოდ 71-ე წუთზე გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა, რომელმაც სამ წუთს გასტანა. მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათით ორი მასპინძელი და ოთხი სტუმარი დასაჯა.
ჯიქები - აია 13:15
ჯიქები: (15-9) შარმაზანაშვილი (კიკნაძე 51), ბიწაძე, ბერძული, კუპრეიშვილი, სვანიძე, გიორგაძე, ნადირაძე (ჭინჭარაული 50); (1-8) ჯინჭარაძე (ოქრიაშვილი 50), სვანიძე, ხატიაშვილი, გოგოლიძე (ტრაპაიძე 77), მჭედლიშვილი, ტუჩაშვილი, მამრიკიშვილი, შენგელია
ლ: მამრიკიშვილი; გ: კუპრეიშვილი; 2ს: გიორგაძე
სინბინი: კიკნაძე, ხატიაშვილი
აია: (15-9) ძნელაძე, კიკვიძე (კვერნაძე 58ს), ფრუიძე, ირემაძე, აბრამიძე, სინაურიძე, თუთბერიძე; (1-8) რატიაშვილი, მატკავა (ტორაძე 75), ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე 63), შალამბერიძე, ჩიტეიშვილი (ჯიმშიტაშვილი 71), რევიშვილი, ყურაშვილი, შაშიაშვილი;
2ლ: ფრუიძე, აბრამიძე; ს,გ: სინაურიძე;
სინბინი: აბრამიძე, მატკავა, ულუმბელაშვილი, შალამბერიძე;
მსაჯი: გიორგი გვირჯიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"