გადამწყვეტი ორი წუთი
ტურის ცენტრალურ მატჩში ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, თბილისის "ლოკომოტივმა" ავჭალის სარაგბო ბაზაზე გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ "არმიას" უმასპინძლა.
"ლოკომოტივს" სეზონის სტარტზე ყველაზე რთული
შეხვედრის მე-17 წუთზე მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათით "არმიის" კვაჭი ბექა მეკოკიშვილი დასაჯა.
ერთ წუთში რკინიგზელთა შერკინებამ იყოჩაღა და ხვთისო ელოშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო მომდევნო შეტევაში ამჯერად უკანა ხაზმა გამოიჩინა თავი.
სწრაფად გათამაშებული კომბინაცია გიორგი ბიწაძემ დააგვირგვინა მეტოქის კარის ძელებს შუა დამიწებული ბურთით. მასპინძლები 12:3 დაწინაურდნენ და ამის შემდეგ აღარ გაუშვიათ ხელიდან მოპოვებული უპირატესობა.
გიორგი აბრამიძის ლელო
"ჯიქებისა" და "აიას" უაღრესად საინტერესო დაპირისპირების მესამოცე წუთი მიმდინარეობდა. ქუთაისელები ანგარიშში წინ იყვნენ, თუმცა მხოლოდ ორი ქულით იგებდნენ, რაც მათ დამშვიდების საშუალებას ნამდვილად არ აძლევდა.
სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა "დიდი რაგბისათვის" დამახასიათებელი კომბინაცია იხილა.
ქუთათურებმა მოედნის ცენტრში მშვენიერი მოლი ააგორეს და მეტოქეს უკან დახევა აიძულეს. მოულოდნელად მათმა ცხრა ნომერმა ბურთი ხაზის მოთამაშეებს გამოუტანა. ბურთი შუამარბ სერგო კვერნაძეს მიუვიდა, რომელმაც თავისი აქტიური ქმედებების შედეგად ერთბაშად სამი მოწინააღმდეგე მიიზიდა და გადამწყვეტ მომენტში მშვენივრად გადააწოდა ფეხმარდ გიორგი აბრამიძეს, რომელსაც აღარ გასჭირვებია ძელებს შუა გადამწყვეტი ლელოს გატანა.
გადადებული მატჩი
მეოთხე ტური, მესამის მსგავსად, ნაკლული გამოდგა. რუსთავის "ხარების" და "აკადემიის" დაპირისპირება გაურკვეველი დროით გადაიდო. ამის მთავარი მიზეზი კი "ხარების" შემადგენლობაში გამეფებული ტრავმათა ეპიდემიაა.
ამჟამად რუსთაველთა ერთბაშად 13 მორაგბე მკურნალობს სხვადასხვა დაზიანებას, თუმცა ვინაიდან კლუბს გააჩნია ესპუართა გუნდი, უმაღლესი ლიგის გუნდში შექმნილი დეფიციტი სწორედ მათ უნდა შეავსონ. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ეს წესი ამოქმედდება ეროვნულ ჩემპიონატში და გამოირიცხება მსგავსი მიზეზით მატჩის გადადების შესაძლებლობა.
რკინიგზელთა ლიდერი
თბილისის "ლოკომოტივმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან, "არმიასთან" დაპირისპირებაში.
რაგბი გუნდური თამაშია, გუნდი იგებს და აგებს, მაგრამ როგორც წესი, ყველა წესიდან არსებობს გამონაკლისი. რკინიგზელთა გამარჯვება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს ნაკრების ფულბეკის, ბექა წიკლაურის შესანიშნავმა თამაშმა.
ის "არმიასთან" მატჩში გუნდის ნამდვილ ლიდერად და კაპიტნად წარმოჩინდა. წიკლაურმა რკინიგზელებს 17 ქულა მოუტანა (ოთხი საჯარიმო, ერთი გარდასახვა და ერთი არეკნი).
"ლელოს" უხვი მოსავალი
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის "ლელო" ეროვნული ჩემპიონატის ცხრილის სათავეში მეოთხე ტურის შემდეგ 15 ქულით მოექცა. ჩემპიონები უკვე ზედიზედ სამი თამაშია, ბონუს-ქულით ახერხებენ გამარჯვებას და თვალსასეირო რაგბისაც თამაშობენ.
ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 4 ტურში 15 ლელოს გატანა მოახერხა, მეტოქეს ყველაზე მეტი, 120 ქულა აართვა. მიღებული ქულებით კი მეორე ადგილზეა - 57. ყველაზე ცოტა, 47 ქულა "არმიას" აქვს.
ბომბარდირთა დავა
გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს ბომბარდირთა დავაში. ჯერჯერობით 49 ქულით პირველ ადგილზეა "არმაზის" მგეზავი დავით კიკნაძე (1 ლელო, 10 გარდასახვა და 8 საჯარიმო), მეორე პოზიციაზე იმყოფება პოლონეთის ჩემპიონატიდან მშობლიურ "ყოჩებში" დაბრუნებული თემურ სოხაძე - 40 ქულა (8 საჯარიმო, 5 გარდასახვა, 2 არეკნი), ხოლო გათამაშების ლიდერ "ლელოს" ფეხჩუბინი ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი მესამეა 39 ქულით (9 გარდასახვა, 7 საჯარიმო).
რაგბის კავშირის გადაწყვეტილება
რაგბის კავშირის გონივრული გადაწყვეტილებით, ცვლილებაა ეროვნული ჩემპიონატის მატჩების განაწილების საათობრივ ბადეში.
თბილისში არსებულ ორ სარაგბო ბაზაზე გამართული დაპირისპირებები ორსაათიანი სხვაობით გაიმართება, რაც საშუალებას მისცემს რაგბის ერთგულ გულშემატკივარს, ინტერესის შემთხვევაში, ავჭალაში დასრულებული მატჩის შემდეგ გაეშუროს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" და იქ გამართულ დაპირისპირებასაც პირველივე წუთებიდან ადევნოს თვალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"