ტურის ცენტრალურ მატჩს ქუთაისი მასპინძლობდა, თუმცა თბილისსა და ბოლნისში გამართულმა უაღრესად საინტერესო დაპირისპირებებმაც არ დატოვა გულგრილი სტადიონზე მისული გულშემატკივარი. წარმოგიდგენთ გასული ტურის შვიდ საუკეთესო მოვლენას.
"ყოჩების" მშვენიერი სტარტი
ბოლნისის "ყოჩების" ხელმძღვანელებმა სარაგბო სეზონის სტარტზე სატრანსფერო ბაზარზე მშვენივრად იმუშავეს და რამდენიმე მაღალი დონის მორაგბესთან გააფორმეს კონტრაქტი, რამაც დადებითი შედეგი მალევე მოიტანა. განვლილი ხუთი ტურის შემდეგ "ყოჩები" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან.
ბოლნისელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო შეხვედრის საწყისი წუთების
ისინი, ტრადიციულად, საკმაოდ მაღალ ტემპს სთავაზობენ მოწინააღმდეგეს და მალევე ეუფლებიან სათამაშო უპირატესობას.
ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც: "ყოჩებმა" მიმდინარე ჩემპიონატში "ჯიქებს" მე-13 წუთზე გაუტანეს ლელო, "აკადემიას" მე-16-ზე, "არმაზს" კი, ერთი წუთის დაგვიანებით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსთავის "ხარებთან" დაპირისპირებისას მომხდარი ფაქტი: სანდრო ესაკიას შეგირდებმა მატჩის მეორე და მეოთხე წუთებზე დაალელოვეს მეტოქე და სოლიდური, 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რამაც საბოლოოდ გადამწყვეტი როლიც ითამაშა მათ გამარჯვებაში.
ქუთათურთა მრისხანე უკანა ხაზი
საქართველოს შვიდგზის ჩემპიონმა ქუთაისის "აიამ" სეზონის წინ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა, როდესაც აქტიური მოთამაშის სტატუსით გამოაკლდა უნივერსალი ბესიკ ხამაშურიძე. მიუხედავად ამისა, ქუთათურები მიმდინარე ჩემპიონატში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, გაშლილ და ლაღ რაგბის თამაშობენ.
მათი დამრტყმელი ძალა ძლიერი უკანა ხაზი გახლავთ, რომელიც წამიერად გადადის დაცვიდან შეტევაში და არაერთი ლელო გააქვს კონტრშეტევებზე.
გასული 5 ტურის განმავლობაში "აიამ" 10 ლელოს გატანა მოახერხა. აქედან 9 შემთხვევაში თავი სწორედ უკანა ხაზმა გამოიჩინა (გიორგი ფრუიძე (2), დავით ლოსაბერიძე (2), გიორგი აბრამიძე (2), სერგო კვერნაძე, თემურ თუთბერიძე, ზურაბ ძნელაძე).
ქართული რაგბი, ძირითადად, მორკინალთა ძალისმიერ თამაშსა და მათ მიერ მოპოვებული უპირატესობის გამოყენებასთან ასოცირდება. ნამდვილად მისასალმებელია "აიას" სამწვრთნელო შტაბის განსხვავებული ხედვა, რომელსაც უდიდესი მოწონება ახლავს გულშემატკივართა მხრიდანაც და წარმატებაც თან სდევს.
ბრძოლა გადარჩენისთვის
საიდუმლო ნამდვილად არ გახლავთ ის ფაქტი, რომ "აკადემია" და "ბათუმი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძვიან და ისინი პლეი ოფის საგზურებზე პრეტენზიას არ გამოთქვამენ.
ამ გუნდების თბილისური დაპირისპირება უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ბედიც დრამატულად, ბოლო წუთებზე გადაწყდა.
69-ე წუთისთვის აკადემიელები ექვს ქულას აგებდნენ და თითქოს შველაც არსაიდან ჩანდა.
გადამწყვეტ მომენტში ლიდერობა საკუთარ თავზე შალვა დავითაშვილმა აიღო, რომელმაც უკანასკნელ 12 წუთში ოთხი საჯარიმო დარტყმა გაუტანა მეტოქეს ერთმანეთზე რთული" პოზიციებიდან და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.
არადამაჯერებელი "არმია"
"არმიას" ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც სამართლიანად მიიჩნევა. თუმცა ნიკოლოზ ჭავჭავაძის გუნდი ჯერჯერობით საკმაოდ მძიმედ გამოიყურება და დაუგეგმავ ქულებსაც უხვად კარგავს.
მეოთხე ტურში, "ლოკომოტივთან" მწარე მარცხის შემდეგ, იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს "არმიას" არ უნდა გასჭირვებოდა ახალგაზრდა მორაგბეებით დაკომპლექტებული "ჯიქების" დამარცხება, თუმცა გუნდმა მხოლოდ ფრეს მიაღწია და სატურნირო ცხრილში 11 ქულით მისთვის შეუფერებელ მეექვსე ადგილზეა.
ირაკლი ყიასაშვილის 15 ქულა
მეხუთე ტურის ცენტრალურ მატჩში, თბილისურ დერბიში მოქმედი ჩემპიონი "ლელო" "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში გაიმარჯვა - 20:14, რამაც საშუალება მისცა ლევან მაისაშვილის გუნდს, სატურნირო ცხრილის სათავეში ადგილი შეენარჩუნებინა.
ასეთი დონის შეხვედრებში ხშირად გადამწყვეტი კონკრეტული მოთამაშის ინდივიდუალური ოსტატობა ხდება ხოლმე.
ასე იყო ამჯერადაც: "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა თავისი გააზრებული თამაშით უდიდესი პრობლემები შეუქმნა რკინიგზელებს, საკუთარ გუნდს კი ერთბაშად 15 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ორი საჯარიმო და ორი გარდასახვა) და მატჩის გმირი გახდა.
სადავო გადაწყვეტილება
გიორგი ამირხანაშვილის გაწვრთნილი "ჯიქები" თავდადებულ თამაშს და ფავორიტებისთვის დაუგეგმავი ქულების ართმევას განაგრძობს. "არმიასთან" დაპირისპირების ბოლო წუთი მიმდინარეობდა; "ჯიქები" მეტოქეს 3 ქულით ჩამორჩებოდნენ, სამაგიეროდ, ორკაციანი უპირატესობაც გააჩნდათ.
მორკინალებმა რაკში აქტიური თამაშის ხარჯზე მორიგი საჯარიმო მოიპოვეს. სწრაფად გათამაშების და ხელდახელ შეტევის შემთხვევაში საკმაოდ დიდი იყო ლელოს გატანის და კიდევ ერთი სენსაციური შედეგის დაფიქსირების შანსი, თუმცა "ჯიქების" სამწვრთნელო შტაბმა არ გარისკა და კარში დარტყმა გადაწყვიტა, რომელიც ნუგზარ გიორგაძემ გაიტანა და მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ფრე დააფიქსირა საკუთარი გუნდისათვის - 18:18.
ლევან გოგოლაშვილი
"ყოჩების" გარემარბი ლევან გოგოლაშვილი მშვენიერ სპორტულ ფორმაშია. მან ორიოდე კვირის წინ საქართველოს შვიდკაცა ნაკრების შემადგენლობაში კარგად იასპარეზა და ლომის წილი დაიდო გუნდის წარმატებაში. ამჯერად კი საკლუბო დონეზეც გამოიჩინა თავი.
რუსთავის "ხარებთან" დაპირისპირებისას იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ. მან თავისი არაორდინარული გადაწყვეტილებებით და ცრუ მოძრაობებით დიდი თავსატეხი გაუჩინა რუსთაველებს და შეხვედრის სტარტზევე ერთმანეთზე უკეთესი ორი ლელო გაიტანა, რაც ნამდვილად ანიჭებს მას მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"