ლოკომოტივი-აია 28:19 - ძველი მეტოქეების ძველებური ბრძოლა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი 22 დეკემბერს დასრულდა. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" უძველეს მეტოქეს, ქუთაისის "აიას" დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 28:19 დაამარცხა.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო, დაძაბული გამოდგა. მართალია, ძლიერი ქარი მოთამაშეებს ხელს უშლიდა, მაგრამ ორივე გუნდს არაფერი დაუკლია, ქომაგებისთვის საინტერესო რაგბობა შეეთავაზებინა. როგორც უკვე ვთქვით, ამ გუნდების დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს. წლეულს, პირველ წრეში რკინიგზელებმა მეტოქეს სტუმრად სძლიეს და გასაკვირი არ არის, ქუთათურებს რევანში რომ სწყუროდათ.

პირველი ტაიმის მიმდინარეობა თითქოს ქუთაისელთა საწადელის ასრულებას მოასწავებდა, მაგრამ მოგვიანებით,
შესვენების შემდეგ "ლოკომოტივმა" მთლიანად შეცვალა ტაქტიკა და მეტოქე უშანსოდ დატოვა. თამაში რკინიგზელებისთვის ცუდად დაიწყო. მათ საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში უხეში შეცდომა დაუშვეს.

შედეგად, სტუმართა სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. "აიამ" ის სუფთად მოიგო და მორკინალების მიძალებით შეუტია. რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი რაკიდან შერკინების ბურჯმა ტარიელ ჩხიკვაძემ აიტაცა და ლელოში შეაღწია. მგეზავმა გაგა სინაურიძემ გარდასახა - 7:0.

ეს ანგარიში ტაბლოზე დიდხანს შენარჩუნდა. რკინიგზელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ 32-ე წუთამდე "აიას" დაცვასთან ვერას გახდნენ. მათი შედეგიანი შეტევა კი ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლის აგორებას მოჰყვა.

ბოლოს ბურთით ხელში მესამეხაზელი ლაშა ფოფხაძე იყო. ფულბეკმა და გუნდის კაპიტანმა ბექა წიკლაურმა ვერ გარდასახა - 5:7.

ოთხ წუთში ქუთათურებმა საპასუხო ლელო გაიტანეს. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 22 მეტრში აგდებული დერეფნის შემდეგ სტუმრებმა ბურთი გრძელ ფრთაზე გამოიტანეს, სადაც შუამარბმა გიორგი ფრუიძემ ცრუ მოძრაობით რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა.

რკინიგზელებმა მისი შეჩერება ზედ კარის ძელთან შეძლეს, თუმცა ფრუიძემ ბურთის ფულბეკისთვის, ზურაბ ძნელაძისთვის გადაწოდება შეძლო, რომელსაც ლელოს გატანა აღარ გასჭირვებია. სინაურიძემ იოლად გარდასახა - 14:5.

"ლოკომოტივმა" ტაიმის მიწურული შეტევაში გაატარა, თუმცა მხოლოდ საჯარიმოს გატანა შეძლო და ანგარიშში ჩამორჩენა ექვს ქულამდე შემცირდა - 8:14. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით, "ლოკომოტივი" უფრო მობილიზებული და ორგანიზებული გამოვიდა. თამაშის განახლებიდან 10 წუთში მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს.

მორკინალების მიძალების შემდეგ შუამარბმა ვახტანგ კავთიძემ იყოჩაღა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. წიკლაურმა მის მიერ გატანილი ლელო ვერ გარდასახა - 13:14.

ცხადია, "აია" გულხელდაკრეფილი სულაც არ იჯდა. ქუთათურებმა იერიში მარცხენა ფრთიდან მიიტანეს და ისევ მორკინალებმა შეძლეს მეტოქის შევიწროება. ლელო მესამეხაზელმა ბექა ყურაშვილმა გაიტანა, რასაც გუნდური ჩხუბი მოჰყვა. მატჩის არბიტრმა რკინიგზელ გივი ბერიშვილს და ქუთაისელ მერაბ მატკავას წითელი ბარათი უჩვენა. გარდასახვა სინაურიძემ ვერ გაიტანა - 19:13.

დასკვნით 20 წუთში "ლოკომოტივი" გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლა. რკინიგზელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს და მეტოქეს კიდევ ორი ლელო გაუტანეს. ჯერ თავი ისევ ლაშა ფოფხაძემ გამოიჩინა, მერე კი გიორგი გეგიას ჯერიც დადგა. წიკლაურმა ერთი გარდასახვა და ერთიც საჯარიმო მიაყოლა - 28:19.

ამ გამარჯვებით "ლოკომოტივმა" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გაიმყარა პოზიცია. გუნდისთვის, რომელიც სეზონის წინ წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს და უმრავლესობა ახალბედაა, ეს შესანიშნავი შედეგია. "აია", მართალია, ახლა მეოთხეა, მაგრამ ერთი თამაში თადარიგში აქვს.

ლოკომოტივი-აია 28:19
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ჟამუტაშვილი, ქავთარაძე, კავთიძე, ჩიტიძე, ჭინჭარაული, ზაბახიძე. (1-8) კაზალიკაშვილი, გენებაშვილი, ზარიძე (კაკაბაძე 78), გეგია, ხოლუაშვილი, ბერიშვილი, ფოფხაძე, კიკვიძე (თხელიძე 61)
4ლ: ფოფხაძე (2), კავთიძე, გეგია. 2ს,გ: წიკლაური
სინბინი: გენებაშვილი
გაძევება: ბერიშვილი
აია (15-9) ძნელაძე, ბ. ტორაძე, ფრუიძე, ირემაძე (კვერნაძე 76), აბრამიძე (შაშიაშვილი 71), სინაურიძე (ჯინჭველაშვილი 68), თუთბერიძე. (1-8) რატიაშვილი, მატკავა, ჩხიკვაძე (ულიმბელაშვილი 25), შალამბერიძე, ჩიტეიშვილი (ძაგნიძე ს64), რევიშვილი, დანგაძე (სალდაძე 61), ყურაშვილი.
3ლ: ჩხიკვაძე, ძნელაძე, ყურაშვილი. 2გ: სინაურიძე.
სინბინი: ულუმბელაშვილი
გაძევება: მატკავა
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

ბათუმი-არმია 14:54
ბათუმი: 2ლ - გოგიტიძე, მეგრელიძე. 2გ - ჩუბინიძე.
სინბინი: კაიკაციშვილი
არმია: 8ლ - დარასელია, გაგოშვილი (3), ბაირამაშვილი, კობახიძე, ტუჩაშვილი, აფციაური. 7გ - კობახიძე.

ხარები-ლელო 8:38
ხარები: ლ - თეგეთაშვილი. ს: ხუციშვილი
ლელო: 4ლ - ხორბალაძე, ხმალაძე (2), ნიჟარაძე. 3გ,4ს - ყიასაშვილი.

ჯიქები-არმაზი 6:9
ჯიქები: 2ს - გიორგაძე
არმაზი: 3ს - ნიკოლავა

აკადემია-ყოჩები 14:15 - "ყოჩების" მძიმე გამარჯვება


სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 12 9 0 3 +171 44
2. არმია 12 8 1 3 +142 41
3. ლოკომოტივი 12 9 0 3 +72 40
4. აია 11 8 0 3 +77 36
5. ყოჩები 12 7 1 4 +35 34
6. არმაზი 11 7 0 4 -13 30
7. ჯიქები 12 5 2 5 +54 30
8. აკადემია 12 1 0 11 -178 8
9. ხარები 12 1 0 11 -172 7
10. ბათუმი 10 1 0 9 -188 6

გურამ დოლენჯაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული