ეროვნულ ჩემპიონატში დასრულდა 2013 წლის ეტაპი და გათამაშება 2014 წლის 1-2 მარტს გაგრძელდება. ტრადიციულად, გთავაზობთ გასული ტურის 7 საუკეთესო მოვლენას, რომელზეც ღირს თქვენი ყურადღების გამახვილება.
ქართული სარაგბო კლასიკა
"ლოკომოტივისა" და ქუთაისის "აიას" დაპირისპირება ქართულ სარაგბო კლასიკად არის აღიარებული და, რა თქმა უნდა, მათი თბილისური მატჩი ტურის ცენტრალურ შეხვედრად მოისაზრებოდა.
ქუთაისელებს პირველ
65-ე წუთზე მოედანზე გუნდური ჩხუბი ატყდა, რომელშიც "გამარჯვებულის" გამოვლენა სარაგბო ეთიკას ეწინააღმდეგება. მთავარმა არბიტრმა მოედნიდან წითელი ბარათით დაითხოვა მასპინძელთა მარბიელი გივი ბერიშვილი, ხოლო სტუმართა მხრიდან შერკინების კვაჭი მერაბ მატკავა. "ლოკომოტივმა" სრული მობილიზება მოახდინა უკანასკნელ 20 წუთში, 15 უპასუხო ქულა გაუტანა მეტოქეს და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმა.
ყველაზე "სახიფათო" დუეტი
ქუთაისის "აია" მიმდინარე ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილები მაღალ პოზიციებს ინარჩუნებენ სატურნირო ცხრილში. "აია" ყველაზე საიმედო დაცვას თამაშობს უმაღლეს ლიგაში, მათ მიერ გატანილ ლელოთა უმეტესობა კი უკანახაზელთა ანგარიშზეა.
ქუთათურთა ძირითად შემტევ პოტენციალს განაპირობებს ფულბეკ ზურაბ ძნელაძის და შუამარბ გიორგი ფრუიძის ძალიან სახიფათო დუეტი, რომელთაც თავიანთი მშვენიერი ურთიერთქმედებით არაერთი ლელო აქვთ გატანილი.
"ლოკომოტივთან" მატჩში "აიამ" მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 20 მეტრში მშვენივრად მოიგო საკუთარი დერეფანი და ბურთი მყისიერად უკანა ხაზზე გაშალა.
ფრუიძემ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე იოლად აუარა გვერდი რამდენიმე მეტოქეს და გადამწყვეტ მომენტში, ორი რკინიგზელის მიერ შებოჭილმა, მაინც მოახერხა დროული პასი გადაეწოდებინა ძნელაძისთვის, რომელმაც ძელებს შუა დაამიწა ბურთი.
"ლელომ" ლიდერობა განიმტკიცა
კვლავინდებურად სოლიდურ რაგბს თამაშობს მოქმედი ჩემპიონი "ლელო". ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად გასვლაზე დაამარცხა რუსთავის "ხარები" - 38:8 და 12 ტურში მოპოვებული 44 ქულით კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში რუსთავის "ხარები" მედგრად იბრძოდნენ და სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ მეტოქეს.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "ლელო" ბონუს-ქულით გამარჯვებას ვერ მოახერხებდა, თუმცა დასკვნით 5 წუთში მასპინძლები ჯერ ლაშა ხმალაძემ დაალელოვა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავი სანდრო ნიჟარაძემ გამოიჩინა და 5-ქულიანი გამარჯვება მოუტანა საკუთარ გუნდს.
"არმია" მეორე საფეხურზე
სოლიდურ სპორტულ ფორმაში იმყოფება "არმია". გასულ უქმეებზე მათ სტუმრად დაამარცხეს "ბათუმი" - 54:14 და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციამდე აღზევდნენ. ნიკო ჭავჭავაძის შეგირდებს მიმდინარე გათამაშებაში უკვე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება დაუგროვდათ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი ნამდვილად არ არის.
"ბათუმთან" დაპირისპირება არმიელებმა მძიმედ დაიწყეს და საწყის 20 წუთში ორი ლელოც გაუშვეს, თუმცა ტაიმის მიწურულს სტუმრები გამოფხიზლდნენ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ 5 წუთში ლიდერობა დაიბრუნეს.
მატჩის მეორე ნახევარში "არმიამ" მეტოქე იოლად დაჩაგრა და ზღვისპირელებს წარმატებაზე ფიქრის აღარანაირი შანსი არ დაუტოვა. ბენეფისი მოიწყო სტუმართა შუამარბმა გიგა გაგოშვილმა, რომელმაც გატანილი ლელოებით "ჰეთ თრიქი" შეასრულა, ხოლო ბახვა კობახიძემ თანაგუნდელთა 8 გატანილი ლელოდან 7 ზუსტად გარდასახა.
კონკურენტთა პრინციპული ჯახი
"არმაზის" და "ჯიქების" დაპირისპირება, ტრადიციულად, ძალიან საინტერესო გამოდის ხოლმე და უაღრესად დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს მოედნის ყველა მონაკვეთზე. შეხვედრას ინტრიგას მატებდა ის ფაქტიც, რომ გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან და საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად კონკურენტები არიან.
სანახაობრივი თვალსაზრისით მატჩმა ვერ გაამართლა, თუმცა დაძაბულობა ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა. პირველი ტაიმი "არმაზმა" 9:0 მოიგო, რის შემდეგაც გამოფხიზლდნენ "ჯიქები" და მეტოქეს ორი გატანილი საჯარიმოთი უპასუხეს - 6:9. სათამაშო კიდევ 8 წუთი რჩებოდა, თუმცა, ნომინალურ მასპინძელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და "არმაზმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.
განვლილი 12 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 30-30 ქულა აქვს დაგროვებული, თუმცა "არმაზს" თადარიგში ერთი შეხვედრა აქვს დარჩენილი აუტსაიდერ "ბათუმთან". ასე რომ, პლეი ოფში მოხვედრის ფავორიტად დავით ვართანიანის გუნდი ითვლება.
სანუგეშო ქულის ხარჯზე
"ყოჩებისა" და "აკადემიას" დაპირისპირება მოულოდნელად ფიცხელ ბრძოლაში წარიმართა და არაერთხელ შეიცვალა შეხვედრაში სიტუაცია.
თავდაპირველად "ყოჩები" დაწინაურდნენ 7-ქულიანი სხვაობით, თუმცა აკადემიელებმა მშვენიერი ათწუთეული ჩაატარეს და 8:0 გაქცევა მოუწყვეს მეტოქეს, რისი წყალობითაც ანგარიშში პირველად გალიდერდნენ. ტაიმის მიწურულს "ყოჩებმა" მორკინალთა აგრესიული თამაშის ხარჯზე დაიბრუნეს დაკარგული ლიდერობა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარი სრულიად ჩააგდეს და ვერც ერთი ქულა შემატეს საკუთარ მონაგარს.
"აკადემიამ", თავის მხრივ, მხოლოდ 2 საჯარიმოს გატანა მოახერხა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 14:15. სანუგეშო ქულის აღებით აკადემიელებმა სატურნირო ცხრილში მერვე საფეხურამდე აინაცვლეს, ხოლო "ყოჩებმა" მორიგი გამარჯვებით კიდევ უფრო განიმტკიცეს საკუთარი პოზიცია საპლეიოფო ექვსეულში.
15-კაციანი მოლი
"აკადემიასა" და "ყოჩების" დაპირისპირების უკანასკნელი წუთი მიმდინარეობდა. აკადემიელები ერთი ქულით მარცხდებოდნენ და პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებმა მოსაგებად გაიწიეს. მათ მშვენივრად მოიგეს მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 20 მეტრში საკუთარი დერეფანი და უკლებლივ ყველა მოლში შევიდნენ.
15 აკადემიელის მიერ ჩამოყალიბებულმა მოლმა წინსვლა დაიწყო, თითქოს ლელოც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ერთ მომენტში ბურთი თვალთახედვის არედან დაიკარგა. მსაჯმა სამართლიანად ბურთის ჩახურვა დააფიქსირა და საფინალოდ ჩასტვინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"